თურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ

ზურაბ ჯაფარიძე

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ იუწყება.

ALDE-ს წევრია ზურაბ ჯაფარიძის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

ორგანიზაციის განცხადებით, ჯაფარიძე თურქეთში, აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს. მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ, წერს ALDE.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ დაკავების შემდეგ გადაღებული ფოტო

ჯაფარიძე სტამბოლის გავლით ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) ლიდერთა სამიტზე. ეს ევროპარლამენტის ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფია. სამიტი 15 ოქტომბერს გაიმართება.

„ვწუხვართ, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს [სამიტში]. სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება ამგვარი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პროევროპული და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვიან“, - ნათქვამია ალდეს განცხადებაში.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი თავად ზურაბ ჯაფარიძემაც გამოაქვეყნა. მისი თქმით, თურქეთში ავიაკომპანიის შეცვლა უწევდა, დაკავების მიზეზი კი ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გახდა, რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან მოქმედებს.

„საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.

ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.

სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე.

სხვა არაფერი სანერვიულო", - დაწერა ჯაფარიძემ.

მან გამოაქვეყნა ფოტო დოკუმენტისა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთში შესვლა აკრძალული აქვს 5 წლის ვადით.

რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, მიაწოდა თუ არა ქართულმა მხარემ ანკარას ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რაც შესაძლოა თურქეთში შესვლის აკრძალვის მიზეზი გამხდარიყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გადაცემის ფაქტს უარყოფენ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.

რა საქმეზეა ბრალდებული ჯაფარიძე?

ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან 2025 წლის 19 დეკემბერს, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას პატიმრობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი.

პატიმრობის პერიოდში, 2025 წლის ნოემბერში, ჯაფარიძეს ახალი ბრალდებებიც წარუდგინეს: „საბოტაჟისა“ და „უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურა ჯაფარიძეს სხვა ოპოზიციონერებთან ერთად უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანო ინფორმაციის მიწოდებას ედავება. პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფს.

ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოს დატოვება მხოლოდ პროკურატურის თანხმობით შეუძლია. ასეთი თანხმობის მიღების შესახებ ის, მაგალითად, 20 სექტემბერს წერდა, როდესაც ვილნიუსში გამგზავრებას გეგმავდა.

ასევე ნახეთ

ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე და ინტერპოლი - როგორ იყენებს ხელისუფლება საერთაშორისო ძებნის სისტემას და რას ნიშნავს ეს?

საქართველოსა და თურქეთის საპოლიციო თანამშრომლობა

რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 2026 წლის აპრილში გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლის სისტემის მეშვეობით თურქეთს ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართულმა მხარემ ანკარის ინტერპოლს 2025 წლის 7 მაისს მიმართა. თურქული მხარის პასუხში აღნიშნული იყო, რომ სამივე პოლიტიკოსი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და საქართველოს შეტყობინება შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა, რათა ისინი საზღვრის კვეთის აკრძალვის სიაში შეეყვანათ.

თურქეთიდან საქართველოში 2025 წელს გადმოგზავნილი პასუხი: „თქვენი შეტყობინება გადავეცით ჩვენს კომპეტენტურ უწყებებს, რათა ისინი დაამატონ (ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძე) საზღვრის კვეთის აკრძალვის სიაში“.

ჯაფარიძე მაშინ ამბობდა, რომ არ იცოდა, შეიყვანეს თუ არა ამ სიაში. ის არ გამორიცხავდა, რომ საზღვარგარეთ გადაადგილებისას პრობლემები შეჰქმნოდა და დაეკავებინათ.

რადიო თავისუფლება ასევე წერდა საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობის შესახებ.

ასევე ნახეთ

„ღირებული თანამშრომლობა“ - რა ვიცით თურქეთში ძებნილების საქართველოში დაკავებაზე?

მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში საქართველოს შსს-მ თურქეთის მიერ ძებნილი პირების დაკავების ან გამოვლენის შესახებ ცხრა განცხადება გაავრცელა. სექტემბერში თბილისს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოდან თურქეთში ჯამში 866 ადამიანის გადაცემისა და დეპორტაციის პროცედურები განხორციელდა, მათგან 438 მხოლოდ 2026 წელს.

  • საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Freedom House-ი, არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ინტერპოლის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი და თურქეთი, ორგანიზაციის მექანიზმებს საზღვარგარეთ პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკოსების დევნისთვის იყენებდა.