რომის პაპი საავადმყოფოში მოათავსეს

რომის პაპი ლეონ XIV. ვატიკანი. 11 ოქტომბერი, 2026 წელი

პაპი ლეონ XIV 13 ოქტომბერს რომში საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვზე არსებული კვანძის მოსაშორებლად, თუმცა კარდინალების განცხადებით, იგი ოპერაციას „ძალიან მშვიდად“ შეხვდა.

ფილტვის კვანძის ანუ ქსოვილის მცირე წარმონაქმნის მოსაშორებლად საავადმყოფოში დაწოლა 71 წლის პაპის პირველი ჰოსპიტალიზაციაა მას შემდეგ, რაც იგი კათოლიკური ეკლესიის მეთაურად აირჩიეს 2025 წლის 8 მაისს.

ვატიკანმა დაადასტურა, რომ ოპერაციას „ჯემელის“ საავადმყოფოს გულ-მკერდის ქირურგიის განყოფილების უფროსი, პროფესორი სტეფანო მარგარიტორა უხელმძღვანელებდა.

რომის პაპი ხელით მიესალმა გარშემომყოფებს შავი ფერის ავტომობილიდან, როდესაც მიემგზავრებოდა „ჯემელის“ საავადმყოფოსკენ, რომელიც ვატიკანიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც ვატიკანმა განაცხადა, ოპერაცია სამშაბათისთვის დაიგეგმა.

კვირას, „ანგელოზის ლოცვის“ შემდეგ გაკეთებული მოულოდნელი განცხადებისას, ლეონ XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს აცნობა, რომ ექიმებმა კვანძი „ძალიან ადრეულ სტადიაზე“ აღმოაჩინეს ბოლო სამედიცინო შემოწმების დროს.

„ექიმები თვლიან, რომ ჩარევა მართებულია“, – განაცხადა მან.

ისტორიულად, ვატიკანი პაპების ჯანმრთელობის მდგომარეობას საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა ეს უფრო გამჭვირვალე გახდა ლეონ XIV-ის წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს ავადმყოფობის პერიოდიდან, რომელიც თავის ჯანმრთელობაზე ღიად საუბრობდა.

პაპის გამოჯანმრთელების პერიოდი სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ კვირას გასტანს. მისი აუდიენციები 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, ANSA-ს საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ორშაბათს, მასთან შეხვედრისას, ლეონ XIV „ძალიან მშვიდად“ იყო კვანძთან დაკავშირებით.

იაპონელმა კარდინალმა ტარჩისიო ისაო კიკუჩიმ, რომელმაც ასევე მოინახულა პაპი ორშაბათს, გაზეთ Repubblica-სთან საუბარში განაცხადა, რომ ლეონი „ძალიან მშვიდად იყო, როგორც ყოველთვის არის ხოლმე, და ხუმრობდა, როგორც სჩვევია“.

რომის "ჯემელის" საავადმყოფო არის ის ადგილი, სადაც, ჩვეულებრივ, მკურნალობენ ხოლმე პაპებს.

ლეონ XIV, რომელიც ჩიკაგოში დაიბადა, პირველი ამერიკელი პაპია. ის სპორტული ადამიანია და ზოგადად ჯანმრთელად ითვლება.

პაპ ლეონს 6-დან 17 ნოემბრამდე დაგეგმილი აქვს სამხრეთ ამერიკაში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ურუგვაის, არგენტინასა და პერუს ეწვევა.

გაურკვეველია, რა მოხდება ოპერაციის დროს სერიოზული გართულებების შემთხვევაში.

ასევე ნახეთ

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, რომის პაპი ლეონ XIV მხარეებს „ომის სიგიჟის“ დასრულებისკენ მოუწოდებს