მცხეთობაზე საპატრიარქო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აკრედიტაციას არ აძლევს

„ასეთი რამ არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის დროს“, ამბობს ნოდარ მელაძე

საქართველოს საპატრიარქო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ 14 ოქტომბერს, მცხეთობის (სვეტიცხოვლობის) დღესასწაულზე აკრედიტაციას არ მისცემს.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია არ ექნებათ, რადგან ისინი „არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მუდმივად არღვევდნენ შინაგანაწესს“.

„ისინი თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“, აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა.

„დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, „თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა“, თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს“, - დაწერა მელაძემ სოციალურ ქსელში.

ნოდარ მელაძე

მისი განცხადებით, 13 ოქტომბრის 19:00 საათის მდგომარეობით, აკრედიტაციის გაუქმების შესახებ შესაბამისი ბრძანება გამოცემული არ ყოფილა.

„ასეთი რამ არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“, - დაწერა მელაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმოწერისას ანდრია ჯაღმაიძემ აკრედიტაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

2021 წლის 8 მარტს მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების გაშუქებისას რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი მეორე სართულის აივნიდან გადავარდნენ, როდესაც მოაჯირი ჩაინგრა.

„საინტერესოა, რა პოზიცია აქვთ წმინდა სინოდის წევრებს მომხდართან დაკავშირებით და მათ თუ მაინც იციან, რა კანონიერ საფუძველზე და ვის მიერ გამოიცა ბრძანება?“ - იკითხა მელაძემ.

ასევე ნახეთ

ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა

„ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ოპოზიციური ტელეკომპანიებია. საპატრიარქოში აკრედიტაციის გაცემაზე უარს მხოლოდ „ტელეკომპანიების მხრიდან შინაგანაწესის მუდმივი დარღვევით“ ხსნიან.

ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 2025 წელს სვეტიცხოვლის ტაძართან გადაღებული ვიდეო, რომელშიც ის ჟურნალისტების კითხვას არ პასუხობს და მიუთითებს, რომ მათ მედიისთვის განკუთვნილი ტერიტორია დატოვეს.

„მომავალ დღესასწაულზე „ტვ პირველს“ არ ექნება აკრედიტაცია, ამას გპირდებით“, - თქვა მაშინ ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, „შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა“.

ასევე ნახეთ

„აკრძალული 93 ფრაზა“ - კომუნიკაციების კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პასუხობს

სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოველში

საპატრიარქოს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციების წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.

ასევე ნახეთ

„რუსეთთან დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე“ - ანდრია ჯაღმაიძე

შეხვედრა კობახიძესთან

13 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე შეხვდა საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობენ. შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ც ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი“, აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.