გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს აქტივისტი გიორგი კირვალიძე

გიორგი კირვალიძე დაკავებისას

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გიორგი კირვალიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა, გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს.

კირვალიძის დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა თამუნა გიორგაძემ გაავრცელა.

ვიდეოში ისმის დაკავებისას პოლიციელის განმარტება, რომ კირვალიძეს აკავებენ სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რის გამო დააკავეს კირვალიძე

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადებას კირვალიძის პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს მიმართა: „შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“.

დარბაზიდან გაყვანამდე კირვალიძემ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეაგინა. ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

გიორგი კირვალიძეს, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა. შეთანხმებით, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ კირვალიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“.

ასევე ნახეთ

საპროცესო გაუუქმეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს

ამის შემდეგ, 19 აგვისტოს, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილი მოთხოვნას დაეთანხმა და საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.