დამოუკიდებელი შეფასებებით, პუტინი გადაჭარბებულად წარმოაჩენს უკრაინაში დაკავებული ტერიტორიის სიდიდეს

დამოუკიდებელი შეფასებებით, პუტინი გადაჭარბებულად წარმოაჩენს უკრაინაში დაკავებული ტერიტორიის სიდიდეს, 2026 წლის 17 ოქტომბერი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 16 ოქტომბერს, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ წლის დაწყებიდან რუსეთის ჯარისკაცებმა დაიკავეს უკრაინის ტერიტორიის 6,5 ათასამდე კვადრატული კილომეტრი და 310 დასახლებული პუნქტი. პუტინის თქმით, უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება დონეცკის ოლქის "10 პროცენტზე ოდნავ მეტი" და ზაპოროჟიეს 16,5 პროცენტი - ხოლო ლუგანსკის ოლქი "მთლიანადაა" რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ.

ამავე შეხვედრაზე პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის სამხედროების ამოცანაა დაიკავონ ე.წ. ბუფერული ზონა საზღვრის გასწვრივ, იმ მიზნით, რათა "უზრუნველყოფილი იყოს საზღვრისპირა ტერიტორიების აბსოლუტური უსაფრთხოება".

"ჩვენ არ ვაპირებთ ეს გადავაქციოთ განსახილველ საგნად უკრაინასთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში" - განაცხადა პუტინმა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, გაურკვეველია კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სიტყვებში, რადგან დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებისგან განსხვავებით, რუსეთს ოფიციალურად არ გამოუცხადებია ე.წ. "ბუფერული ზონის" ანექსია ხარკოვის და სუმის ოლქებში.

პუტინის მიერ დასახელებული ციფრები არ დასტურდება დამოუკიდებელი შეფასებებით. "ნასტოიაშჩეე ვრემია" აანალიზებს აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველთვიურ მონაცემებს, და მის თანახმად, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში რუსეთის არმიამ დაიკავა ან შეაღწია ათას კვადრატულ კილომეტრამდე სიდიდის ტერიტორიაზე - რაც დაახლოებით ექვსნახევარჯერ ნაკლებია პუტინის მიერ დასახელებულ მონაცემზე.

უკრაინის პროექტ DeepState-ის თანახმად, 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში რუსეთის სამხედროებმა უკრაინაში დაიკავეს 1,3 ათას კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია - რაც პუტინის მონაცემზე თითქმის ხუთჯერ ნაკლებია. ამასთან, რუსეთმა ამავე პერიოდში დაკარგა 480 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, უკრაინის კონტრშეტევების შედეგად.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 სექტემბერს The Wall Street Journal-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ 2026 წელს დაკავებულად დაასახელა 890 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, ხოლო უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებულად - 800 კვადრატულ კილომეტრამდე მიწა.

პუტინის განცხადებებს არ ადასტურებენ არც რუსეთის ომის მომხრე ტელეგრამის არხები, რომლებიც აქვეყნებენ ფრონტზე არსებული ვითარების თავ-თავიანთ რუკებს. ომის მომხრე არაერთმა ბლოგერმა პუტინის მიერ დასახელებული ციფრები ეჭვის ქვეშ დააყენა.

წლის დასაწყისიდან ოკუპირებული ტერიტორია გაიზარდა დონეცკის ოლქში დაახლოებით 565 კვადრატული კილომეტრით, ზაპოროჟიეში - 245-მდე კვადრატული კილომეტრით. იმისთვის, რომ პუტინის მიერ დასახელებული რიცხვები სწორი იყოს, რუსეთის არმიას ორ ოლქში უნდა დაეკავებინა კიდევ 4,8 ათასამდე კვადრატული კილომეტრი. ეს, როგორც "ნასტოიაშჩეე ვრემია" აღნიშნავს, შეესაბამება ამ ოლქის მთელ ტერიტორიას, რომელზეც ამჟამად უკრაინის კონტროლი ვრცელდება. საქმე ეხება დაახლოებით 18 პროცენტს და არა 11-ს, როგორც ამას პუტინი ამტკიცებს.

ლუგანსკის ოლქის სრულ კონტროლზე პუტინი პირველად არ ლაპარაკობს - თუმცა არც ეს ტერიტორიაა 100 პროცენტით ოკუპირებული რუსეთის მიერ. DeepState-ის მონაცემებით - რომლებშიც, ამ შემთხვევაში, ეჭვი არც რუსეთის ომის მომხრე არხებს შეაქვთ - ტერიტორიის 0,3 პროცენტამდე კვლავაც უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

ასევე ნახეთ

მოსკოვის აეროპორტებში ღამის განმავლობაში 350 რეისი გადაიდო ან გაუქმდა