უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რჩება დაახლოებით 1700 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, რომლებიც რუსეთის მხრიდან სრული ბლოკადის პირობებში ცხოვრობენ. მოსახლეობას არ აქვს საკვები და მედიკამენტები, ქალაქში არ არის ელექტროენერგია, გაზი და სასმელი წყალი. ამასთან, რუსი სამხედროები უარს ამბობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფაზე.
რამდენიმე ხნის წინ უკრაინელმა სამხედროებმა დრონების საშუალებით ქალაქის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება შეძლეს. თუმცა, ადგილობრივების მონათხრობის თანახმად, დახმარების მიმღები ადამიანები რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს და „სარდაფებში ჩაყარეს“.
ასევე ნახეთ
“იცით, რას წარმოადგენს ოლეშკის მორგი?” - როგორი სახე აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფასრადიო თავისუფლების პროექტ The Current Time-თვის მიცემულ ინტერვიუში პინა პიჩერნომ განაცხადა, რომ მის აქციას უკვე 450-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი რუსეთის ხელისუფლებისგან ოკუპირებულ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებასა და მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზებას მოითხოვენ.
პიჩერნო ასევე ამბობს, რომ არ სჯერა, თითქოს ვლადიმირ პუტინი მზად იყოს უკრაინასთან მშვიდობის დასამყარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს.
პინა პიჩერნოს თქმით, მისი საპროტესტო აქცია მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებაა, რომლის მიზანიც ოლეშკიში შექმნილ მდგომარეობაზე ყურადღების მიპყრობაა:
„არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ უამრავი ადამიანი, ფაქტობრივად, შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას და ეს ხდება საყოველთაო გულგრილობის ფონზე. მე ვარ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელიც ორ რამეს განასახიერებს: დემოკრატიასა და თავისუფლებას. არ შემიძლია შევეგუო იმ აზრს, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება, 50-ზე მეტი ბავშვი და 1700-ზე მეტი ადამიანი შეიძლება შიმშილით დაიღუპოს! ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოლეშკისა და იქ მცხოვრები ადამიანების დასაცავად გაერთიანდეს. ჩემი ამ ქმედებით ოლეშკის მცხოვრებლებს ისიც მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არიან, არავის დავიწყებიან და რომ ევროპელი ლიდერები მათ მხარეს დგანან. ეს ჩემს მოვალეობად და პასუხისმგებლობად მიმაჩნია”.
პინა პიჩერნო ასევე მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს.
“პუტინს ვეტყოდი, რომ ის დამნაშავესა და მკვლელივით იქცევა, - ამბობს იტალიელი პოლიტიკოსი, - ადამიანი, რომელიც გულგრილად უშვებს, რომ 50-ზე მეტი ბავშვი შიმშილით დაიღუპოს, ხოლო მოხუცებს, ავადმყოფებსა და ქალებს გადარჩენის საშუალებას არ აძლევს, რადგან დრონებით ესხმიან თავს ან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე ფეთქდებიან, სწორედ დამნაშავე და მკვლელია”.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები და მკვლელები დაუსჯელი არ დარჩებიან.
“მათ ყოველთვის ასამართლებენ - მათ ისტორია ყოველთვის განსჯის. როგორც წესი, ისინი იმ ბედს იზიარებენ, რომელსაც იმსახურებენ. ამიტომ პუტინისგან მოვითხოვ, უზრუნველყოს თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მოვითხოვ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა გარანტირებული ჰქონდეთ”, - განაცხადა პინა პიჩერნომ.
ასევე ნახეთ
შიმშილი ოკუპირებულ ქალაქში - უკრაინა ოლეშკისათვის საკვების მიწოდებას დრონებით ცდილობს- ოლეშკი (Oleshky) - უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქი, რომელიც 2022 წლიდან რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა.
- ქალაქი სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რუსული ჯარების მიერ გზების დანაღმვისა და ბლოკადის გამო იქ მაისიდან მოყოლებული აღარ შედის საკვები და მედიკამენტები. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და უკრაინული მხარე საკვების მიწოდებას დრონების საშუალებითაც კი ცდილობს.
- ოლეშკიში შეწყვეტილია ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება.
- ქალაქში დარჩენილი დაახლოებით 2000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გადასარჩენად და ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად პროცესებში ჩაერთო რომის პაპიც, რომელმაც დახმარების შეტანის მიზნით, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.