42 წლის ჰარიმ, ბრიტანეთის მეფის უმცროსმა ვაჟმა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სერიოზული უთანხმოება გამოიწვია, როდესაც მეუღლესთან, მეგანთან ერთად სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვა
და 2020 წელს კალიფორნიაში გადასახლდა, საიდანაც სამეფო ოჯახს აქტიურად აკრიტიკებდა.
მას წლებია, თითქმის არ უსაუბრია უფროს ძმასთან, ტახტის მემკვიდრე პრინც უილიამთან, ხოლო მამასთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ახლახან დაიწყო.
ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ჰარიმ, რომელიც მეგანთან და ორ შვილთან ერთად ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა, აღნიშნა, რომ ურთიერთობების მოწესრიგება სურს.
„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ყველაზე მნიშვნელოვანი შერიგებაა,“ - განუცხადა მან GQ-ს.
მისი თქმით, ესმის, რატომ იწვევს მისი ოჯახის მდგომარეობა ასეთ დიდ ინტერესს, რადგან მსგავსი პრობლემები ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია.
სასექსის ჰერცოგმა GQ-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „იარები სამუდამოდ რჩება“, მას სურს ყველას მოუწოდოს, წარსული უკან ჩამოიტოვონ.
„ჩემი აზრით, მსოფლიოში ისედაც საკმარისი დრამაა და ადამიანების ცხოვრებაშიც იმდენი რამ ხდება, რომ ოჯახურ უთანხმოებებს გამოვეკიდოთ. ეს ამად არ ღირს,“ - თქვა მან.
მან ასევე განმარტა ბრიტანეთში დაბრუნების მიზეზი და აღნიშნა, რომ შვილების ბრიტანულ სკოლაში შეყვანას მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
„არც კი ვიცოდი, ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთებას ვეცდებოდით, მაგრამ ახლა ისინი
უკვე ორი კვირაა სკოლაში დადიან. ძალიან მოსწონთ და ეს მათ სრულიად ახალ გამოცდილებას აძლევს.“
პრინცმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანულ პრესასთან მისი დაძაბული ურთიერთობა, რაც თავის დროზე ქვეყნის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი გახდა და რამდენიმე სასამართლო დავამდეც მივიდა, უკეთესობისკენ შეიცვლება.
"ისევე როგორც ყველაფერში, რაც მსოფლიოში ხდება, წარსულსაც აქვს ისეთი ასპექტები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ყველას - მეც, ჩემს ოჯახსაც და ბრიტანულ პრესასაც - გვსურს უკან მოვიტოვოთ და საერთო კეთილდღეობისთვის ვიმუშაოთ.“