ყეინიშვილის სკანდალის ფონზე „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ცვლის

იცვლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების წესიც.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიმუშავეს, რომლებიც ბანკის საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და ბანკის მართვის სტრუქტურას ეხება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია.

პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, მითითებულია პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტში მისი რეგისტრაციის თარიღი, 7 ოქტომბერი. ეს მოხდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე.

ასევე ნახეთ

ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა

რა იცვლება?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიზანია ეროვნული ბანკის მმართველობითი სტრუქტურის დახვეწა, მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების გათვალისწინება.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილებებით უფრო მკაფიოდ გაიმიჯნება ეროვნული ბანკის მართვის სისტემის სხვადასხვა რგოლის უფლებამოსილებები, მათ შორის საბჭოს, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების ფუნქციები.

განმარტებით ბარათში ყურადღება გამახვილებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზეც.

კანონპროექტით, საბჭოს წევრს ეკონომიკის, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამის დარგში საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამასთან, საბჭოს შემადგენლობაში ეკონომიკისა და ფინანსების გარდა სხვა შესაბამისი დარგის პროფესიონალთა რაოდენობა ორს არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი მოთხოვნები არ გავრცელდება საბჭოს მოქმედ წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

ეროვნული ბანკის საბჭოში ამ დროისთვის ცხრა წევრია, მათ შორის პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი. მათგან ეკონომიკურ და საბანკო სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება, სავარაუდოდ, მხოლოდ ნანა ყეინიშვილს არ აქვს.

იცვლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების წესიც. თუ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და საბჭო ერთი თვის განმავლობაში ვერ შეარჩევს მის შემცვლელს, მოვალეობას ავტომატურად შეასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საბჭოს წევრად ყველაზე ადრე დაინიშნა.

ასევე ნახეთ

კობახიძე: ყეინიშვილსა და ივანიშვილს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს

ნანა ყეინიშვილის საქმე

კანონპროექტის ოფიციალურ წარდგენას წინ უსწრებდა სკანდალი, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს უკავშირდება.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის, „ბიტექსჩეინჯის“, ბიზნესის წილს ითხოვდა. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ბიზნესებს, რაც ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.

9 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.

იმავე დღეს ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

თავად ყეინიშვილი უარყოფს, რომ კრიპტოკომპანიის დამფუძნებლისგან ბიზნესის წილი მოითხოვა. მისი განცხადებით, „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან კავშირი არ აქვს.