უკვე მეორე დღეა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში იმყოფება. 19 ოქტომბერს მან მონაწილეობა მიიღო C5+1 (ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა და აშშ)-ის მინისტერიალში.
აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია რუბიოს ვიზიტს “ისტორიულს” უწოდებს, რომელსაც სახელმწიფო მდივანი 200-ზე მეტ ბიზნესლიდერთან ერთად ახორციელებს და რაც „სათავეს დაუდებს აშშ-სა და ცენტრალურ აზიას შორის უფრო ძლიერი კომერციული თანამშრომლობის ახალ ეპოქას“.
მინისტერიალის შემდეგ მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარეები თანხმდებიან:
ტერორიზმის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, უკანონო მიგრაციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების გავრცელებისა და იარაღის კონტრაბანდის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე;
ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კრიტიკული მინერალების ნაწილში მხარეებმა იმსჯელეს და შეთანხმდნენ ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე, რეგიონული დაკავშირებადობის განმტკიცებაზე; მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციაზე და კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკის, დიგიტალიზაციისა და ინოვაციების პროექტების განვითარებაზე;
რაზეა დამოკიდებული “შუა დერეფანში“ საქართველოს პოზიციონირება, პოტენციური ეკონომიკური ეფექტი და რა როლს თამაშობს აშშ-საქართველოს ურთიერთობის დღევანდელი სტატუსი?
მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად TRIPP-სა და ტრანსკასპიურ დაკავშირებადობაზე ნიუ-იორკში 22 და 23 სექტემბერს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ერთი ღონისძიების - „კეთილდღეობა მშვიდობის გზით: ინვესტირება ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და TRIPP-ში“ - ორგანიზატორი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მეორე კი იყო „კასპიის მე-7 ბიზნესფორუმი“, რომელსაც „კასპიის პოლიტიკის ცენტრმა“ (CPC) უმასპინძლა. ამ ფორუმზე საქართველო წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე.
„თუ საქართველო ვერ შეძლებს, რომ გახდეს, როგორც მინიმუმ, ინფრასტრუქტურულად სრულად გამართული, მაშინ ის დარჩება მხოლოდ ერთი, გეოგრაფიული ნიშით პოზიციონირებისთვის განწირული, “, - ამბობს „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) მკვლევარი ნინო ლეჟავა.
როგორ ცვლის TRIPP-ის ( „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) განვითარება სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო კონკურენციას; რატომ ჩანან ახალ რეგიონულ პროექტებში სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო მეტად, ვიდრე საქართველო; რა გავლენას ახდენს საქართველოს პოზიციაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა და რამდენად რეალურია საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიცია - ამ და სხვა საკითხებზე მკვლევარს ნინო გელაშვილი ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენასამბლეის პარალელურად გამართულ შეხვედრებზე დასწრებისას რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რას ეფუძნება და რაში ვლინდება შტატების მზარდი ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ?
ნინო ლეჟავა: გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულმა, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ ვაშინგტონი არის სერიოზულად განწყობილი ამ საკითხის მიმართ და ტრანსკასპიური დერეფნის გამართულობა, მისი ოპტიმალური ოპერირება არის საგარეო და კომერციულ დღის წესრიგში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე. რა მეტყველებდა ამ ყველაფერზე? - პირველ რიგში ის, რომ უშუალოდ ვაშინგტონი ხელმძღვანელობდა და იყო საკმაოდ მაღალ დონეზე ჩართული ამ ღონისძიებებში - სტივ უიტკოფით დაწყებული, სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამდებობის პირებით დამთავრებული, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ამ საკითხებზე.
19 ოქტომბერს მასპინძელი ქვეყნის - უზბეკეთის - საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაიხსენა C5+1-ის 2025 წლის სამიტი, ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით და აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში აშშ-სა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას შორის კომერციული შეთანხმებებისა და გარიგებების გზით მოხერხდა 25 მლრდ აშშ დოლარზე მეტის მოზიდვა და დაგეგმილია კიდევ 100 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვა:
„ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი რეგულაციების შესაბამისობის გაზრდაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, სანდო თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებაზე და რეგიონის სამუშაო ძალის განვითარებაზე, რომ ამერიკულ კომპანიებს, რომლებსაც აქ ბიზნესის კეთება სურთ, პროფესიონალი პარტნიორები ჰყავდეთ. გვსურს, ამ რეგიონმა განაგრძოს წინსვლა და იქცეს 21-ე საუკუნის კომერციული დიპლომატიის ჰაბად, ვინაიდან ეს ჩვენს ინტერესშია - როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით“, - განაცხადა მარკო რუბიომ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.
გზავნილები იყო ძალიან სინქრონიზებული. ერთი ძირითადი გზავნილი, რაც უიტკოფმა გააჟღერა, იყო ის, რომ პროექტს აქვს პოტენციური სარგებელი, რომელიც შეიძლება გასცდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს და მოგებას და მას შეუძლია შექმნას ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო არტერია, დააჩქაროს საქონლის გადაადგილება, გააფართოოს ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომა და რაც მთავარია, გააძლიეროს ამერიკული კომპანიების როლი ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. იგივე ნარატივი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების - მარკ კამერონისა და პიტერ ანდრეოლის - განცხადებებშიც. ამაზე ასევე ისაუბრა უიტკოფის მრჩეველმა ერაია ლაითსტოუნმა სომხური მედიისთვის TRIPP-ის გამოცხადებიდან ერთი წლისთავზე მიცემულ ინტერვიუში. მან ილაპარაკა რეგიონის „განბლოკვაზე“- ანუ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ისტორიული გამოწვევების აღმოფხვრაზე და ამ რეგიონის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე.
ვაშინგტონში, ამ რეგიონებთან მიმართებაში, სტრატეგიული ხედვები წარსულშიც ჰქონდათ, თუმცა მათი კომერციულ რეალობად გადაქცევის თანმიმდევრულობა აკლდათ. ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლამდე, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი ფიქრობდა, რომ ევრაზიაში ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენულ განვითარებას და სტრატეგიულ მდებარეობას. და ისევე როგორც დღეს, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის დაკავშირებადობის კონტექსტში, აზერბაიჯანს განსაკუთრებული როლი ეკავა კასპიის რეგიონისა და მის მიღმა სივრცეებზე წვდომის კუთხით. ახლაც იგივე ლოგიკა მოქმედებს: TRIPP-ის პარალელურად ვაშინგტონმა საკმაოდ დიდი შრომა ჩადო აზერბაიჯანთან მისი ურთიერთობების დალაგებაში და C5+1 ფორმატის წამოწევაში.
С5+1 პლატფორმა 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, დღევანდლისგან განსხვავებულ კონტექსტში შეიქმნა. დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობისას ცენტრალური აზიის მიმართ ინტერესში მკაფიოა კომერციული ფაქტორი და ეს ნათლად დადასტურდა 2025 წელს, პლატფორმის შექმნის ათი წლისთავზე გამოქვეყნებული ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადებითაც, რომლის ბოლო თავი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტსა (იგივე „შუა დერეფანს“) და დაკავშირებადობის გაძლიერებას ეთმობა. „შუა დერეფნისა“ და TRIPP (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“)-ის პროექტებში აქტიურობით ვაშინგტონი ცდილობს, აღნიშნულ არეალში მანევრის სივრცე შეუზღუდოს ჩინეთს, რუსეთსა და ირანს.
ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა იმით გამოირჩევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან მიმართებით, რომ დღევანდელი ვაშინგტონის პოლიტიკური განცხადებები, ხედვა და პრაქტიკული ნაბიჯები ერთმანეთთან მკაფიო სინქრონშია. დაკავშირებადობის და ვაჭრობის კუთხით, დღეს ამერიკა ქმნის კორპორატიულ სტრუქტურებს, ხელს უწყობს რეგიონში სამშვიდობო პროცესების განვითარებას, კერძო კაპიტალის და ბიზნესის მოზიდვას და შემდგომი ინფრასტრუქტურული თანამშრომლობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. ამ ყველაფერს მოწმობს რეგიონის ლიდერების განცხადებები, ტრანსკასპიური საწარმოო ფონდი მისი საწყისი კაპიტალით, აშშ-სომხეთის TRIPP განვითარების კომპანია, ამერიკული კომპანია „აეკომის“ საველე სამუშაოები და ა.შ.
მანამდე, ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას ჩაეყარა საფუძველი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ ტალბოტის მხარდაჭერით, რომელმაც სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ამერიკისთვის „სტრატეგიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ რეგიონები უწოდა. ამავე ხედვის საკანონმდებლო გამოხატულება იყო 1999 წლის Silk Road Strategy Act-ი, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის მიერ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის, რეგიონული თანამშრომლობისა და დასავლეთთან კავშირების გაძლიერებას, რითაც ხელს უწყობდა რუსეთის გავლენისგან მათი სტრატეგიული ავტონომიის განმტკიცებას.
რადიო თავისუფლება: კი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დიდხანს სამხრეთ კავკასიაში აშშ-სთვის საქართველო იყო მთავარი პარტნიორი ქვეყანა.
ნინო ლეჟავა: დღეს სხვაობა არის ის, რომ ტრანზაქციულია ვაშინგტონის ხედვა და გაცილებით მეტად ეყრდნობა ამერიკის ეროვნულ ეკონომიკურ ინტერესებს, ჩინეთთან და რუსეთთან კონკურენციას და ამას არავინ არ მალავს. მაგალითად, არიზონის კონგრესმენი სიტყვით რომ გამოვიდა, პირდაპირ თქვა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ამერიკის პოზიციონირების გაუმჯობესებას მიწოდების ჯაჭვებსა და მინერალურ რესურსებზე წვდომის კუთხით, რაც თავის მხრივ გეოპოლიტიკური დაწინაურების საფუძველია.
ნიუ-ორკის ღონისძიებების საუბრებში გამოიკვეთა, რომ ამერიკელ კოლეგებს კარგად ახსოვთ ბაქო-თბილისი-ყარსის ქეისი, როდესაც ბუშის ადმინისტრაციამ დაბლოკა პროექტის დაფინანსება - იმ პროექტის, რომელიც ახლა "შუა დერეფნის" უმნიშვნელოვანესი სახმელეთო მექანიზმია. დასკვნა ასეთი აქვთ გამოტანილი, რომ არ შეიძლება ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა მუდმივად მიებას ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. თუმცა ვაშინგტონის მაშინდელი უარი სომხეთის სარკინიგზო არქიტექტურიდან გამოთიშვას უკავშირდებოდა, რაც დღევანდელობას ახალი პერსპექტივითაც ეხმიანება.
რადიო თავისუფლება: ეს ვისი ხედვაა, ვის პოზიციად შეიძლება გავავრცელოთ?
ნინო ლეჟავა: ეს იყო ამერიკელი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ახლა არის კერძო ბიზნესში.
რადიო თავისუფლება: თავად TRIPP-ის გამოცხადება ემთხვევა ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის 2025 წლის 8 აგვისტოს ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერაც არის. დღემდე, „შუა დერეფნის“ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის ნაწილზე საუბრისას უპირატესად სახელდება სომხეთი და აზერბაიჯანი. თქვენი შეფასება მაინტერესებს - რატომ არ არის აქ სამხრეთ კავკასიის მესამე ქვეყანა, საქართველო, როგორც თანასწორი აქტორი დერეფანში?
ნინო ლეჟავა: გეთანხმებით, რომ ახლა გაცილებით წინ წამოწეული არიან სომხეთი და აზერბაიჯანი - TRIPP-ი. საქართველოც უკან, კულისებში ჩანს, როგორც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი, ვინაიდან გეოგრაფიას ვერ შეცვლი, მაგრამ ალბათ უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მიუხედავად ტრანზაქციული მიდგომებისა, მაინც არსებობს დამოკიდებულება, რომელსაც განაპირობებს ამერიკასა და საქართველოს შორის გაუარესებული ურთიერთობები და შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მიერ გადადგმული საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც წინააღმდეგობაშია ამერიკის ინტერესებთან ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში ირანის ფაქტორმაც თავისი როლი ითამაშა.
ასევე ნახეთ
"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილებიპიტერ ანდრეოლიმ (სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - რ.თ.) თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ხედვას, რომ TRIPP-ი არ არის სხვა დანარჩენი მარშრუტების ალტერნატიული მარშრუტი, არამედ ეს არის შემავსებელი გზა იმ დიდ სისტემაში, რომელსაც ჰქვია „შუა დერეფანი“ და ახსენა, რომ „ამაზე საუბარი ამერიკულ მხარეს ქართველ მეგობრებთან ჰქონდა“. როგორც ჩანს, საქართველოში მარშრუტების კონკურენციის საკითხზე დისკუსია დაიწყო, ეს ვაშინგტონისთვისაც ცნობილი გახდა, შესაბამისად ამაზე ისაუბრეს. სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლების რიტორიკაც იგივე იყო - დამატებით იმ ნარატივისა, რომ თუ მაინც წარმოიქმნება ჯანსაღი კონკურენცია, ეს მხოლოდ დააჩქარებს მეტი ინვესტიციის მოზიდვას მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება საქართველოში ძალაუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ პოზიციას, ყველაზე ხშირად რაც ისმის როგორც TRIPP-ის ინიციატორის, ისე მისი მონაწილეების გასაგონად, არის ის, რომ საქართველო „რეგიონულ ჰაბად“ უნდა ჩამოყალიბდეს. როდესაც 2025-ის აგვისტოში TRIPP-ის პროექტი გამოცხადდა, იმავე წლის ნოემბერში საქართველოში იმყოფებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი. ოფიციალური ინფორმაციით, მან მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე TRIPP-ის მიმართ საქართველოს პოზიციაზე ილაპარაკა. დღეს რამდენად საკმარისია საქართველოს პოტენციალი იმისთვის, რომ აშშ-მა ის მიიღოს სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყნის თანაბარ პარტნიორად?
ნინო ლეჟავა: ამ შეკითხვას პასუხი რომ გავცეთ, ალბათ, ყველაზე კარგი იქნება, თუ განვიხილავთ „მსოფლიო ბანკის“ უახლეს ანგარიშს - „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის ვაჭრობის ლოგისტიკა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ“(INTEGRATION World-Class Trade Logistics Along the Trans-Caspian Transport Corridor). ის დეტალურად და მკაფიოდ განსაზღვრავს ყველაფერს, მათ შორის საქართველოს როლს ამ პროცესებში.
ანგარიშის ავტორები „შუა დერეფანს“ არ წარმოაჩენენ, როგორც გარანტირებულად წარმატებულ პროექტს, ბევრი წინაპირობაა ამისთვის განხილული - მათ შორის, 16 პრიორიტეტული სარკინიგზო და საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურული ინიციატივა, რომლებიც დაუყოვნებლივ საინვესტიციო საჭიროებას მოითხოვს, საერთო ღირებულებით დაახლოებით 25,1 მლრდ აშშ დოლარი. ამ პროექტების ეფექტიანი განხორციელება დროში, უზრუნველყოფს „შუა დერეფნის" ოპტიმალურ ოპერატიულობას.
კრიტიკული 16 პროექტის ჩამონათვალში საქართველოს პასუხისმგებლობაში შემავალი რამდენიმე დიდი პროექტია, მათ შორის ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტი. რაც კიდევ თვალში მომხვდა, არის ის, რომ "მსოფლიო ბანკი" საქართველოს შავი ზღვის მიმართულებასა და სომხეთის გავლით შესაძლო ახალ სარკინიგზო განშტოებას, აშშ-ს მსგავსად, ერთ ფართო სატრანსპორტო დერეფნის კონტექსტში განიხილავს. ანგარიშის მოდელირების თანახმად, სომხეთის გავლით ახალი სარკინიგზო განშტოება შესაძლოა ბაქო–თბილისი–ყარსის ხაზის ოპერაციულად კონკურენტუნარიანი ალტერნატივა გახდეს, თუმცა შავი ზღვის განშტოება დომინანტურ როლს ინარჩუნებს განხილული სცენარების უმეტესობაში.
აქვეა საუბარი ფოთის პორტის გამოწვევებზე - მისი ტვირთბრუნვა, ამ ანგარიშის მიხედვით, მაქსიმალურია - საჭიროა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემოყვანა ამ სურათში.
ანგარიშში, როცა საუბარია „შუა დერეფანზე“, სამხრეთ კავკასია იყოფა სამ ნაწილად. აზერბაიჯანი დასახელებულია, როგორც „შუა დერეფნის“ სამხრეთ კავკასიის ნაწილის კასპიის კარიბჭე და სატრანზიტო ჰაბი. საქართველო - როგორც შავი ზღვის კარიბჭე და საზღვაო-სარკინიგზო ხიდი და ყველაზე საინტერესო და ახალი რაც არის, სომხეთი შემოყვანილია, როგორც პოტენციური ახალი სამხრეთის განშტოება, ამჟამად არასაკმარისი დაკავშირებადობით და ეკონომიკით.
აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრანსკასპიურ დერეფანში განვითარდეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა, არამედ მრავალშრიანი ეკოსისტემა, რომელიც ამ დაკავშირებადობას კომერციულად სიცოცხლისუნარიანს, დამოუკიდებელს და მომგებიანს გახდის. რაც პირდაპირ ბმაშია საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი, სტაბილური და გამჭვირვალე გარემოს შექმნასთან. გარდა ამისა, ამერიკის გადმოსახედიდან, დერეფანმა უნდა შეზღუდოს რუსეთის, ირანის და ჩინეთის შესაძლებლობა, რომ მათ განსაზღვრონ რეგიონული და კონტინენტური მიწოდების ჯაჭვების განვითარების პირობები და თამაშის წესები. ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რა საკითხებზე აქვს სამუშაო საქართველოს, რომ ვაშინგტონმა ის მიიღოს სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყნის თანაბარ პარტნიორად.
ასევე ნახეთ
„გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება“ - რა გვიპასუხა ჩინეთის საელჩომ ანაკლიის პორტზე დასმულ შეკითხვებზესაქართველოს ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში ამ პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობები შეზღუდულია. და ამას მხოლოდ საგარეო პოლიტიკური კურსის გამო არ ვამბობ, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურულ ფაქტორებსაც ვითვალისწინებ. აზერბაიჯანის ჰაბად ჩამოყალიბება უფრო რეალისტურია, მისი, როგორც რეგიონული, გეოპოლიტიკური მოთამაშის პოზიციონირებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ ენერგორესურსებს, გეოგრაფიული მდებარეობას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, საერთაშორისო პოზიციონირებას - ურთიერთობებს, როგორც ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობაში, ისე აღმოსავლეთის ფლანგთან.
"მსოფლიო ბანკის" ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა თავისთავად ჰაბის გარანტირებულ წინაპირობას არ ქმნის. საჭიროა გამართული რკინიგზა, საკმარისი საპორტო სიმძლავრეები, საიმედო ლოგისტიკა, კონკურენტუნარიანი ტარიფები და ქვეყნებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია, საინვესტიციოდ სანდო გარემო. ანაკლია ამ სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ პორტის აშენება თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველო სრულფასოვან რეგიონულ ჰაბად იქცევა.
ასევე ნახეთ
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდებაანაკლიის საკითხის დალაგება ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, საინტერესოა ისიც, რომ დროის ერთ მონაკვეთს ემთხვევა ამერიკელების ჩამოსვლა საქართველოში, ოფიციალური შეხვედრები და შემდგომ საჯარო განცხადება, რომ სახელმწიფო გადადის ლენდლორდ-მოდელზე. განვითარების გარკვეული სცენარია, რომელიც ჩინელების პროცესებიდან გასვლით სრულდება. "მსოფლიო ბანკის" ანგარიში დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა აქვე იბადება შეკითხვა იმ ამბიციების ფონზე, რაც საჯაროდ ჟღერდება - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თუნდაც ორი წლის წინ რომ ყოფილიყო უკვე გამართული, საქართველოს პოზიციონირება როგორი იქნებოდა დღეს? როგორც მინიმუმ, გაცილებით მეტი სიმძლავრით და მედეგობით შეხვდებოდა ალტერნატიული მარშრუტების გაჩენას წამყვანი პოზიციიდან ხომ?! თუმცა დღეს პორტისგან დამოუკიდებლად, "მსოფლიო ბანკის" ანგარიშებში, საქართველოსთვის დასახელებულია არა მხოლოდ საპორტო სიმძლავრეების, არამედ რკინიგზის, ლოკომოტივების, გზების, სასაზღვრო კავშირებისა და ლოგისტიკური ოპერაციების გამოწვევებიც.
ასევე ნახეთ
ფოთის პორტი დატვირთვის პიკზეა, რკინიგზის ვაგონები მოძველებული - რას წერს მსოფლიო ბანკი?რადიო თავისუფლება: მესმის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობდა სხვა პოზიციაში ყოფილიყო ახლა საქართველო, მაგრამ, როგორც ჩანს, დინამიკა მაინც არის და ამას ადასტურებს ეს განცხადებებიც, რომ „უპრეცედენტო დაინტერესებაა ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მიმართ და სახელმწიფო აღნიშნულ პროექტს გეგმა-გრაფიკის მიხედვით ავითარებს“, რომ „ანაკლია დაუკავშირდეს შესაბამის სატრანსპორტო კვანძს“.
ნინო ლეჟავა: კი ბატონო, საქართველოს ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარება წლების წინ შეეძლო. დღეს კი ვითარება შეიცვალა: რეგიონში ახალი სატრანსპორტო მარშრუტები და თანამშრომლობის ფორმატები ყალიბდება და საქართველოს უკვე დროის ფაქტორის გათვალისწინებით უწევს მოქმედება. TRIPP-ის შემთხვევაში ამას კონკრეტული განზომილებაც აქვს. ამერიკული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია AECOM-ი უკვე ჩართულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებაში და წლის ბოლომდე წარმოადგენს ანგარიშს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან შეფასების შედეგებმა შესაძლოა ინვესტორებსა და მთავრობებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი საფუძველი მისცეს.
საქართველოსთვის ეს ერთგვარ სტრატეგიულ ვადას ქმნის, არა იმიტომ, რომ ვინმეს ოფიციალურად აქვს დაწესებული კონკრეტული დედლაინი, არამედ იმიტომ, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები თანდათან ცვლის სატრანზიტო კონკურენციის პირობებს. ამ პროცესზე გავლენას გრძელვადიანად ბევრი ფაქტორი ახდენს: როგორ განვითარდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი; როგორ გაიხსნება და იმუშავებს რეგიონული სარკინიგზო და სავაჭრო კავშირები; როგორ პოზიციონირებენ რუსეთი, ირანი და ჩინეთი; რეალურად გასცდება თუ არა TRIPP-ი ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე პრიორიტეტებს და დაიკავებს ადგილს აშშ-ის საგარეო ინტერესების მუდმივ პორტფოლიოშიც; რამდენად სწრაფად შეძლებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და მათი პარტნიორები ახალი პროექტების პრაქტიკულ განხორციელებას.
თუ საქართველო ვერ შეძლებს, რომ გახდეს, როგორც მინიმუმ, ინფრასტრუქტურულად სრულად გამართული, რაც მოიცავს ასევე გაციფრულების პროექტებს, საბაჟოზე პრობლემების გადაჭრას, რეგიონის ქვეყნებთან კოორდინაციაში მოქმედებას, მაშინ ის დარჩება მხოლოდ ერთი, გეოგრაფიული ნიშით პოზიციონირებისთვის განწირული. ანუ, საქართველო ყოველთვის იქნება შავ ზღვასთან და ევროპულ ბაზართან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა, მაგრამ შეიძლება არ იყოს ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, ინვესტიციებისთვის საკმარისად სტაბილური და გამჭვირვალე. ამიტომ, როგორც დღეს გვესმის TRIPP-თან მიმართებით აზერბაიჯანი და სომხეთი და ნაკლებად გვესმის საქართველო, შემდგომშიც ასე გაგრძელდება
რადიო თავისუფლება: ტრანზაქციულობის გაგებაზე ხშირად გვესმის, განსაკუთრებით ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს და ეს არ უკავშირდება მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ მთლიანად მის საგარეო ქმედებებს. რა საზღვრები აქვს ამ ტრანზაქციულობას, რა არის მისი არსი? ხომ არსებობს გარემოებათა ლიმიტები? ყველაფერს ხომ ვერ ჩამოეფარება ეს ტრანზაქციულობის ფარდა?
ნინო ლეჟავა: გულწრფელად გითხრათ, ასეთი ზუსტი განსაზღვრება, მათ შორის ლიმიტებზე მეც არ მსმენია, მაგრამ ალბათ აშშ-საქართველოს შემთხვევაში ორი ქვეყნის ურთიერთობებიდან უნდა გამოვიდეთ და ამ ურთიერთობების ასიმეტრიულობიდან, ანუ რა მიმართულებით არის დინება და ვინ განსაზღვრავს ამას. ცალსახაა, რომ საქართველო არ არის დომინანტი ამ ურთიერთობაში. ის გაცილებით მოწყვლად პოზიციაში დგას. შეკითხვა ალბათ ისაა, რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის და რა როლი და ფუნქცია შეიძლება მან შეითავსოს. ალბათ, ეს უფრო განსაზღვრავს ამ ტრანზაქციულობის მასშტაბებს და ლიმიტებს.
ასევე ნახეთ
„საქართველო მარტივი ნადავლი იქნებოდა“ - პროფ. ნილ მაკფარლეინი რუსეთის შესაძლო გეგმებზედღევანდელ ამერიკას რაც უნდა საქართველოსგან, ის პროგრამა-მინიმუმი და საბაზისო საკითხები მიღებული აქვს. დანარჩენი, დემოკრატიის განვითარებას რაც შეეხება და ამერიკის გადაუდებელ ინტერესებს - სამწუხაროდ, არა მგონია ეს იმავე სიბრტყეში იყოს დღეს, რომელშიც არის მიწოდების ჯაჭვები და ინფრასტრუქტურა ტრანსკასპიურ დერეფანში. ბოლო განცხადებები და ქმედებები „ქართული ოცნების“ (რამდენად მოვა სისრულეში, სხვა საქმეა) ვაშინგტონის გადმოსახედიდან დინამიკად აღიქმება. ისიც დინამიკაა, რომ ლენდლორდის მოდელი იქნება ანაკლიაში, სახელმწიფო ეცდება 7 მილიარდის მოზიდვას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ანუ, ნომერი პირველი პრიორიტეტი ამ ტრანზაქციულობაში რაც არის “შუა დერეფნის“ თუ TRIPP-ის კუთხით, იმას ჯერჯერობით, შეიძლება შედარებით ნელა, მაგრამ მაინც ცდილობს ქართული მხარე, რომ რაღაცნაირად ფეხი აუწყოს, რაც სხვა რაკურსით, ორმხრივი თანამშრომლობის გადატვირთვის წინაპირობას ამ ეტაპზე მაინც არ წარმოადგენს.