„შემიძლია გითხრათ, რომ 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულებისა და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი“, - თქვა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მდინარაძე ამბობს, რომ გუშინ, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო დღეს, 27 აგვისტოს დილით - ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ერთად.
„მირჩევნია გავიწიო“ - მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამაში კობახიძე და ივანიშვილი დაარწმუნა.
ის უარყოფს, რომ მისი გადადგომა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
მდინარაძის თქმით, ის ძალებს სხვა სფეროში მოსინჯავს, მათ შორის, შესაძლოა, ბიზნესში.
„დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება“, - თქვა მან.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ წევრებს და ლიდერებს, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მამუკა მდინარაძე ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
- 2016 წლის შემდეგ, ის ძირითადად „ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- 2025 წლის 3 სექტემბერს მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
- სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მას პრემიერი სპეციალურ წოდებენს ანიჭებდა - 2026 წლის 20 აპრილისთვის მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა.
- 2026 წლის 21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობაში მდინარაძე ვიცე-პრემიერად და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრად დანიშნეს.
- 29 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ახალი პოსტის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, მანამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
ღარიბაშვილის განცხადებები
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებითა“ და მამუკა მდინარაძის შუამავლობით, მისგან კორუფციული დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ, სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლის აღკვეთის მიზნით.
მდინარაძე შუამავლობას უარყოფდა და ამბობდა, რომ ექსპრემიერი „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს“.
24 აგვისტოს ღარიბაშვილს ახალი, კორუფციის ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, - მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
მასალა განახლდება
ფორუმი