18 ივლისს, თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართული ქორწილი სტუმრებსა და სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. ისინი რუსეთიდან იყვნენ ჩამოსულები.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომლის პირველივე კადრზეა წარწერა რუსულად - „საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან გოგოებს და სცემენ მათ რუსულად საუბრის გამო“ - ჩანს, როგორ ურტყამს კაცი ქალს სახეში მუშტს.
პოლიციამ იმავე დღეს გიორგი ჭიღლაძე დააკავა, იულია ნესტერიუკი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
დაკავებიდან მეორე დღეს, ბრალის წარდგენამდე გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოჯახის თხოვნით მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებს. საუბარი არც ოჯახის წევრებმა მოინდომეს.
აქცენტი შეცვალა დაზარალებულმა მხარემაც, კონფლიქტის საფუძველი „რუსულად ლაპარაკი“ და ქალების ეთნიკური კუთვნილება არ ყოფილა; რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ამ მხრივ პრეტენზიები არ აქვთ.
ძალადობის ამსახველი ვიდეო კონფლიქტის მხოლოდ ბოლო მონაკვეთს ასახავს და იქ არ ჩანს, რა მოხდა მანამდე. ქორწილის სტუმრები და დაზარალებული ქალები დაპირისპირების დასაწყისსა და განვითარებას ერთმანეთისგან განსხვავებულად აღწერენ.
განსხვავდება მათი მონათხრობი იმის შესახებაც, გადაასხეს თუ არა ქორწილის მონაწილეებს მესამე სართულიდან სითხე, რაზე და ვინ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მეტ-ნაკლები სიცხადე შემოიტანა „აგარიანის მამულის“ განცხადებამ, სადაც ნათქვამია, რომ დაპირისპირება 20:16 საათზე დაიწყო. ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ „ქორწილის სტუმრები იყურებიან სასტუმროს ზედა სართულების მიმართულებით და მიუთითებენ გარკვეულ გარემოებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი“.
ქალები ამბობენ, რომ ეს შამპანური იყო, თუმცა უარყოფენ, რომ მათ ის განზრახ გადაასხეს ქორწილის მონაწილეებს და ამის გამო აპარატურა დაზიანდა - ეს შეუძლებელი იყო ჩვენი ნომრების განლაგებიდან გამომდინარეო.
თუმცა ქორწილზე მიწვეული მომღერლის, ალექსანდრე მრელაშვილი თქმით, აივნის გარდა, სტუმრების სასტუმროს ნომრის ფანჯარაც უყურებდა საქორწინო სივრცეს.
რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების ინტერესებს ადვოკატი ლალი აფციაური იცავს. მისი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ქალი 30 წლის იულია ნესტერიუკია, რუსეთისა და თურქეთის ორმაგი მოქალაქე, რომელიც პროფესიით ექიმია და ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.
ქორწილი და დაბადების დღე ერთ სასტუმროში
შაბათ საღამოს „აგარანის მამულში“ ქორწილი იმართებოდა. ცოლი გიორგი ჭიღლაძის ძმამ მოიყვანა და სასტუმროშიც მისი და მისი მეუღლის სტუმრები შეიკრიბნენ.
ამავე დროს, სასტუმროს მესამე სართულზე, ერთ-ერთ ნომერში ხუთი ქალი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნად შეიკრიბა.
მეგობრები საქართველოში ერთი კვირით იყვნენ ჩამოსულები - ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური.
დაშავებული იულია ნესტერიუკის თქმით, ისინი სასტუმროს ნომერში დაახლოებით 20:11-20:15 საათზე შევიდნენ. საქორწინო წვეულება ამ დრო ერთი საათის დაწყებულია.
„ჩვენ ჩამოვედით, რომ აღგვენიშნა დაქალის დაბადების დღე, ხუთნი ვიყავით, მხოლოდ გოგოები - კაცები არ ყოფილან“, - ამბობს ნესტერიუკი.
მისი მონათხრობით, მეგობრებს ერთი ბოთლი შამპანური ჰქონდათ და დაბადების დღის აღნიშვნა რამდენიმე წუთის დაწყებული იყო.
ტურისტი ქალის ინტერვიუს საკუთარ გვერდზე ავრცელებს პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია.
„აგარიანის მამულის“ ადმინისტრაციის ცნობით, იმ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, ხოლო სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში საქორწინო წვეულების შესახებ.
როგორ დაიწყო კონფლიქტი - ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოწმეების ჩვენებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მუსიკალურ აპარატურას წყალი დაასხეს. იმავეს წერს სასტუმროს ადმინისტრაციაც.
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს არ გამოუქვეყნებია ვიდეო ან სხვა მტკიცებულება, რომელშიც აივნიდან სითხის გადმოსხმა ჩანს. თუმცა საქმეს მტკიცებულებად სასტუმროს ვიდეოკამერების ჩანაწერებიც დაერთვება.
დაკავებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე, რომელიც თავადაც ქორწილის სტუმარი იყო, ამბობს, რომ მესამე სართულზე მყოფი ქალები თავდაპირველად ახალდაქორწინებულებს რუსულად მიმართავდნენ შეძახილით - „Горько!“. [მწარე ქართულად].
ტრადიციულად რუსულ, ბელორუსულ და უკრაინულ საქორწინო წვეულებებზე, როდესაც სტუმრები ამ სიტყვის ყვირილს დაიწყებენ, ახალდაქორწინებულები ერთმანეთს კოცნიან.
„ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, [ამაზე ქალები] გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება. სითხე ჩაისხა ვერანდაზე მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა“, - ამბობს ადვოკატი.
„ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს, გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს“, - კიდევ უფრო რთულად აღწერს მომხდარს თამუნა ცქიტიშვილი, დაკავებულის ნათესავი და ერთ-ერთი სტუმარი ქორწილში. მისი თქმით მას ესმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც - „პაპუასი“ და „გრუზინი სვინიი“.
„შარდი გადმოასხესო - ანალიზი ვინ ჩაუტარა შარდს? ვინ გააკეთა ანალიზი? შეიძლება ასეთი განცხადებები აკეთო?!“ - პასუხობს ბრალდებებს ადვოკატი ლალი აფციაური.
მისი თქმით, სასტუმროს ფასადის, აივნებისა და სახურავების განლაგებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალების ნომრიდან გაფანტული შამპანურის წვეთები ქორწილის სტუმრებს მოხვედროდათ.
„ორი სხვადასხვა აივანია“, - ამბობს აფციაური.
ადვოკატის ინფორმაციით, როდესაც ქორწილის სტუმრებმა ქვემოდან შამპანურის გახსნა გააპროტესტეს, ერთ-ერთმა ქალმა აივნიდან გადაიხედა და ბოდიში მოიხადა.
„შამპანურის გახსნას მოჰყვა კონფლიქტი...“ - ამბობს ადვოკატი.
აფციაური ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქორწილში დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა საჯაროდ არ გავრცელებულა ვიდეო, სადაც გამოჩნდებოდა, რომ ქალები სითხეს ასხამენ, იფურთხებიან და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობენ.
„არც ერთმა არ ამოიღო ტელეფონი და არ გადაიღო ან გინება, ან შეფურთხება, ან გადმოსხმა? არ მჯერა მე“, - ამბობს ადვოკატი და ამატებს:
„მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიტინგი ჩაატარეს ქვემოდან“.
რას ამბობს მომღერალი
ქორწილის მოწვეული მომღერალი, ალექსანდრე მრელაშვილი ადასტურებს, რომ ზემოდან სითხეს ასხამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად რა სითხე იყო. ის მომხდარის ერთ-ერთი მოწმეა.
„ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ჩაუშალეს ქორწილი... ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი“, - უთხრა მრელაშვილმა მედიას.
რადიო თავისუფლებასთან კი დააზუსტა, რომ ქორწილი არ მიუტოვებია, უბრალოდ ვითარებიდან გამომდინარე გაგრძელება შეუძლებელი იყო.
„ფაქტობრივად ჩაშალეს, ორგანიზატორები მოვიდნენ და მითხრეს, დაკვრა აღარ გამეგრძელებინა, ხალხი აიშალა.. თან გვიანი ხომ არ იყო, ახალი დაწყებული იყო ქორწილი, ერთი წელი ემზადებოდნენ ამ დღისთვის“, - ამბობს ის.
ალექსანდრე მრელაშვილი ორჯერ დაკითხეს. მეორედ დაბარება კი მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის აღძვრის საფუძველი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოკითხვის დროს მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი სივრცე დააზიანა.
თელავის პოლიციასთან შეკრებილებმა გადაიღეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეჰყავს სამართალდამცველების ჯგუფს მომღერალი უკან შენობაში, კეტავენ ფანჯარას და გარე თვალისგან დასაცავად ჟალუზები ჩამოუშვეს.
პირველადი ცნობებით ის დაკავებული იყო, თუმცა რამდენიმე საათში გამოუშვეს, მან განყოფილება კომენტარის გარეშე დატოვა.
დღეს კი აცხადებს, რომ „გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი კარგადაა“. სამართალდამცველებს მადლობასაც უხდის.
„არ ვფიქრობ, რომ რაიმენაირად პროვოცირება მოვახდინეთ... არაფერი არ გადაგვიღვრია“, - ამბობს ნესტერიუკი.
მისი თქმით, ქალები აივანზე არ გასულან და მხოლოდ ფანჯრიდან იყურებოდნენ. ამასთან, იგი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ შამპანურის გახსნის დროს შხეფები გარეთაც გაიფრქვა.
„შესაძლებელია, წვეთები მოხვდათ... მაგრამ რომ ნახოთ, ეს, პრინციპში, არარეალურია. იქ სახურავია, აივანი... არსად გავსულვართ, მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით“, - ამბობს ქალი და ამატებს, რომ სიტყვიერი კამათისას შეურაცხყოფაზე არ გადასულან.
ლალი აფციაურის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ხუთივე ქალი ალკოტესტით შეამოწმეს და ალკოჰოლური თრობა არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-ფრაგმენტები, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებამდე არსებულ ატმოსფეროს ასახავს, მასში კარგად არ ისმის კამათის შინაარსი. ჩანს სამი უცხოელი ქალი, რომლებიც სასტუმროს მესამე სართულის აივანზე დგანან და ქორწილის მონაწილეებს ინგლისურად ეკამათებიან. ერთ-ერთი ტელეფონითაც იღებს. ქორწილის სტუმრების უმრავლესობა ფეხზე დგას და ზევით ქალებისკენ იყურება, საუბრობს ერთ-ერთი სტუმარი ლევან ლომიძე.
ტურისტი ქალი: „არავის შეუძლია ჩვენთან ესე ლაპარაკი...“
ლევან ლომიძე: „არა, არა ყველას შეუძლია გელაპარაკოთ თქვენ...“
მეორე ვიდეოში ისევ ლევან ლომიძე ეკამათება მათ, უკვე რუსულად საუბრობს: „სახლში არ ხართ, თქვენ ჩვენს სახლში ხართ, ამიტომ გაჩუმდით და შედით ოთახში“.
ნესტერიუკის მტკიცებით, ამ მომენტში ის ოთახშია და კამათში არ მონაწილეობს.
ადმინისტრაციის ჩარევა
ორივე მხარის მონათხრობიდან ირკვევა, რომ სიტყვიერი დაპირისპირების დროს სასტუმროს ადმინისტრაციის ჩარევა მოითხოვეს, თუმცა მხარეები ადმინისტრაციის მოქმედებებსაც განსხვავებულად აფასებენ.
ლაშა კაპანაძის თქმით, ქორწილის სტუმრებმა ადმინისტრაციას სთხოვეს, სტუმრები გაეჩერებინა; ადმინისტრაცია მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა სითხის გადმოსხმა და ფურთხება არ შეწყვეტილა.
იულია ნესტერიუკის ვერსიით, ადმინისტრაციის წარმომადგენელი და დაცვის თანამშრომელი მათ ნომერში შევიდნენ და ქალებმა თავად სთხოვეს კონფლიქტის განმუხტვა... ადმინისტრაციის მოწოდება ქალები ოთახში დარჩენილიყვნენ, მათ დამამცირებლად აღიქვეს.
„ჩვენც სტუმრები ვართ, თანასწორ პირობებში, ისევე როგორც ის ხალხი, ვინც ქორწილს იხდიდა... სასტუმრომ არანაირად არ დაგვიცვა თავდასხმისგან“, - ამბობს ქალი.
რას აცხადებს სასტუმრო
„აგარანის მამულის“ ოფიციალური განცხადებით, სასტუმროს თანამშრომლებმა პოლიცია მაშინ გამოიძახეს, როდესაც დაინახეს, რომ ვითარება იძაბებოდა - ჯერ კიდევ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე.
მათ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ზუსტი დროის მითითებით აღწერენ, როდის რა მოიმოქმედეს. მათი მონათხრობის თანახმად, დაპირისპირება 50 წუთი გაგრძელდა.
- 20:20 - სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წუთში, სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ სტუმრებთან, დაჰყვეს იქ ექვსი წუთი და ცდილობდნენ ვითარების განმუხტვას;
- 20:28 - უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქორწინო ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასტუმრო გეგმავდა სტუმრების ალტერნატიულ ნომერში გადაყვანას; სხვა სასტუმროში გადაყვანაც განიხილებოდა.
- 20:30-დან 20:37 - სასტუმროს მიმღებ დესკზე მიმდინარეობდა ალტერნატიული ნომრის მოძიება.
- 20:39 - ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა.
„20:40 საათზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საქორწინო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ლიფტით ზედა სართულზე ავიდა. მას მყისიერად გაჰყვა სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა სანამ ლიფტი დაბრუნდა, და თანამშრომელი ავიდა მე-3 სართულზე, 20:42 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო“, - აცხადებენ სასტუმროში.
პოლიცია 20:55-ზე უკვე სასტუმროში იყო.
ქორწილის სტუმარი, ლევან ლომიძე ამბობს, რომ ვითარების პირველად დაძაბვისთანავე თავად მიმართა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და რეაგირება სთხოვა, რადგან ქორწილში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და კონფლიქტი შეიძლება გამწვავებულიყო.
„უსაფრთხოების უფროსმა მიპასუხა, რომ ყველა ზომა მიღებული იყო - პოლიცია გამოვიძახეთო და დაცვის თანამშრომელი იცავდა ამ ქალბატონების ოთახის შესასვლელს“, - ამბობს ლომიძე.
ლომიძე ეჭვქვეშ აყენებს სასტუმროს ვერსიას, რომ პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებამდე გამოიძახეს, ასევე არ სჯერა, რომ ოთახის შესასვლელთან დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებაში დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რომელ საათზე მიიღო პოლიციამ შეტყობინება. რადიო თავისუფლებამ გააგზავნა კითხვა უწყებაში, პასუხი ჯერ არ მიგვიღია, ამიტომ ლომიძის მონათხრობისა და სასტუმროს განცხადების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
გიორგი ჭიღლაძე მესამე სართულზე ადის
მას შემდეგ, რაც ქორწილში მუსიკა შეწყდა და კონფლიქტი გაგრძელდა, გიორგი ჭიღლაძე მესამე სართულზე ავიდა.
ადვოკატის თქმით, ჭიღლაძემ ქალებს ინგლისურად უთხრა, რომ მათი ქცევა მიუღებელი იყო და მათ მისი ძმის ქორწილი ფაქტობრივად ჩაშალეს. კაპანაძის ვერსიით, ქალი რუსულ ენაზე საუბარს მოითხოვდა, ჭიღლაძე კი პასუხობდა, რომ მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად დაელაპარაკებოდა.
იულია ნესტერიუკი მომხდარს სხვაგვარად აღწერს. მისი თქმით, ჭიღლაძე ოთახში „შეუვარდა“, მისმა მეგობრებმა კი კარი იმიტომ გაუღეს, რომ თავდაპირველად სასტუმროს მენეჯერი ეგონათ.
„ჩემი აზრით, იყო სრულებით არაადეკვატური. არაადეკვატური თვალები ჰქონდა და, დიახ, ჩვენ ყველას შეგვეშინდა“, - ამბობს იგი.
რა მოხდა დარტყმამდე
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს გიორგი ჭიღლაძის მესამე სართულზე ასვლისა და ქალებთან საუბრის სრული მონაკვეთი. ამიტომ უცნობია, რა მოხდა უშუალოდ ვიდეოს დაწყებამდე.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ერთ-ერთი ქალი ჭიღლაძეს ყელში სწვდა და დაზიანება მიაყენა.
„ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა“, - ამბობს კაპანაძე.
ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ ჭიღლაძემ ქალს ინგლისურად შეაგინა.
კაპანაძის ვერსიით, მოგვიანებით ოთახიდან სხვა ქალებიც გამოვიდნენ და ერთ-ერთმა ვიდეოს გადაღება დაიწყო.
„გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“, - ამბობს ადვოკატი.
ეს ჭიღლაძის დაცვის მხარის ვერსიაა. იულია ნესტერიუკი უარყოფს, რომ მან ძალადობის პროვოცირება მოახდინა, თუმცა გავრცელებულ კომენტარში დეტალურად არ აღწერს, ჰქონდა თუ არა ჭიღლაძესთან ფიზიკური შეხება დარტყმამდე.
დაზარალებული ქალების ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ, რომ გიორგი ჭიღლაძეს ყელში ან კისერში ხელი წაუჭირეს. ლალი აფციაურისთვის უცნობია, რა სახის დაზიანება აქვს კაცს და რა გარემოებაში მიიღო ის.
„ასეც რომ ყოფილიყო, ანუ შეურაცხყოფა მიეყენებინა, პოლიცია ხომ არსებობს?“ - ამბობს აფციაური.
რა ჩანს გავრცელებულ ვიდეოში
სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთა ქორწილის სტუმრებს ტურისტმა ქალებმა დაასწრეს. რუსმა ბლოგერმა, ინციდენტის მონაწილე პოლინა კურტამ სოციალურ ქსელში ძალადობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა რუსული მინაწერით:
„საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან გოგოებს და სცემენ მათ რუსულად საუბრის გამო“.
ვიდეოში ისმის:
დაზარალებული ქალი ინგლისურად: ჩემს ოთახში ხარ!
გიორგი ჭიღლაძე ინგლისურად: შენ ჩემს ქვეყანაში ხარ, დედა მო**ნულო და ჩემი ძმის ქორწილია!
ქალი რუსულად: გადი გარეთ!
ქალი ორივე ხელით გულმკერდზე აწვება გიორგი ჭიღლაძეს და ცდილობს ოთახიდან გააგდოს. ჭიღლაძე მუშტს არტყამს და მიდის, ქალი ეცემა.
კადრი არ ასახავს კონფლიქტის დასაწყისს, აივნიდან სავარაუდო სითხის გადმოსხმას, ადმინისტრაციის თავდაპირველ ჩარევას ან ჭიღლაძის ყელში ხელის წავლების შესახებ ადვოკატის მიერ აღწერილ ეპიზოდს.
ვიდეოზე დატანებული წარწერის საწინააღმდეგოდ, ლალი აფციაური ენის გამო დაწყებულ კონფლიქტს უარყოფს. ადვოკატის მტკიცებით, დაზარალებულ ქალებს არ უთქვამთ, რომ მათ რუსულად საუბრის გამო დაესხნენ თავს; რომ მხარეებს შორის კონფლიქტი ენობრივი ან ეთნიკური ნიშნით არ დაწყებულა და თავად ქალებსაც ასეთი მოტივით გამოძიების მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დარტყმის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იულია ნესტერიუკი კლინიკაში გადაიყვანა.
ლალი აფციაურის ინფორმაციით, ქალს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ მზად არ არის, თუმცა მას ცხვირი ორ ადგილას აქვს მოტეხილი და და აქვს ჰემატომა.
ადვოკატის თქმით, ქალები ამჟამად თბილისში, სასტუმროში იმყოფებიან.
დაკავება და გამოძიება
გიორგი ჭიღლაძე პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჭიღლაძე დაკავების შემდეგ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ჭიღლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. ბრალდების მხარე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, პატიმრობის უზრუნველყოფით, მოითხოვს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
დაზარალებული ქალების ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მოთხოვნით გაუთქმელობის ვალდებულება ხუთივე ქალს დააკისრეს. დოკუმენტს ხელი ადვოკატმაც მოაწერა და, მისი თქმით, მოთხოვნას არ შესწინააღმდეგებია. მათ რამდენიმე დღით საქართველოს დატოვება აეკრძალათ.
ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ჭიღლაძე პროვოკაციის მსხვერპლია და თავადაც დაზარალებულად უნდა იქნეს ცნობილი. ამ ეტაპზე უცნობია, მიანიჭა თუ არა გამოძიებამ მას დაზარალებულის სტატუსი ან მიმდინარეობს თუ არა ცალკე გამოძიება მის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა თელავის სასამართლოში, ხვალ 21 ივლისს გაიმართება. გიორგი ჭიღლაძე საპატიმროს გირაოს საფუძველზე დატოვებს.
ფორუმი