მსოფლიოს მასშტაბით დროებით გათიშული საიტების მუშაობა აღდგა

ნიდერლანდის მთავრობის გათიშული ვებსაიტი. 2026 წლის 21 ოქტომბერი

დიდწილად აღდგა მსოფლიოს მასშტაბით პრევენციის მიზნით დროებით გათიშული სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების ვებსაიტების მუშაობა.

ევროპასა და აზიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ორგანიზაციის ვებსაიტები 21 ოქტომბერს გათიშეს მას შემდეგ, რაც ღია კოდის მქონე სერვერული პროგრამირების ენას, PHP-ს ორი კრიტიკული ხარვეზი აღმოუჩინეს.

  • PHP ვებსაიტებისა და აპლიკაციებისთვის გამოიყენება.
  • ის უზრუნველყოფს ინტერნეტის მნიშვნელოვანი ნაწილის მუშაობას.

სერიოზული საფრთხე

PHP-ს კრიტიკული ხარვეზები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აღმოუჩინეს კომპანიების, Calif-ის და Wiz-ის ექსპერტებმა.

ეს ხარვეზი (PHP2Shell) ქმნიდა ინტერნეტის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს. მათ შორის, ჰაკერებს აძლევდა სერვერებზე სრული კონტროლის მოპოვებისა და მონაცემთა ბაზების მოპარვისა და წაშლის შესაძლებლობას.

აშშ-ის სპეციალურმა სამსახურებმა გასცეს რეკომენდაცია, რომ თუ ორგანიზაციები სისტემების სასწრაფოდ განახლებას ვერ ახერხებდნენ, საიტები და სერვერები დროებით გაეთიშათ. ანალოგიური რეკომენდაციები გასცეს დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, იაპონიის და ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სამსახურებმა.

აღდგენის პროცესი

მსოფლიოს მასშტაბით ვებსაიტების მუშაობის აღდგენის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში PHP Foundation-მა, რომელიც სერვერული პროგრამირების ენის მხარდაჭერას და განვითარებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოების სისტემის განახლების გაშვება დაიწყო.

მანამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დროებით გათიშული იყო სახელმწიფო უწყებების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების საიტები.

ასევე ნახეთ

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა