აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, Starshield-ი - ანუ ე.წ. საბრძოლო პაკეტი, რომელიც ეფუძნება Starlink-ის სატელიტურ კავშირს - უკრაინისთვის ხელმიუწვდომელია. რუბიოს თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია უკრაინას ამ პაკეტით სარგებლობა.
უკრაინაში საკუთრივ Starlink-ის მუშაობის შეზღუდვებზე ლაპარაკისას, რუბიომ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მინიშნებები, რომ აშშ-მა განზრახ შეამცირა სიჩქარე, რომლითაც სისტემა უკრაინაში მუშაობს. რუბიოს თქმით, შეზღუდვები გაჩნდა გაურკვეველი მიზეზით, თუმცა ახლა ყველაფერი ნორმას უნდა დაუბრუნდეს. "Starlink-ის სიჩქარის შენელების ბრძანება არავის გაუცია" - თქვა რუბიომ.
ზელენსკი მანამდე აცხადებდა, რომ უკრაინაში შეზღუდულია Starlink-ის სიჩქარე, რის გამოც უკრაინის არმიას უჭირს ბრძოლა რუსეთის რეაქტიულ დრონებთან. უკრაინის მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირის სახელმწიფოებში ასეთი შეზღუდვები არ აღინიშნება. ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქმე ეხება აშშ-ის მიზანმიმართულ გადაწყვეტილებას. თუმცა ამას უარყოფენ როგორც SpaceX-ის მფლობელი, ისე თეთრი სახლის წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ
Starlink-ი, SBIRS-ი და უკრაინის ცა - რას დაკარგავს კიევი ამერიკული მხარდაჭერის გარეშე?Starlink-ის მუშაობის შენელების შესახებ უკრაინის არმიამ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა, მედია ამას უკავშირებდა ურთიერთობის დაძაბვას ვაშინგტონსა და კიევს შორის. ამავე დროს არაერთი კომენტატორი, მათ შორის უკრაინის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ შეზღუდვები ეხებოდა სწორედ Starshield-ს. რუბიოს განცხადებებიდან კი ჩანს, რომ ეს პაკეტი ისედაც არ იყო ხელმისაწვდომი უკრაინისთვის.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვარაუდით, ტერმინოლოგიაში განსხვავების მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ უკრაინის არმიისთვის ხელმისაწვდომი იყო Starshield-ის ტექნოლოგიის ცალკეული ელემენტები, თუმცა არა მთელი სისტემა. კერძოდ, უკრაინას მისი გამოყენება არ შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
რუბიომ ასევე ილაპარაკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უარზე ძალაში შესულიყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რაც შესაბამისობაში იქნებოდა კონგრესის მიერ მანამდე მიღებულ, "ლინდსი გრემის კანონთან". რუბიოს თქმით, აუცილებელია 60 დღის განმავლობაში გაანალიზდეს ამუშავების შემთხვევაში როგორ იმოქმედებს ეს სანქციები მსოფლიოს ეკონომიკაზე.
მანამდე ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი, წამყვანი რესპუბლიკელების ჩათვლით, ადმინისტრაციის კრიტიკით გამოვიდა იმის გამო, რომ მან უარი თქვა ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის განხორციელება, და არა ზეწოლის შემცირება.
რუბიოს თქმით, პრობლემა ისაა, რომ შემოთავაზებული ზომები ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ გადასახადებს მესამე ქვეყნებთან მიმართებითაც - მაგალითად ინდოეთთან. "მე ვთვლი, რომ პრეზიდენტს სურს ისარგებლოს ამ 60-დღიანი პერიოდით, რათა გაანალიზდეს მსოფლიოს ეკონომიკისთვის რა მნიშვნელობა ექნება როგორც სანქციების, ისე გადასახადების შემოღებას" - ამბობს სახელმწიფო მდივანი.
ჟურნალისტის კითხვას, თეთრი სახლის და კრემლის მიერ გამოცხადებული ე.წ. "დიზელის გარიგება" ხომ არ წარმოადგენს "საჩუქარს" რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის, რუბიომ უპასუხა, რომ რუსეთის დიზელის საწვავი ისედაც მოხვდებოდა მსოფლიოს ბაზარზე, ხოლო ამ გარიგების მიზანია აშშ-ის ინტერესების დაცვა.