„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელებაზე: ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებდნენ

ენგურჰესი

​ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესის, ენგურჰესის მმართველი კომპანია შპს „ენგურჰესი“ აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 24-25 ივლისს საქართველოს სრული ჩაბნელების დროს, "1,3 ,4 და 5 გენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები" სათანადოდ არ რეაგირებდნენ.

ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია შესყიდვების სააგენტოსთვის 29 სექტემბერს გაგზავნილ წერილში წერს.

„მიმდინარე წლის 24-25 ივლისის სასისტემო ავარიებმა, რომელიც განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს (დაირღვა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან პარალელური მუშაობის რეჟიმი) და რასაც მოყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1,3 ,4 და 5 გენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასისტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე“, - წერია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა მართვისა და კონტროლის სისტემების ახლი, თანამედროვე ციფრული მოწყობილობებით შეცვლა.

„ენგურჰესმა“ მოწყობილობების განსაახლებლად 560 000 ევროს ღირებულების კონტრაქტი „Voith Hydro GmbH” & Co KG-სთან 16 ოქტომბერს გააფორმა.

ასევე ნახეთ

ავარიები ელექტროსისტემაში - სემეკი რუსული კომპანიის კუთვნილი ჰესის საკითხსაც განიხილავს

რა მოხდა 24 და 25 ივლისს?

24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თბილისი და რეგიონები, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუშაობა.

გათიშვის შედეგად გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა წყალმომარაგების კომპანია GWP-ს სატუმბ სადგურსაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დროებით წყლის მიწოდებაც შეეზღუდა.

სემეკი ავარიების გამომწვევი მიზეზების შესწავლას შეუდგა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივლისს საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. მას შემდეგ სუსს გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ

საბოტაჟი თუ სისტემის პრობლემები? - ვეძებთ პასუხებს 2 დღეში 2-ჯერ ჩაბნელების მიზეზებზე

სემეკის 4 აგვისტოს სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ენგურჰესის“ შესაძლო არასწორ რეაგირებასაც.

კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თორნიკე აფრიაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანთან პარალელური კავშირის გაწყვეტის შემდეგ ელექტროსადგურებს სიხშირე და ძაბვა უნდა დაერეგულირებინათ.

თუმცა სემეკის წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, „ენგურჰესის“ აგრეგატების ძაბვის ავტომატურმა რეგულირებამ არასწორად იმუშავა და ეს 24 და 25 ივლისის ავარიების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილიყო.

სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ „ენგურჰესის“ აგრეგატების ძაბვის ავტომატურ რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზები ჯერ კიდევ 4 ივლისს დაფიქსირდა. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემამ ჰესის ხელმძღვანელობას 10 ივლისს წერილობითაც აცნობა.

ასევე ნახეთ

დენის გათიშვა 25 ივლისს „იმერეთს“ და „ენგურჰესს“ უკავშირდება - სემეკის პირველადი შეფასება

მესამე გათიშვა

24 და 25 ივლისის შემდეგ საქართველოს ელექტროსისტემა კიდევ ერთხელ, 5 აგვისტოს გაითიშა.

ამჯერად გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილი ტესტირების დროს მოხდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, შესაბამისი მოწყობილობების შესამოწმებლად აუცილებელი იყო სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, მათ შორის სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ მაჩვენებლებზე.

ამ პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ქვეყნის მასშტაბით შეწყდა.