კობახიძე: პატრიარქის დაკრძალვაზე არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

ირაკლი კობახიძე პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე, 2026 წლის 22 მარტი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კვლავ გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება.

„უფრო მეტიც, ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა“, - განაცხადა კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მმართველი გუნდი საჭიროდ მიიჩნევს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„პირველ რიგში თქვენ წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას. თუ კიდევ რაიმე კითხვა დარჩება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ერთად და შეგვიძლია, ნებისმიერ უწყებას მივმართოთ, მაგრამ ჯერ თქვენ გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარჯები იქნა გაწეული“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

გასაჯაროვდეს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაცია - ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი

კითხვები პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა დავით ოქიტაშვილმა ხელისუფლებას პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ სრული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

ოქიტაშვილმა გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, შეესწავლათ, რა თანხები დაიხარჯა დაკრძალვის ორგანიზებისთვის, ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები და რამდენად მიზნობრივად განხორციელდა შესყიდვები.

მან კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძესაც წაუყენა ბრალდებები და იკითხა: „ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!“ ყოფილი მინისტრი ბრალდებებს არ გამოხმაურებია.

თინათინ (თიკა) რუხაძე

14 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირველადი მონაცემებით, კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი სამი მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.

„იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“, - თქვა მან და საზოგადოებას დეტალური ინფორმაციის წარდგენას დაჰპირდა.

16 სექტემბერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილის დაუხარჯაობის შესახებ საპატრიარქოს თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია.

ასევე ნახეთ

კობახიძის თქმით, „უფრო მეტად ჩაჰყვება“ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს

რა თანხა გამოიყო დაკრძალვისთვის?

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს, თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.

მთავრობის 20 მარტის განკარგულებით, დაკრძალვის ორგანიზებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 588 006 ლარი გამოიყო.

აქედან ყველაზე მეტი, 3 მილიონი ლარი, კულტურის სამინისტროს გამოეყო, რომელსაც იმ დროს თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა.

2026 წლის 15 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მაია ბითაძე დანიშნა.

ასევე ნახეთ

„ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ღარიბაშვილსა და მდინარაძეზეც ისაუბრეს - რას ამბობს კობახიძე?