სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებას ითხოვს.

სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ეხება.

„ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში.

თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას“, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრების მიზნით ბათუმში გადაყვანა მოითხოვა პატიმრობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმაც.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერსაა დანიშნული.

ასევე ნახეთ

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერის თანახმად, საქმეს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

სარჩელი „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატმა 24 სექტემბერს შეიტანა. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ:

  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“;
  • „ძლიერი საქართველო - ლელო“;
  • „ფედერალისტები“;
  • „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვე, 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს.

ასევე ნახეთ

პარტიების აკრძალვა და რუსეთი საკონსტიტუციო სარჩელში

8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ. ევროპარლამენტარების ნაწილმა „ქართული ოცნება“ ერთპარტიული რეჟიმის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ.