რადიო თავისუფლებამ მოიძია 2 ოქტომბრით დათარიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაჯარიმებული მამაკაცის გვარია რიაბიჩენკოვი. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია რუსეთის კონსტიტუციის ნორმაც, რომელიც კრძალავს ეროვნული, რასობრივი და რელიგიური სიძულვილის გაღვივებას, ასევე ეროვნული თუ სხვა ნიშნით უპირატესობის პროპაგანდას.
მედიის ინფორმაციით, ილია რიაბიჩენკოვმა აგვისტოში სოციალურ ქსელ VKontakte-ში ნახა ვიდეო, რომელშიც კახეთის სასტუმრო „აგარანის მამულში“ რუს ტურისტზე ძალადობა იყო ასახული. ვიდეოს დაახლოებით 3 მილიონი ნახვა და 5 ათასი კომენტარი ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი ქართველების მიმართ უარყოფითი შინაარსის იყო.
რიაბიჩენკოვმა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა და სინანული გამოთქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველო ბოლომდე არ გაანადგურა.
„2008 წელს იქ ყველაფერი უნდა გაენადგურებინათ, რომ ქვის ხანაში ეცხოვრათ“, - დაწერა მან.
კომენტარი რუსეთის ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.1 მუხლით, რომელიც სიძულვილის ან მტრობის გაღვივებას ითვალისწინებს.
სასამართლოში მამაკაცმა ბრალი აღიარა და სინანული გამოთქვა. სასამართლომ გაითვალისწინა მისი უმუშევრობაც და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა (დაახლოებით 310 ლარი).
8 ოქტომბერს კურსკის ოლქის პროკურატურამაც გაავრცელა ინფორმაცია ინტერნეტში კონკრეტული ეროვნების ადამიანების მიმართ ძალადობის მოწოდების შემცველი კომენტარის გამო მამაკაცის 10 ათასი რუბლით დაჯარიმების შესახებ. უწყებას არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი ქართველებზე იყო. პროკურატურის ცნობით, კომენტარი უკვე წაშლილია.
ასევე ნახეთ
ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა- 18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“, ქორწილის სტუმრებსა და რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს. პოლიციამ ჭიღლაძე დააკავა, დაშავებული ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. 21 ივლისს სასამართლომ ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმეზე განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.