„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება უბრალოდ იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე არ მოსწონს, ბიოგრაფია არ მოსწონს ან მისი განვლილი გზა, ეს არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს და ზოგადად სამართლებრივ საფუძვლებს“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
მან ასევე გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ დაყენებული თვითაცილების არდაკმაყოფილების შემთხვევა და მას „მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილება“ უწოდა.
პლენუმის შვიდივე წევრის აცილება მოითხოვა წინა ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ. მან წაიკითხა მოსამართლეთა ბიოგრაფიები და შემდეგ თქვა:
„საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი, არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად...
მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, - თქვა წითლიძემ.
მან მოსამართლეები კლანის წევრებად მოიხსენია, რის გამოც სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, გააფრთხილა.
ასევე ნახეთ
"კლანი და ასეთი ტერმინები[...], ამას სასამართლო არ მიიღებს" - მოსამართლე ნადარაია ანა წითლიძესმხოლოდ სამი მოსამართლის აცილება მოითხოვა „ლელო - ძლიერმა საქართველომ“. პარტიის წარმომადგენელმა კახი სამხარაძემ თქვა, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, სერჟანტ როინ შავაძის საქმეში ზემდგომი პროკურორი იყო:
„ასევე ვაყენებთ ორი ახლადდანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას: ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი. 24 სექტემბერს შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ 3 დღეში დაინიშნა ეს ორი ახალი მოსამართლე. იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც წარმოადგინა საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში, ამ ორი მოსამართლის თანამდებობაზე განმწესებით, რომელიც სწორედ მათ ხელში იყო, მათი გავლენის ქვეშ იყო და ეფექტური კონტროლი სწორედ მათ ხელში იყო, რომ ეს ორი წევრი დაენიშნათ სასამართლოში, მოიპოვეს სრული გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სერგო მეთოფიშვილის და გოგა კიკილაშვილის აცილება დასაბუთებულია“.
მოსამართლეების აცილების საკითხს დაეთანხმა „კოალიცია ცვლილებისთვის“, პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ კი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.
ასევე ნახეთ
ვინ მონაწილეობს პროცესში, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენსაკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.