Freedom House-ის, დათვლით, „2025 წლის მონაცემებით, სულ მცირე 54 ხელისუფლება, ანუ მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედზე მეტი, ცდილობდა დისიდენტური ხმების ჩახშობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.“
„ტრანსნაციონალური რეპრესია” შედარებით ახალი ტერმინია, რომელიც, მათ შორის, ინტერპოლის მექანიზმების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებასაც აღნიშნავს.
„საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ინტერპოლის სისტემას იყენებენ, როგორც პოლიტიკური მოტივით განსხვავებული აზრის მქონე პირების დევნის ინსტრუმენტს“, - ასკვნიან პლატფორმის - „სამართლიანობა საქართველოსთვის” - ქართველი ექსპერტები. ამ დასკვნის საფუძველი ახლახან გახმაურებული ამბავი გახდა.
წერილი ინტერპოლიდან
„ერთ-ერთ ტომში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ამ მიმოწერას - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი უგზავნიდა რაღაც დანართს პროკურატურას, ეს დანართი იყო ანკარის ინტერპოლიდან მოწერილი წერილი, რომ მე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე არ ვიმყოფებით თურქეთში. გამეცინა, ნოემბერი იყო, როცა მე უკვე სამი თვეა, ციხეში ვიჯექი…“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე სისხლის სამართლის იმ საქმის მასალებში ნანახ უცნაურ წერილებზე, რომელიც პროკურატურამ რვა ქართველი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრა - ნაწილს საბოტაჟს ედავებიან, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, სხვებს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ბრალდების მხარის მიერ საქმის მასალებში ჩადებული დოკუმენტებიდან, რომლებიც „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა, ირკვევა, რომ 2025 წლის 7 მაისს ქართულმა მხარემ ანკარის ინტერპოლში გააგზავნა შეტყობინება 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესახებ.
რა ეწერა წერილში და რას ინფორმაციას ითხოვდა საქართველო - უცნობია, ეს საქმის მასალებში, სავარაუდოდ, არ დევს, თუმცა მოიპოვება ინტერპოლის ანკარის ოფისის პასუხი.
„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი ჩანაწერების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პირები [ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე] ამჟამად ჩვენს ქვეყანაში არ იმყოფებიან. დამატებით, თქვენი შეტყობინება გადავეცით ჩვენს კომპეტენტურ უწყებებს, რათა ისინი დაამატონ საზღვრის კვეთის აკრძალვის სიაში. ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, გაცნობებთ“
საქმის მასალებში მტკიცებულებად დევს კიდევ ერთი ელექტრონული შეტყობინება, რომელსაც თბილისში ინტერპოლის ბიუროს უფროსი, გიორგი ბოლოთაშვილი ჯარჯი წიკლაურს - პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს უგზავნის.
მიმოწერაში ნახსენებია საქმე N074080225801, რაც ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ქართულმა მხარემ ანკარის ინტერპოლს სწორედ „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში სთხოვა.
„არ მგონია, რომ მარტო თურქეთის ინტერპოლზე იყოს ეს მიმართვა გაკეთებული, იმიტომ რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც ანკარა. რადგან ანკარაშია გაგზავნილი, ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მინიმუმ მეზობელ ქვეყნებშიც ჰქონდეთ, ანუ შეიძლება ერევანშიც ჰქონდეთ გაგზავნილი, ბაქოშიც ჰქონდეთ გაგზავნილი.“
ზურა ჯაფარიძეს აინტერესებს, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა შსს-მ ინტერპოლის ანკარის ბიუროს. „კაციშვილმა არ იცის, რა მისწერეს და რა უთხრეს, რომ მე, ელენესა და გიორგი ვაშაძეს რა გვაქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში…”
ის ეჭვობს, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთის მაგალითს იყენებდეს, რომელიც ინტერპოლს პოლიტიკური ოპონენტების სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულებში მონაწილეობაზე აწვდის ცნობებს, რაც არ უკავშირდება მათ პოლიტიკურ საქმიანობას. “თუ ისეთ ინფორმაციას გააგზავნი, რამაც შეიძლება ეჭვი გააჩინოს, რომ ეს ადამიანი შეიძლება იდევნებოდეს საკუთარი მოსაზრების გამო ან აზრის გამოხატვის გამო, მაგ შემთხვევაში შეიძლება მოლოდინი ჰქონდეთ, რომ ინტერპოლმა მათთან არ ითანამშრომლოს. ამიტომ, მე ეჭვი მაქვს, რომ ესენიც ეცდებიან, ან ცდილობენ, რომ შეფუთონ ეს საქმე ისე, თითქოს ეს რაღაცა სხვა ტიპის საქმეა.“
წერილი ინტერპოლს - რატომ არ არის ეს ჩვეულებრივი მიმოწერა?
საქართველომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა იმ სისტემის გამოყენებით, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირების ძებნისთვის არის განკუთვნილი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია ოპოზიციური ლიდერების შესახებ საქართველოსა და თურქეთს შორის დაცული ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან ინტერპოლის გლობალური სისტემის - „I-24/7“-ის გამოყენებით გაიცვალა.
„ინტერპოლის ფარგლებში მთავრობებმა უნდა ითანამშრომლონ რეალური დანაშაულის აღსაკვეთად და ურთიერთდახმარებისთვის, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულებისთვის, მაგრამ არ უნდა მოხდეს თანამშრომლობა და გამოყენება ამ დიდი რესურსის იმისთვის, რომ შენი მოწინააღმდეგე დევნო ან რეპრესიები განახორციელო პოლიტიკური მიზნით“, - გვეუბნება იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.
ე.წ. საბოტაჟის საქმეში ინტერპოლის ჩართვა აჩენს კითხვებს, რამდენად სწორად გამოიყენეს ეს საერთაშორისო მექანიზმი პოლიტიკოსების წინააღმდეგ? როგორ დასაბუთდა მოთხოვნა სამართლებრივად?
ინტერპოლის ანკარის ბიუროსთან მიმოწერის დეტალებზე, გამოქვეყნებულ ანგარიშებზე, სტატიაში აღწერილ ფაქტებსა და გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინტერპოლის ანკარის ოფისსა და ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს. რადიო თავისუფლება მათგან ამ დრომდე ელის პასუხებს.
რა არის ინტერპოლი და როგორ მუშაობს ის?
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია - იგივე ინტერპოლი 196 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორისაა 1993 წლიდან საქართველოც.
წევრ ქვეყნებში ორგანიზაციას ეროვნული ბიუროები აქვს.
ინტერპოლი არ არის საგამოძიებო ორგანო და არც „საერთაშორისო პოლიცია“ - ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს და ამარტივებს თანამშრომლობას ისეთ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დროს, როგორებიცაა: ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ნარკოტრეფიკი, ფინანსური თაღლითობა, ორგანიზებული დანაშაული და სხვ.
ინტერპოლს აქვს მონაცემები დამნაშავეების, თითის ანაბეჭდების, დნმ-ის, ბათილად ცნობილი და ყალბი დოკუმენტების, მოპარული ავტომობილების, გემების, იარაღებისა და ხელოვნების ნიმუშების შესახებ.
ამ სისტემის მეშვეობით ქვეყნები ერთმანეთს აწვდიან მონაცემებს, ამოწმებენ პირებს საერთაშორისო ბაზებში და საჭიროების შემთხვევაში აცხადებენ ძებნას.
ინტერპოლის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ფერადი, კოდირებული შეტყობინებებით ეკონტაქტებიან. თითოეული ფერი განსხვავებულ მოთხოვნასა და მიზანზე მიუთითებს - ეს შეიძლება იყოს ძებნა, ინფორმაციის გადამოწმება ან გაფრთხილება.
ყველაზე ცნობილი „წითელი ცირკულარია“ (Red Notice) - შეტყობინება, რომლითაც ქვეყანა სხვა წევრ სახელმწიფოებს აცნობებს, რომ კონკრეტული პირი ეროვნულ დონეზე იძებნება, სთხოვს მის აღმოჩენასა და დაკავებას ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი
„ორგანიზაციას მკაცრად ეკრძალება ნებისმიერი ჩარევა ან საქმიანობა, რომელსაც აქვს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათი“, - წერია ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლში, რომლის დაცვაც ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულოა.
ეს ჩანაწერი, წესით, მთავარი დამცავი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინტერპოლის სისტემის მხოლოდ კრიმინალთან და მძიმე დანაშაულებთან ბრძოლისთვის და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენება. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლს აქვს „გადამოწმების მექანიზმები და ე.წ. აპელაციის პროცედურა, ეს პროცესი დროში იწელება და ვერ უზრუნველყოფს სწრაფად იმ ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას, რასაც, მაგალითად, „წითელი ცირკულარი“ და სხვა მსგავსი ზომები იწვევს.“
რა ხდება მაშინ, როცა ეს „ბარიერები და მექანიზმები“ ვერ მუშაობს?
ბოლო წლების არაერთი შემთხვევა აჩვენებს, რომ ინტერპოლის მექანიზმებს არადემოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმები ხშირად იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და კრიტიკოსების საზღვრებს გარეთ დევნისთვის და უკან, ქვეყანაში დასაბრუნებლად, სადაც მათ, როგორც წესი, გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე აპატიმრებენ.
ასე მოხდა 2017 წლის ზაფხულშიც, როცა ესპანეთის პოლიციამ დააკავა თურქული წარმოშობის გერმანელი მწერალი დოგან აქანლი, რადგან მწერალს ანკარის მოთხოვნის საფუძველზე „წითელი ცირკულარით“ ეძებდნენ.
აქანლი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, წერდა სომხების გენოციდსა და ქურთების უფლებებზე. „წარმოუდგენელია, რომ თურქეთი ახლა უბრალოდ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს საზღვარგარეთ დასდევს.“ - თქვა მწერლის ადვოკატმა „შპიგელთან“ საუბრისას.
თურქეთი მაშინ გააფრთხილა ანგელა მერკელმაც და მოუწოდა „ბოროტად არ გამოეყენებინა ინტერპოლი“ კრიტიკოსების დევნისთვის.
ამ ფაქტის გამო ავტორიტარული რეჟიმების მიერ ინტერპოლის მექანიზმების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი ევროპარლამენტშიც დაიწყეს. „ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ინტერპოლი და ქვეყნებს შორის პოლიციური თანამშრომლობა ჩვენი უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა, როდესაც ინტერპოლის სისტემა არადემოკრატიული რეჟიმების მიერ გამოიყენება ლეგიტიმური ხმების ჩასახშობად და ადამიანის უფლებათა დამცველებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირების დევნისთვის, ეს სერიოზულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს“, - განაცხადა ჯული ვარდმა, გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა 2017 წელს ევროპარლამენტში გამოსვლისას.
„როდესაც „წითელ შეტყობინებას“ გაგზავნიან, შენი ცხოვრება მთლიანად იცვლება“
2026 წლის იანვარში BBC-მ და ფრანგულმა საგამოძიებო პლატფორმამ Disclose-მა აღწერეს, როგორ იყენებს რუსეთი ინტერპოლს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების საზღვრებს გარეთ დევნისთვის.
გამომძიებელ ჟურნალისტებს ინტერპოლიდან ჰყავდათ ინფორმატორი, რომელმაც ათასობით დოკუმენტი და შეტყობინება მიაწოდა მათ.
ევჰენი ლავრენჩუკი - უკრაინული წარმოშობის ოპერისა და დრამის რეჟისორი, პროდიუსერი და პედაგოგი; იგორ პესტრიკოვი - ბიზნესმენი, რუსეთში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მთავარი აქციონერი, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე - მხოლოდ შიდა ბაზრისთვის ემუშავა, რაც ომისთვის ხელშეწყობას ნიშნავდა - უარი თქვა; და არმენ არამიანი - ჟურნალისტი, DOXA-ს დამფუძნებელი, რომელიც 2021 წელს აქტიურად აშუქებდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ სტუდენტურ საპროტესტო აქციებს, რის გამოც იგი „არასრულწლოვანთა საშიშ საქმიანობაში ჩართვის“ გაასამართლეს - ამ გამოძიების პროტაგონისტები არიან.
დოკუმენტების მიხედვით, სამივე შემთხვევაში რუსეთმა ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება სცადა. ორს - ლავრენჩუკსა და პესტრიკოვს რუსეთი სხვადასხვა დანაშაულს ედავებოდა, სინამდვილეში კი მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, არმენ არამიანის შემთხვევაში კი რუსეთმა ინტერპოლის შეტყობინების სისტემის გამოყენებით „ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაციის“ მიწოდება მოითხოვა.
დოკუმენტები ადასტურებდა, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა დამატებითმა შემოწმებებმა ვერ შეუშალა ხელი მოსკოვს ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენებაში. „ინტერპოლს რუსეთთან განსაკუთრებული პრობლემა აქვს“.
„ეს მუდმივი ნერვიულობაა“ - ჰყვება იგორ პესტრიკოვი BBC-სთან ინტერვიუში. რუსეთის მიერ ძებნილი ბიზნესმენის თქმით, მისი ქალიშვილი და დედა სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, თვითონ საფრანგეთში ცხოვრობს. „ეს არის სტრესი, ნერვიულობა, ზეწოლა, თავს მოხვეული უკანონობა“.
თანამშრომლობა წითელი ცირკულარის მიღმა
ინფორმატორმა ინტერპოლიდან BBC-ს ასევე მიაწოდა ათასობით შეტყობინება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას შორის ინტერპოლის საკომუნიკაციო სისტემის გამოყენებით იყო გაცვლილი. ამ მიმოწერებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ქვეყანა საზღვარგარეთ ადამიანების კვალის დასადგენად იყენებდა კიდევ ერთ, ნაკლებად ფორმალურ გზას. „მოსკოვიდან აბუ-დაბიში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ შეტყობინებაში ახსნილი იყო, თუ როგორ უარყო ინტერპოლმა „წითელი ცირკულარის“ მოთხოვნა, თუმცა მაინც სურდა დახმარება ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის დადგენაში. ეს ეწინააღმდეგება ინტერპოლის რეკომენდაციებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა გამოიყენონ მისი არხები ამ მიზნებისთვის.“
"ტრანსნაციონალური რეპრესია“,
ბოლო წლებში ავტორიტარული რეჟიმების მიერ საერთაშორისო მექანიზმების, მათ შორის ინტერპოლის ბოროტად გამოყენებაზე საუბრისას დამკვიდრდა ტერმინი „ტრანსნაციონალური რეპრესია“, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთარ კრიტიკოსებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნის გარეთაც დევნის: მათზე ზეწოლას ახდენს, აშინებს და ხშირად სწორედ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს მათ დაბრუნებასა და დასჯას. „ამ ეტაპზე ტრანსნაციონალურ რეპრესიებს სხვადასხვა ფორმა აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ პროცესში წამყვანები არიან რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ირანი, თურქეთი. პრობლემაა ინტერპოლის ფარგლებში ადამიანების მიმართ ცრუ დევნის მექანიზმების გამოყენება, ტყუილად „წითელი ცირკულარით“ ძებნაზე დასმა, სხვადასხვა ცირკულარებით ადამიანების მოძიება, დევნა, ფინანსური ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა ქვეყანაში და ა.შ“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
ის შიშობს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება „ძალიან დიდი ალბათობით ასევე დაიწყებს ამ საერთაშორისო მექანიზმების ბოროტად გამოყენებას მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.“
როგორ გაჩნდა საქართველო ტრანსნაციონალური რეპრესიების კვლევებში?
Freedom House-ის გარდა, საქართველო სხვა ანგარიშებშიც მოხვდა, მაგალითად, ლორდთა და თემთა პალატების მიერ გაერთიანებულ სამეფოში „ტრანსნაციონალური რეპრესიების“ შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში:
„კომიტეტმა მიიღო მტკიცებულებები ცალკეული წევრი სახელმწიფოების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, სისტემურად ბოროტად იყენებენ ინტერპოლის მექანიზმებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინტერპოლის შეტყობინებების ბოროტად გამოყენება ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ინტერპოლის შეტყობინებების სისტემას ყველაზე ხშირად ბოროტად ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი იყენებენ.“- წერია ანგარიშში და იქვე ნახსენებია საქართველოც. - „კომიტეტმა მოისმინა ბრალდებები ალჟირის, ბაჰრეინის, საქართველოს, ინდოეთის, ყაზახეთის, ქუვეითის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, ტუნისის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, უკრაინისა და ვენესუელის შესახებაც“
ამ ანგარიშს თან ერთვის ინტერპოლთან დაკავშირებით არსებულ დავებზე მომუშავე იურისტების - ბენ კეიტისა და რის დევისის ინტერვიუებიც. „არსებობს ძალიან ბევრი სახელმწიფო, რომლებიც ბოროტად იყენებენ ინტერპოლის წითელ ცირკულარებს პოლიტიკური მიზნებისთვის… ბოლო პერიოდში ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინისა და ყაზახეთის შემთხვევაშიც და, ყველაზე ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებაში ბოლო ცვლილებების შემდეგ, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან აქტივობას საქართველოში, სადაც როგორც საჯაროდ, ისე პირადად ემუქრებიან კონკრეტულ ადამიანებს…“
ტრანსნაციონალურ რეპრესიებში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე წერს პლატფორმა „სამართლიანობა საქართველოსთვის“, რომელიც აერთიანებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებს. მათი შეფასებით, „ანკარისა და თბილისის ბიუროების მიმოწერა მიუთითებს ინტერპოლის სისტემის ბოროტად, პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით შესაძლო გამოყენებაზე, რაც ორგანიზაციის კონსტიტუციით განსაზღვრულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.“
ედუარდ მარიკაშვილი ფიქრობს, რომ „საქართველოს შემთხვევა ამ ეტაპზე უნიკალურია. განსხვავებით, მაგალითად, რუსეთისგან, ბელარუსისგან, რომლებსაც უკვე რეპუტაცია ყველა დონეზე გაფუჭებული აქვთ და ყველა ფრთხილობს მათთან ურთიერთობისას, საქართველო, მისი დემოკრატიული წარსულიდან გამომდინარე, კარგად არის ინტეგრირებული საერთაშორისო მექანიზმებში.“
თუმცა, იურისტი საყურადღებოდ მიიჩნევს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ქვეყნის საზღვრებს გარეთ „დაწყებულ დევნას“. „შეიძლება სხვა შემთხვევებშიც მოხდა პოლიტიკური დევნისთვის ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება, ამან უნდა დააფიქროს სხვა ქვეყნები, რომ ფრთხილად მიუდგნენ საქართველოს სამართალდამცავი სისტემებიდან წამოსულ მოთხოვნებს ისეთ საქმეებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, დაკავშირებული შეიძლება იყოს პოლიტიკურ მოტივებთან.“
„არ მგონია, რომ მარტო ჩემს შემთხვევაში ყოფილიყო ეს მიმართვა გაგზავნილი, ან ვაშაძის, ან ელენეს შემთხვევაში. რადგან ეგეთი რაღაცა გაკეთებული აქვთ, მგონია, რომ შეიძლება სხვებთან მიმართებაშიც ეგ არაერთხელ გაეკეთებინათ“, - გვეუბნება ზურა ჯაფარიძე. მან ჯერ არ იცის, შეიყვანეს თუ არა საზღვრის კვეთის აკრძალვის სიაში.
„გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერსა და წერილში ნახსენებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს პასპორტები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აქვთ ჩამორთმეული: „როცა პასპორტები დაგვიბრუნდება, შეიძლება მერე შეგვექმნას რამე პრობლემა, იმიტომ, რომ ეს ჩანაწერები ხომ სადღაც რჩება. შეიძლება მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდე და უცებ დაგაკავონ და სანამ გაარკვევ, სანამ მოძებნი, შეიძლება რამდენიმე დღის გატარება მოგიწიოს სადღაც…“ - ამბობს ჯაფარიძე.
ანკარის ინტერპოლისთვის გაგზავნილ წერილში ნახსენები პოლიტიკოსებიდან კიდევ ერთი, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პატიმრობაშია დედაქალაქის მერის წინასაარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის.
ფორუმი