Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების აკრძალვა და რუსეთი საკონსტიტუციო სარჩელში

"ქართული ოცნების" სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო სასამართლო 21,22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.
"ქართული ოცნების" სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო 21,22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.

5 პროევროპული პარტიის ყოფნა-არყოფნის საკითხი 3 სხდომაზე უნდა გადაწყდეს - „ქართული ოცნების“ მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. ამ პროცესს ხელისუფლების კრიტიკოსები რუსეთის ინტერესებსაც უკავშირებენ.

სარჩელის მოცულობითი ნაწილიც სწორედ რუსეთს ეხება.

დასავლეთის დაკვეთით რევოლუციების ორგანიზება, ქვეყნის არევა, მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება - „რადიკალური ოპოზიციის“ მიმართ თბილისის მსგავსი ბრალდებები ხშირად ისმის მოსკოვიდანაც. ბოლო პერიოდში - „ქართულმა ოცნებამ“ და კრემლმაც - ბრალდებების სიას რუსოფობიაც დაამატეს.

რუსოფობია ერთ-ერთ არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსეთში აკრძალვის ბოლო ფაქტთან დაკავშირებითაც. როსპოტრებნადზორის სანქცია რამდენიმე დღით უსწრებდა წინ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესის დაძვრას საკონსტიტუციო სასამართლოში.

პროევროპული ძალები რუსეთისთვის ყოველთვის საგანგებო სამიზნე იყო, თუმცა ვითარება მკვეთრად დაიძაბა 2019 წელს, 2019 წლის 20 ივნისის დილას საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
მოგვიანებით საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.
ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის, დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა.
ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.
22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.
იმ ღამით არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა - გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა - თვალი დაკარგა.
სახელით ცნობილი მოვლენების დროს, როცა მოსკოვიდან ოპოზიციის წარმომადგენლების დასჯა და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაც მოითხოვეს.

რუსეთი „ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში

სადავო პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ მომზადებულ სარჩელში ლაპარაკია როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული მხარის ბრალეულობაზე, ასევე რუსეთთან ომის გაჩაღების საფრთხეებზე. ტექსტის თანახმად, ასაკრძალად გამიზნული პარტიები:

  • ცდილობდნენ - „რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ“.
  • დღემდე ცდილობენ - „საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა“.
  • ცდილობდნენ - „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებას“.


„საქართველოს ხელისუფლების მიმართ წამოიჭრა აგრეთვე რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ საჯარო მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების მწვავე ესკალაციის უშუალო საფრთხეს შექმნიდა“, - წერია საკონსტიტუციო სარჩელში. იქვე მითითებულია, რომ - „საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მოთხოვნა გაგრძელდა, რომელიც ევროპის პარლამენტის რეზოლუციებშიც კი აისახა“.

სარჩელში ნახსენებია ასევე „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა“. თუმცა ე.წ. გლობალური ომის პარტია და დიპ სტეიტი არ არიან ნახსენები და არც დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები არიან ჩამოთვლილი - რომლებიც, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მტკიცებით, თბილისს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებდნენ.

მათ გვარებს უკვე წლებია არ ასახელებს “ქართული ოცნება”, რის გამოც ბრალდებას საზოგადოება ეჭვით უყურებს.

გადაჯგუფება პრორუსულ ფრონტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 2026 წლის აპრილში გამართულ ბრიფინგზე კმაყოფილებით თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი იცვლება, მაგრამ - არა დასავლეთის სასარგებლოდ.

„ჩვენ ვიცით, რომ რესპუბლიკაში [საქართველო] იზრდება ევროსკეპტიკოსების რიცხვი. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნეიტრალიტეტს უჭერენ მხარს. რაც მთავარია, სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ზახაროვას განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობა განმტკიცებულია - „[რუსეთთან] მოკავშირეობით და მოკავშირეობის უფრო ფართო გაგებითაც - ერთობით რუსეთთან“; ხოლო ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გამო სჯის და „ღიად უჭერს მხარს საქართველოში ორგანიზაციებს [პოლიტიკურ პარტიებს] სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში“.

პოლიტიკის ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში პროდასავლური, პროევროპული ძალების თანდათანობითი ჩანაცვლება ხდება.

ანტიდასავლური და პრორუსული პარტიების რეიტინგი საქართველოში, მაღალი არასდროს ყოფილა, თუმცა ბოლო წლებში, ამ ფრონტზე გარკვეული გადაჯგუფება შეინიშნება.

  • პარტიად გადაკეთდა “ქართული ოცნების” მკაფიო მხარდამჭერი - “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის. მისი სარჩელის საფუძველზეც ასამართლებენ პროდასავლელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
  • “ალტ -ინფოს” პრორუსულმა პარტიამ “კონსერვატორები საქართველოსთვის” თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ერთი წარმომადგენლის გაყვანა შეძლო.
  • რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატ 2”-ის გაფორმება სურს პრორუსული პარტიას - “სოლიდარობა მშვიდობისთვის” - რომლის წევრებიც პირველ განახლებულ ავიარეისს ჩამოჰყვნენ მოსკოვიდან თბილისში [2023 წლის მაისში]. ამ პარტიის საერთაშორისო მდივანია პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია.
  • სადავო პარლამენტში “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდნენ ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პარტიის - “ხალხის ძალის” წარმომადგენლები.
  • “პატრიოტთა ალიანსი” ბოლო პერიოდში მკვეთრად უპირისპირდება “ქართული ოცნების ხელისუფლებას” და მას საერთაშორისო იზოლაციის გამოც აკრიტიკებს.


გიორგი მელაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სპეციალისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთი ვერ ეგუება პროდასავლურ ოპოზიციას ქვეყნებში, რომლებსაც თავის ქვეშევრდომებად თვლის და დღეს სწორედ “რუსული და ბელარუსული თარგით მოქმედებს” “ქართული ოცნება”, როდესაც აუქმებს პროდასავლურ ოპოზიციას და ადგილები ანტიდასავლური, ე.წ. ნეიტრალიტეტის მსურველი პარტიებისთვის თავისუფლდება.

“რუსული გავლენების საბოლოოდ ჩაცემენტებას საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელს უშლის პოლიტიკური პლურალიზმი და პროდასავლური პოლიტიკური პარტიების არსებობა … ნებისმიერი პროდასავლური ძალის არსებობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის სახიფათო რუსეთის იმპერიული კომპლექსებისთვის”, - გიორგი მელაშვილის თქმით, თბილისისა და მოსკოვის რიტორიკის მსგავსებას საფუძვლად უდევს ინტერესების დამთხვევაც, რადგან “ქართულ ოცნებას" სურს "ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად”, ხოლო რუსეთს საქართველოს დამორჩილება.


თუკი "ოცნების" სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება, პოლიტიკურ ველზე აღარ დარჩებიან პროევროპული ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯამში - თითქმის 800 ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი - ცესკოს შედეგებით (რომლის ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა თავად ოპოზიციამ).

აკრძალვის შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვეღარც ეს პარტიები მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარც მათი ლიდერები. კანონი მათ ახალი პარტიების დაფუძნებასა და კენჭისყრაში მონაწილეობასაც უკრძალავს.

სიაში არიან:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,
  • „კოალიცია ცვლილებისთვის”,
  • „ძლიერი საქართველო - ლელო”,
  • "ფედერალისტური პარტია" [„ფედერალისტები“],
  • “გახარია საქართველოსთვის”.

მათ “ქართული ოცნება” “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებს. თუმცა სარჩელში ეს ტერმინი არ გვხვდება.

რა შეიძლება სურდეს რუსეთს საქართველოსგან?

“ქართული ოცნების” კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პარლამენტარი - დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პარტიების აკრძალვის გამო “ქართულ ოცნებას” ისევ შეაქებენ რუსეთიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ის "კრემლის დავალებად" არ თვლის. ვარაუდობს, რომ პროევროპული პარტიების აკრძალვა იქნება კრემლისთვის “გადაგდებული ბარტყი” - როდესაც თბილისი უფრო დიდი დავალების შესრულებას ვერ ახერხებს.

“რუსეთი ითხოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც პრაქტიკულად არაღიარების პოლიტიკაზე უარის თქმაა… ბიძინა [ივანიშვილი] წავიდოდა ამაზე, მაგრამ ეშინია საზოგადეობის რეაქციის; არ არის დარწმუნებული, რომ ამას კიდევ უფრო უარესი აქციები არ მოჰყვება… ამიტომ ცდილობს ეს არ გააკეთოს და რუსეთის გული სხვადასხვა გზით მოიგოს… ერთ-ერთია პარტიების აკრძალვაც; აჩვენებს რუსეთს - აი, ყველა პროევროპულ, რუსოფობიურ პარტიას ვკრძალავო და დამაცადეო - რომ ამით გამოძვრეს ამ ეტაპზე”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

მისი შეფასებით, რომ არა რუსული ფაქტორი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს “არაფერში სჭირდებოდა”, რადგან ოპოზიციური პარტიები, ამჟამად დასუსტებულები - “ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან” და “ქართული ოცნებისთვის” საფრთხეს არ წარმოადგენენ.

კონსტიტუციური სარჩელის ტექსტის თანახმად, “ოცნება” ასაკრძალად გამიზნულ პარტიებს პოლიტიკური ზეგავლენების მიხედვით ახარისხებს. სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ “ერთკაციანი და მცირე პარტიები” შეგნებულად არ არიან შეყვანილი სიაში, რადგან „ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ“ და შესაბამისად - „ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“ და „მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“.

ამ ლოგიკით, პარტიებს, რომლებსაც “ქართული ოცნება" აკრძალვას უპირებს - პოლიტიკურ პროცესში “არსებითი გავლენა” აქვთ.

ევროინტეგრაციის მიღმა დატოვება?

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს „ერთპარტიულ რეჟიმად“ ქცევაა და ეს რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„ემსახურება კრემლის მიზანს - საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის მიღმა”, - წერია ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის განზრახვას შეეხება.

ყველას ესმის, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირში გაწევრების გზას.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ აქვს.

  • მოსკოვიდან ხშირად ისმის განცხადებები, რომ ბრიუსელი საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვას უპირებს და რომ ამას თბილისიც აცნობიერებს და მას ევროკავშირში გაწევრიანება არ უღირს.
  • პარალელურად, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ღიად და მწვავედ უპირისპირდება ბრიუსელს და ხშირად იმეორებს, რომ დღევანდელ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირის დირექტივების შესრულება, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის.


მარია ზახაროვამ აპრილში განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს „უფსკრულისკენ უბიძგებს“ და თუკი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, უნდა დაემშვიდობოს: რუს ტურისტებს, პროდუქციის გაყიდვას რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში, უვიზო მიმოსვლას, პირდაპირ ავიარეისებს.


სამი დღით ადრე, ვიდრე - საკონსტიტუციო სასამართლო ასაკრძალად გამიზნულ ოპოზიციურ პარტიებს სხდომების გრაფიკს გააცნობდა, რუსეთმა აკრძალა 10-მდე კომპანიის საქართველოში წარმოებული სასმელები.

არაოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება, მათ შორის - რუსოფობიას უკავშირდება. აგვისტოში, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივების მცდელობაში „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა.

"ოცნების" ლიდერები იმედოვნებენ, რომ, რუსეთთან მუშაობის შედეგად, სასმელებზე აკრძალვის გაუქმება მოხერხდება.

მოსკოვის სადამსჯელო სანქციები თბილისის წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის ბრძანებას 2019 წლის 21 ივნისს მოწერა ხელი - მეორე დღესვე, რაც, ხალხის მღელვარების ფონზე, თბილისი დროზე ადრე, იძულებით და ჩქარი ტემპებით დატოვა რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა.

ხალხის აღშფოთება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მის ხილვას მოჰყვა - მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე. ამ ფაქტს თავდაპირველად მყისიერად და მწვავედ დაუპირისპირდა საპარლამენტო ოპოზიცია, მერე ხალხი სპონტანურად შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე. 20 ივნისი სპეცრაზმთან დაპირისპირებითა და სისხლიანი “გავრილოვის ღამით” დასრულდა.

„გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ოპოზიციონერების აღმაშფოთებელი საქციელის საპასუხოდ. მათ ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. იძალადეს ჩვენს დეპუტატებზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 2019 წლის სექტემბრის მიწურულს და დასძინა, რომ ფრენების აკრძალვა გაუქმდება მხოლოდ მაშინ, „როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი ექსცესების აღმოფხვრის აუცილებლობას“ .

პირდაპირი ავიარეისების აღდგენას 4 წელი დასჭირდა. ისევ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, სანქცია 2023 წლის მაისში გაუქმდა. ახლა რუსეთის ქალაქებიდან საქართველოსკენ კვირაში ათეულობით პირდაპირი რეისი სრულდება.

2019 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტს “რუსთავი 2”-ის ეთერიდან ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ აგინა, რუსეთის დუმაში დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხის განხილვა დაიწყეს.

რუსმა დეპუტატებმა მაშინ არაერთი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადება გააკეთეს საქართველოსა და ქართველი ხალხის მისამართით. მოითხოვეს ჟურნალისტისა და ოპოზიციონერების სამაგალითო დასჯა - გასამართლება და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამწესებაც.

დამატებით სანქციებს რუსი დეპუტატები რუსოფობიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირების წინაპირობად განიხილავდნენ - ერთგვარ ზეწოლის ბერკეტად.

საბოლოოდ დამატებითი სანქციები, თითქოსდა - პუტინის გადაწყვეტილებით, აღარ დაწესდა.


დათბობა

2019 წლის 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამართული პირველი შეხვედრა, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი ეჭვი და შეკითხვა გააჩინა.

„ნიუ-იორკში გამართული, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ მოიძებნოს იმ არამარტივი ვითარებიდან გამოსვლის გზები, რომელშიც მოხვდა მათ შორის - ივნის-ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ“, - ეწერა რუსეთის საგარეო უწყების მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების ტექსტში, საგარეო უწყება ოკუპაციაზე ლაპარაკს “გაცვეთილს” უწოდებდა.

მოსკოვი ხშირად იმეორებს, რომ არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, თუმცა მუდმივად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, აქებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დასავლეთთან თამამი დაპირისპირების გამო და ლაპარაკობს დასავლური „გარე ძალების“ დაკვეთით „ფერადი რევოლუციისა“ და „მაიდანის“ მზადებაზე საქართველოში. ხშირად მსგავსია ოფიციალური თბილისის განცხადებებიც.

თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს, რომ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეეცდებოდა. 2023 წელს - თბილისი მიესალმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ავიაფრენების განახლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG