მდინარაძე კერძო სექტორში - სუსის ყოფილმა უფროსმა „საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა

მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, აგვისტოს ბოლოს პოლიტიკიდან წასულმა მამუკა მდინარაძემ ახალი კომპანია, შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ (Mdinaradze Advisory Group) დააფუძნა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იანი წილის მფლობელი კი თავად მამუკა მდინარაძე. ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა.

რადიო თავისუფლება კომპანიის დირექტორთან დაკავშირებას შეეცადა, რათა გაერკვია, რა მიმართულებით იმუშავებს ახალი კომპანია და რა სახის საკონსულტაციო მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს, თუმცა ნინო ჭანტურიამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რეესტრის მონაცემებით, შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფის“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი 12 ოქტომბერს, 12:55 საათზე შეიტანეს. განმცხადებელმა დაჩქარებული მომსახურება აირჩია, რომელიც კომპანიის იმავე დღეს რეგისტრაციას ითვალისწინებს. რეგისტრაციისა და დამატებითი მომსახურებების ჯამურმა საფასურმა 497 ლარი შეადგინა.

კომპანიის საწესდებო კაპიტალად 100 ლარია მითითებული.

ასევე ნახეთ

მდინარაძის წასვლა - პოსტიდან პოსტზე გადასვლის შემდეგ

მამუკა მდინარაძე კერძო სექტორში ადრეც საქმიანობდა

პოლიტიკაში მოსვლამდე ის იურისტი და ადვოკატი იყო, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

  • 2001-2004 წლებში მდინარაძე ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად მუშაობდა, 2004 წლიდან კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.
  • 2007-2014 წლებში ის „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი იყო, 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „ადვოკატთა ალიანსს“, ხოლო 2015-2016 წლებში შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი იყო.
  • მდინარაძე პოლიტიკაში 2016 წელს მოვიდა. ის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სხვადასხვა პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებდა.

ასევე ნახეთ

მდინარაძის 4 თანამდებობა არასრულ ერთ წელში - რა ხდება “ძალაუფლების ოლიმპოზე”?

2025 წლის სექტემბერში მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩიეს. 2026 წლის აპრილში მან ეს თანამდებობა დატოვა და მთავრობაში გადაინაცვლა, სადაც ვიცე-პრემიერისა და მისთვის შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობები დაიკავა. ივლისის ბოლოს ის რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშნეს. სექტემბრიდან მისთვის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტის შექმნაც იგეგმებოდა, თუმცა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება გაუქმდა.

27 აგვისტოს, რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან არასრულ ერთ თვეში, მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას და „პრინციპში, პოლიტიკასაც“ ტოვებდა.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

მან გადაწყვეტილება ათწლიანი ინტენსიური პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ დასვენებისა და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილით ახსნა.

მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრობდა. კითხვაზე, რამ განაპირობა თანამდებობის დატოვება, უპასუხა, რომ „ასეთი არაფერი მომხდარა, არც ისეთი“.

მდინარაძე აცხადებდა, რომ საქმიანობის გაგრძელებას უფრო კერძო სექტორში აპირებდა და არ გამორიცხავდა ბიზნესში ძალების მოსინჯვასაც.

ამასთან, პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა ბოლომდე არ გამორიცხა. მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ გუნდს ძალიან დასჭირდებოდა და სხვა გამოსავალი არ იქნებოდა.