"დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის" - სალომე ზურაბიშვილი

"ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ყველა, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი 21 ოქტომბერს, 18:00 საათზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მოკლედ

  • საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვით ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.
  • ის აკრიტიკებს არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, "რაღაცნაირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომც მე კარგი ვარ, კარგი მონა ვარ და კიდევ დაგემონებით."
  • მეხუთე პრეზიდენტის ამბობს, რომ დღეს მნიშვნელოვანია, არა კონკრეტული პარტიები, არამედ ქვეყნის ინტერესია დასაცავი, სადაც მმართველმა პარტიამ, ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც კი არ დატოვა.
"დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების, დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს არის ის დღე, როცა "ქართული ოცნება" ცდილობს, და ვერ მიაღწევს ამას, დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში", - ასე იწყება ვიდეომიმართვა.

მისი შეფასებით, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, იშვიათი მოვლენაა და ჯერ არცერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია - "რასაც ქვია აკრძალვა ყველასი."

"თუ ვინმეს შეუძლია, რომ დაასახელოს რომელიმე ინსტიტუტი, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელიც არ არის ბოლომდე "ქართული ოცნების" ხელში, სპეციალურ პრემიას გადავცემ", - ამბობს ის და აქვე აკრიტიკებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიას "გახარია საქართველოსთვის". ამ პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ითხოვდნენ მათი საქმე ცალკე განხილულიყო - მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. სასამართლო განხილვის პარალელურად ამ პარტიის წევრები სოციალურ ქსელებში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ცინიკურ მოსაზრებებს წერდნენ.

"იმ დროს, როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება, არც სოლიდარობაა, არც რამე გულშემატკივრობა სხვების, რა მნიშვნელობა აქვს, აქ რომელ პოლიტიკურ პარტიას ეხება.

მე, ჩემი გემოვნება, თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაში არ არის - აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ვერ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები თუ ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

5-წუთიანი ვიდეომიმართვის ბოლოს ის მოქალაქეებს ერთად დგომისკენ და ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ასევე ნახეთ

შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდა

საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო - სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.