მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

ფოტოკოლაჟი: საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა პატიმრობაში მყოფი პარტიის ლიდერების, მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შესახებ. მოპასუხე მხარე ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქმის შესახებ მნიშვნელოვან გარემოებებზე ფლობდა ინფორმაციას.

„მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელი...

[„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს.

თუ სასამართლოს სურს, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის ავტორი „ქართული ოცნება“.

„აქ წარმოჩენა იმისა, რომ სრულიად უცხო ადამიანები მოვიდნენ კომისიაზე და რაღაც ილაპარაკეს, ეს არ არის სწორი. ამაში დარწმუნდებით, როგორც კი ამ დასკვნის სქოლიოში ჩაიხედავთ“, - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა, „ქართული ოცნების“ წევრმა.

პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით.

„[პლენუმი] ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქედან, რომ შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ, სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

პლენუმმა დღევანდელ, 21 ოქტომბრის, სხდომაზე ასევე არ დააკმაყოფილა რამდენიმე მოთხოვნა:

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.

ასევე ნახეთ

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ასევე ნახეთ

ვინ მონაწილეობს პროცესში, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენ