განათლების სამინისტროს დამატებით კითხვებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პასუხობს, რომ ”21-ე სკოლა არ არის ავარიული”.
ერთი თვის წინ, როცა ამ სკოლაში სწავლა მოულოდნელად შეწყდა (და მხოლოდ რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ განახლდა), განათლების სამინისტრო ეყრდნობოდა ამავე ბიუროს დასკვნას, სადაც ეწერა, რომ აუცილებელი იყო შენობის დემონტაჟი.
21-ე სკოლის ხარაჩოებში ჩასმული შესასვლლი, 13 ოქტომბერი, 2026 წელი
მიუხედავად იმისა, რომ რემონტი დაიწყო, პედაგოგებისა და მშობლებისთვის სკოლის მომავალი მაინც არ არის ცხადი. მათ განათლების სამინისტროს მოსთხოვეს როგორც სწავლის შეწყვეტის, ისე განახლების გადაწყვეტილებები, აინტერესებთ რის საფუძველზე მოხდა ან ერთი ან მეორე.
“განათლების სამინისტროსგან მივიღეთ პასუხი, რომ მათ “ეს გადაწყვეტილება მიიღეს”. ხოლო თანდართულ დოკუმენტად იცით რა გამოგვიგზავნეს? სია - რამდენი შშმ და სსმ პირი სწავლობს სკოლაში. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება კითხვები არ გქონდეს? - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი კოტე ილაშვილი, 21-ე სკოლის მოსწავლის მშობელი.
საინიციატივო ჯგუფი განათლების სამინისტროსგან ასევე ითხოვს პასუხებს კითხვებზე:
- როდის ჩატარდება და ჩატარდება თუ არა საერთოდ სკოლის შენობის კომპლექსური ექსპერტიზა?
- სკოლისთვის ცალკე ფართი მოიძებნა თუ ვერ? ან რა ეტაპზეა ეს პროცესი?
- რემონტი რამდენ ხანს გასტანს?
- სკოლის გვერდითა შენობის - “ცხინვალის თეატრის” სკოლისთვის გადაცემის პროცესი როგორ მიდის?
სკოლის უკან დგას ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრის კუთვნილი შენობა.
"ვითხოვთ, ყოველ ეტაპზე გვითხრან არა მხოლოდ ის, რას აკეთებენ, არამედ ისიც, რას აპირებენ… ვის შეიძლება არ უნდოდეს ახალი სკოლა? ბავშვსაც რომ ჰკითხო, უნდა თუ არა ახალი სათამაშო, უარს ხომ არ იტყვის? მაგრამ ხომ იკითხავს, როდის ექნება, ან როგორი იქნება ის? ჩვენც ეს მარტივი კითხვები გვაქვს - არის კი სკოლა დასანგრევი? რამდენად უნდა ვენდოთ დასკვნებს, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა?” - გვეუბნება კოტე ილაშვილი.
დამატებით კითხვებზე საპასუხოდ სკოლის დირექტორს, შორენა ბუნტურთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ახალ რეკომენდაციაში?
მას შემდეგ, რაც 21-ე სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტას და შენობის სავარაუდო დანგრევის შესახებ ამბავს საპროტესტო აქციები მოჰყვა, განათლების სამინისტრომ ექსპერტიზის ბიუროს (ვისაც ეკუთვნის ამ სკოლის შენობის მდგომარეობაზე მომზადებული წინა ორი დასკვნა) დამაზუსტებელი კითხვები გაუგზავნა.
სამინისტროს აინტერესებდა, შენობის ტექნიკური მდგომარეობა რამდენად უქმნიდა საფრთხეს სასწავლო პროცესს და უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის რა სასწრაფო, დროებითი თუ გრძელვადიანი ღონისძიებები იყო საჭირო.
პასუხად მიიღეს, რომ რადგან სკოლა არ არის ავარიული, დროებით შეიძლება გამოყენებაო.
"არ არის ავარიულ მდგომარეობაში, მის სრულმასშტაბიან გამაგრება-რეაბილიტაციასთან ან დემონტაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლებელია მისი დროებითი ექსპლუატაციაო”- სამხარაულის ბიუროს პასუხი განათლების სამინისტროს.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტის სარეკომენდაციო წერილში მითითებულია, რომ ამ ეტაპზე სკოლის ფასადი დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან უნდა გასუფთავდეს, რომ ჩამოვარდნისას არავის დაეცეს. რეკომენდაციებს შორისაა ფასადის გაშიშვლებული ადგილების შელესვა და სარდაფის ბზარების შევსება ქვა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით.
„შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი“, - ეწერა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის წინა დასკვნაში.
პატარა სკვერი და ტროტუარის ფრაგმენტი 21-ე სკოლის შესასვლელთან, 2026 წლის ოქტომბერი
ახლა რა ხდება სკოლაში და რა ელის “მეექვსეს” ხვალ?
ბოლო-ბოლო, დაინგრევა თუ აღდგება 21-ე საჯარო სკოლა?
“ეს გადაწყდება სკოლასთან შეთანხმებით” - გვიპასუხა განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ.
მთავარი იყო, სკოლაში სწავლა გაგრძელებულიყო. „რაც ხდება ახლა სკოლაში - რეაბილიტაციას ვგულისხმობ, ეს არის სამხარაულის ბიუროსთან შეთანხმებით მიმდინარე პროცესი, სწორედ მათ გასცეს დროებითი ექსპლუატაციის ნებართვა”, - გვითხრა მან.
სკოლის რემონტსა და რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს.
ფონდში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ეს იქნება უფრო „ფასადური რეაბილიტაცია“ და შეკეთდება ის დაზიანებები, რაც ხილული იყო.
ასევე გვითხრეს, რომ კომპანია „ინსსა“ და ფონდს შორის ხელშეკრულება 1 ოქტომბერს გაფორმდა და რადგან სკოლაში სწავლა გრძელდება, ახლა ცენტრალურ შესასვლელთან დროებით ღობესა და ხარაჩოებს აწყობენ.
რა ხდებოდა მანამდე - მოვლენათა ქრონოლოგია
17 სექტემბერს საღამოს, სწავლის დაწყებიდან მეორე დღეს, 21-ე სკოლის (ყოფილი მეექვსე გერმანული სკოლა) მასწავლებლებმა და მშობლებმა მოულოდნელად გაიგეს, რომ მომდევნო დღეს, მათ სკოლაში სწავლა შეწყდებოდა, რადგან სკოლა „ავარიული“ იყო და საჭირო იყო მისი „დემონტაჟი“.
ასევე ნახეთ
21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 10 სექტემბრით თარიღდება - დემონტაჟის რეკომენდაცია ეკუთვნის ექსპერტს 2-წლიანი სტაჟითგანათლების სამინისტრომ ამის დასტურად წარმოადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც სკოლის შენობას დაზიანების მეოთხე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული და მასში პირდაპირ ეწერა, რომ საჭირო იყო შენობის დანგრევა.
თუმცა სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა ხელახალი ექსპერტიზა მოითხოვეს, კატეგორიული უარი თქვეს დროებით, თბილისის რამდენიმე სკოლაში გადანაწილებასა და ონლაინ სწავლის დაწყებაზე.
ამ მოთხოვნებით მოსწავლეებმა და მშობლებმა 21-ე სკოლასთან რამდენიმე ხმაურიანი საპროტესტო აქციაც გაიმართეს, რომელსაც შეუერთდნენ არა მხოლოდ მოქმედი და ყოფილი პედაგოგები, არამედ, კურსდამთავრებულები და უბრალოდ “მეექვსეს” ქომაგები.
რა მოჰყვა პროტესტს?
რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლაში სწავლა ისევ გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა, 28 სექტემბერს სწავლა განახლდა.
21-ე სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
ასევე ნახეთ
თბილისის 21-ე სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდებამაშინ ითქვა, რომ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დასჭირდებოდა რამდენიმე კვირა. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყებოდა, რა დროსაც სასწავლო პროცესი სხვა შენობაში გაგრძელდებოდა.
ასევე ნახეთ
თბილისში 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენPS: 13 ოქტომბერს, საღამოს, 21-ე სკოლის პედაგოგებისა და მშობლების საინიციატივო ჯგუფს განათლების სამინისტროში შეხვდნენ. როგორც სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო ქევხიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ შეხვედრაზე მათ ორი პირობა მიიღეს - რომ სამხარაულის ბიურო ჩაატარებს განმეორებით ექსპერტიზას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელი ექსპერტიც და რომ სკოლის პედაგოგები და მშობლები ჩართულები იქნებიან სკოლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში.