გასაჯაროვდეს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაცია - ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი

დავით ოქიტაშვილი ფეისბუკზე თინათინ რუხაძისა და მამუკა მდინარაძის AI-თი გენერირებულ ფოტოებს აქვეყნებს და ხელისუფლებას მიმართავს

„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ (თიკა) რუხაძისადმი კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

იგი თიკა რუხაძის „მფარველს“ უწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს. ოქიტაშვილი რუხაძეს „რეპუტაციის შელახვაში“ სდებს ბრალს.

ყოფილი მინისტრი, რომელმაც პოსტიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა, ოქიტაშვილის ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია.

ოქიტაშვილის ფეისბუკ-პოსტი, - რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი სამხარაძემ მოიწონა, - გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში უკვე აღარ იძებნებოდა.

გასაჯაროვდეს „სრული ინფორმაცია“ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე - ოქიტაშვილი

„საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

ოქიტაშვილმა, - რომელიც „კულტურის პალატის“ პრეზიდენტია, - ფეისბუკზე გამოაქვეყნა სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ფოტო, - თინათინ რუხაძე ფინჯანი ყავით და მამუკა მდინარაძე ჩინ-მედლებით.

„ოქიტაშვილი ბიძინას [ივანიშვილის] აგენტი და [თეა] წულუკიანის კუდია“ - ოქიტაშვილი წერს, რომ მისი ინფორმაციით, თინათინ რუხაძე „ხშირად იმეორებდა“ ამ ფრაზას პირად საუბრებში, - თუმცა წყაროს, თუ ვისთან კონკრეტულად, არ ასახელებს.

ვრცელ პოსტში ოქიტაშვილი წერს: „რა თანხები დაიხარჯა? ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები? როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი? ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!“ - მიმართავს ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს.

ასევე ნახეთ

კობახიძის თქმით, „უფრო მეტად ჩაჰყვება“ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
  • პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები მედიაში სექტემბრიდან ისმის.
  • „გამოვლენილი ხარვეზები რაც იყო, ყველა დაფიქსირებულია შესაბამისი დოკუმენტაციით აუდიტის დასკვნებში“ - თქვა კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ სექტემბრის მეორე კვირაში;
  • 13 სექტემბერს კი ტვ პირველს კიკნაძემ უთხრა: „არ მითქვამს, რომ არსებობს დარღვევები“.

რა თქვეს სახელმწიფომ და საპატრიარქომ

14 სექტემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“.

„ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა მან.

16 სექტემბერს კი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა: „იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“.

ასევე ნახეთ

იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის - ჯაღმაიძე ექსმინისტრ რუხაძეზე
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი ილია II 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.
  • დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, რომელსაც იმ დროს თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა.
  • მთავრობის 20 მარტის განკარგულებით, დაკრძალვის ორგანიზებისთვის ფინანსთა სამინისტრომ 5 588 006 ლარი გამოყო;
  • აქედან ყველაზე მეტი თანხა, 3 მილიონი ლარი, კულტურის სამინისტროს გამოეყო, - უწყებას, რომელსაც მაშინ თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა.


2026 წლის 15 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის მინისტრად დანიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მაია ბითაძე.

„მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მისი წარდგენისას.

ასევე ნახეთ

კულტურის მინისტრად დაინიშნა პარლამენტარი მაია ბითაძე