უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილებები მათ წარმომავლობას, თუ რამე სხვა მიზეზია? რადიო თავისუფლების პროექტმა „კავკაზ.რეალიიმ“ ეს საკითხი უფლებადამცველებთან და ექსპერტებთან განიხილა.
ჩეჩნეთის სამი მკვიდრისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია ვებსაიტმა „კავკაზსკი უზელმა“ ოქტომბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ისე, რომ მათი სახელები არ დაუსახელებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორი მათგანი თბილისში მილანიდან ჩაფრინდა, მესამე კი - ანტალიიდან. ისინი სახმელეთო ტრანსპორტით აპირებდნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ გამგზავრებას, თუმცა ამის ნაცვლად იძულებულნი გახდნენ, აეროპორტში დარჩენილიყვნენ და უკან დასაბრუნებელ რეისებს დალოდებოდნენ.
ქართველ მესაზღვრეებს გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავთ, მხოლოდ მიუთითეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევების“ პუნქტზე.
ასევე ნახეთ
"მუდმივი სახლი" - რა გზებს პოულობენ რუსი მიგრანტები საქართველოში დასარჩენადსოციალური სამართლიანობის ცენტრის უფლებადამცველთა ინფორმაციით, ამ საფუძველს ხშირად იყენებენ ქართველი მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთაზე უარის გასამართლებლად. ცენტრის განმარტებით, ასეთი პრაქტიკა თვითნებური და არაკონსტიტუციურია.
ჩეჩნეთის მკვიდრთა თქმით, საზღვრის კვეთაზე უარის მიღებისთანავე მესაზღვრეებმა მათ ჩამოართვეს ტელეფონები. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა თავისი სმარტფონის დატოვება და მისი საშუალებით „კავკაზსკი უზელის“ ჟურნალისტებთან დაკავშირება. მამაკაცების მტკიცებით, ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე, საკნის ტიპის ოთახში მოათავსეს. იქვე იმყოფებოდნენ თურქმენეთისა და ავღანეთის მოქალაქეებიც, რომლებსაც საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ მათ არ ჰყავდათ ადვოკატი და იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობაც არ ჰქონდათ.
იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნებოდა პასპორტში მითითებული დაბადების ადგილის მიხედვით, ჯერ კიდევ 2025 წელს განაცხადა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ. ამ პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.
„კავკაზ.რეალიიმ“ კომენტარისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზღვრის დაცვის პოლიციას მიმართა, თუმცა მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის რედაქციას პასუხები არ მიუღია.
გასაჩივრების სირთულეები
საქართველოში დაფუძნებულმა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), საქართველოში უცხოელთა მდგომარეობის შესწავლისას, ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთისას აწყდებიან. 2025 წლის ანგარიშში მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გახშირდა ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრთა სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები. ანგარიშის ავტორების შეფასებით, ქვეყანაში შესვლაზე უარი შესაძლოა უკავშირდებოდეს ადამიანების ეთნიკურ წარმომავლობას, გარეგნობას, რელიგიასა და კულტურულ თავისებურებებს.
ამასთან, საქართველოში შესვლისას პრობლემები მხოლოდ ჩეჩნეთში დაბადებულ ადამიანებს არ შეჰქმნიათ. TDI-ის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2022 წელს საქართველოს მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს რუსეთის ათობით ჟურნალისტი, უფლებადამცველი და პოლიტიკოსი, რომლებიც კრემლს აკრიტიკებდნენ.
ასევე ნახეთ
„ყველაზე ბევრი იყვნენ ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები“, - ვინ როგორ გამორბოდა საქართველოშიანგარიშის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ უცხოელებს საკუთარი უფლებების დაცვა უჭირთ, რადგან ქვეყანაში არშეშვების შესახებ გადაწყვეტილებას დეტალური განმარტება არ ახლავს. ადამიანმა არ იცის, კონკრეტულად რა გახდა უარის საფუძველი, რა გარემოებები გაითვალისწინეს მესაზღვრეებმა და შესაძლებელია თუ არა მათი გადაწყვეტილების გასაჩივრება.
სასაზღვრო პროცედურების გაუმჭვირვალობაზე საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც მიუთითებს. 2025 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშში საქართველოს ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ არც ერთ შესწავლილ საქმეში არ აღმოჩნდა მესაზღვრეებსა და უცხოელებს შორის საუბრების ვიდეოჩანაწერი. ასეთი ჩანაწერების გარეშე დამოუკიდებელ დამკვირვებლებს უჭირთ იმის დადგენა, როგორ მიმდინარეობდა შემოწმება, რას ამბობდნენ მხარეები და რამდენად დასაბუთებული იყო ქვეყანაში შესვლაზე უარი. სახალხო დამცველის შეფასებით, ჩანაწერების არარსებობა ასუსტებს სასაზღვრო სამსახურების საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმებს.
იოსელიანმა ყურადღება უცხოელთა გაძევების პრაქტიკაზეც გაამახვილა. 2025 წელს საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა რაოდენობა გასამმაგდა, ხოლო გაძევების მიზნით დაკავებული იქნა 1114 ადამიანი. ალტერნატიული ზომა მხოლოდ 72 შემთხვევაში გამოიყენეს. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს თანაფარდობა იმაზე მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება არა გამონაკლის ზომად, არამედ გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელებთან მოპყრობის ჩვეულებრივ მეთოდად.
კაბინეტი N222
საქართველოში შესვლაზე უარის თქმის პრობლემამ განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ათასობით ადამიანი ცდილობდა რუსეთის დატოვებას, რადგან ომში გაგზავნის ეშინოდა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც მათ მიაშურებს, საქართველო იყო. მაშინ რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას ჩეჩნეთის მცხოვრებლებიც ცდილობდნენ, თუმცა მათთვის ეს დამატებითი განსაცდელი აღმოჩნდა. ზოგ ჩეჩენს საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს, ზოგი კი, უკან გასამგზავრებელი რეისის მოლოდინში, რამდენიმე დღით გამოკეტეს სასაზღვრო პუნქტების ტერიტორიაზე მდებარე დახურულ ოთახებში.
დაზარალებულები ჰყვებოდნენ, რომ ჩრდილო-კავკასიელებისთვის განკუთვნილი იყო N222 კაბინეტში, სადაც მათ საათობით დაკითხავდნენ და უმოწმებდნენ საბუთებს. ამის შემდეგ ზოგიერთს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნებოდნენ და რუსეთში აბრუნებდნენ. ამასთან დოკუმენტებში „სხვა მიზეზებს“ უთითებდნენ და არ განმარტავდნენ, კონკრეტულად რა გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თვითონ განმცხადებლები დარწმუნებულია არიან, რომ უარი ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის გამო ეთქვათ.
ევროპული საზოგადოებრივი მოძრაობა „თოლამის” ხელმძღვანელმა ჯამბულატ სულეიმანოვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „მოხსნას ბლოკადა იმ ჩეჩნებისთვის, რომლებიც თავს არიდებენ იძულებით მობილიზაციას და არ სურთ, მშვიდობიანი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა“.
საქართველოს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც მოითხოვეს ვითარებაში გარკვევა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, „კავკასიურმა სახლმა“ და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდეს, შეემოწმებინათ ცნობები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. თავიანთ მიმართვაში უფლებადამცველები კავკასიელების შემოწმების განსაკუთრებულ წესს აღწერდნენ: „სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ადამიანებს უწევთ რთული და ხანგრძლივი შემოწმების გავლა სპეციალურ ოთახში, რომელიც მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილი. ზოგჯერ ეს პროცესი რამდენიმე დღეს გრძელდება“.
წერილის ავტორები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას: თუ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის ცალკე, უფრო მკაცრი პროცედურა მოქმედებს, ეს დისკრიმინაციის ვარაუდის საფუძველს იძლევა.
2022 წლის 28 სექტემბერს თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია დევიზით: „ჩვენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ვართ“. პანკისის ხეობის მკვიდრი რამდენიმე ათეული ქისტი პარლამენტთან შეიკრიბა და მოითხოვა, საქართველოში შეეშვათ მათი თანამემამულეები, რომლებიც რუსეთის დატოვებას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან დევნისა და მობილიზაციისგან თავის დასაღწევად ცდილობდნენ.
„ჩეჩნებს მიკერძოებულად ეპყრობიან“
საქართველოში მცხოვრები ქისტი აქტივისტი და ჟურნალისტი სულხან ბორძგერი (ბორძიკაშვილი) მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი უარები იმ პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელიც მრავალი წელია არსებობს. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ეთნიკური უმცირესობების მართვაში გადაღებული რუსეთის მიდგომები და ის ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ ხალხს პოტენციურად უფრო საშიშად მიიჩნევს.
„მაგალითად, მიიჩნევენ, რომ ჩეჩნები, ინგუშები და დაღესტნელები ოსებზე, რუსებსა და ბელარუსებზე უფრო სახიფათოები არიან. ამ უკანასკნელებს საქართველოში შემოსვლა გაცილებით უადვილდებათ. თუმცა ჩრდილოეთ კავკასიის იმ ორი-სამი რესპუბლიკის მიმართ, რომლებსაც რუსეთში უსაფრთხოდ არ მიიჩნევენ, საქართველოს ხელისუფლება ახლა იმავე პოლიტიკას ატარებს“, - ამბობს სულხან ბორძგერი.
მისი თქმით, თავადაც არაერთხელ შესწრებია შემთხვევას, როდესაც მოგზაურობიდან დაბრუნებულ ჩეჩნებს საქართველოს საზღვარზე დამატებითი გამოკითხვის ან შემოწმების მიზნით ცალკე ოთახში შესვლას სთხოვდნენ.
„ვერ ვიტყვი, რომ ადამიანებს ქვეყანაში შესვლაზე უარს შემთხვევების 100%-ში ეუბნებიან. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩეჩნებისთვის, მაგალითად, მაშინაც კი, როცა ისინი საქართველოს მხოლოდ ტრანზიტით კვეთენ, უარის მიღების ალბათობა ძალიან მაღალი, დაახლოებით 70%-ია“, - ამტკიცებს ჟურნალისტი.
სულხან ბორძგერი
ბორძგერის თქმით, ასეთია მისი აღქმა, ხოლო დამოუკიდებელი მონაცემები, რომლებიც ჩეჩნებისთვის უარის შემთხვევების წილს განსაზღვრავდა, უბრალოდ არ არსებობს.
ჟურნალისტმა ცალკე ყურადღება გაამახვილა იმ ფორმულირებებზე, რომლებითაც ქვეყანაში შესვლაზე უარს აფორმებენ. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში ადამიანს, როგორც წესი, კონკრეტულ მიზეზს უსახელებენ, მაგალითად, საკმარისი ფინანსური სახსრების ან საცხოვრებლის ჯავშნის არქონას.
„[ქართველი მესაზღვრეები] პირდაპირ არ გეუბნებიან: „აი, ამიტომ გეუბნებით უარს საქართველოში შემოსვლაზე“. ამის ნაცვლად, უბრალოდ, გრაფას - „სხვა მიზეზებს“ მონიშნავენ. მაგრამ რა მიზეზებია ეს, არ განმარტავენ. შესაძლოა, ადამიანს პრობლემის მოგვარება შეეძლო, მისთვის რომ აეხსნათ, კონკრეტულად რაშია საქმე“, - ამბობს ის.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ დისკრიმინაცია?
ქართველი მკვლევარი, რონდელის ფონდის თანამშრომელი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე კვახაძე ამ ვითარების განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს. მისი თქმით, უარის მიზეზების გასაგებად აუცილებელია გავითვალისწინოთ მიგრაციის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ქვეყანაში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დარჩენა შეუძლიათ. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათ შეუძლიათ ქვეყნიდან გასვლა და დაუყოვნებლივ დაბრუნება. ასეთი პრაქტიკა მათ საშუალებას აძლევს, ფაქტობრივად, უვადოდ იცხოვრონ საქართველოში. ამიტომ ხელისუფლებას შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიური დიდი დიასპორების ჩამოყალიბებისა და მათთან დაკავშირებული იატაკქვეშა ქსელების გაჩენის ეშინოდეს.
„თუ საქართველოში დიდი ჩრდილოეთ-კავკასიური დიასპორა ჩამოყალიბდება, ადრე თუ გვიან ეს გამოიწვევს ე.წ. ჯამაათების იატაკქვეშა ქსელების შექმნას. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება თითქოს ცდილობს, ისეთი პირობები შექმნას, რომ ამ ადამიანებს საქართველოში დასახლების მოტივაცია არ ჰქონდეთ“, - განმარტავს ექსპერტი.
ალექსანდრე კვახაძე
კვახაძის შეფასებით, ჩეჩნებთან დაკავშირებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ამ რესპუბლიკის მკვიდრი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ეჭვმიტანილები არიან პოლიტიკური ოპონენტების ან რუსეთის პრეზიდენტისა და რამზან კადიროვის კრიტიკოსების შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში. მაგალითად, კვახაძემ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმე გაიხსენა. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ვერსიით, გაბუნიას მკვლელობას გეგმავდნენ კილერები, რომლებიც რამზან კადიროვის გარემოცვასთან იყვნენ დაკავშირებული.
„მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, როდესაც საზღვრის გადაკვეთისას ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთში, დაბადებულთა რაოდენობა იზრდება, საქართველოს სასაზღვრო სამსახური ზოგიერთ მათგანს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აჩერებს დასაკითხად ან უკან აბრუნებს. მაგალითად, ყოველ მეათე ან ყოველ მეხუთე ადამიანს. ეს განსაკუთრებით გაწვევის ასაკის მამაკაცებს ეხება“, - განმარტავს კვახაძე.
მისი აზრით, პრობლემები შეიძლება შეექმნათ იმ ჩრდილო-კავკასიელებს, რომლებიც საქართველოში საქართველოს მოქალაქეების ან ქართული მხარის წარმომადგენლების მოწვევისა თუ რეკომენდაციის გარეშე მიემგზავრებიან.
სოციალური ქსელების ჩეჩნურ სეგმენტში ზოგიერთი მომხმარებელი საქართველოში შეშვებაზე უარს უკავშირებს ქართველებისა და ჩეჩნების ურთიერთობის რთულ ისტორიას, მათ შორის ლტოლვილებთან და ჩრდილოეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, ევროპაში დაფუძნებული ჩეჩნური მოძრაობის „ერთიანი ძალის“ წარმომადგენელი საიხან მუზაევი ამტკიცებს, რომ დღევანდელი უარების ამ ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირების საფუძველი არ არსებობს.
„ისტორიის სიღრმეში ჩასვლას არ დავიწყებდი. ქართველები ჩვენ ძალიან კარგად გვექცევიან, დანარჩენი კი მოსკოვიდან შეკვეთილი ამბავია. რატომ ვამბობ ამას ასეთი დარწმუნებით? მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში - რედ.) ქვეყანაში შესვლის პროცედურას ამარტივებდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში დაბადებული ადამიანებისთვის. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა. ამას ჩვენს ისტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს! ახალი ხელისუფლება მოვა და დამოკიდებულებაც შეიცვლება“, - დარწმუნებულია მუზაევი.
მან თანამემამულეებს მოუწოდა, საქართველოში შესვლაზე უარის შემთხვევებს არ წაუყრუონ და დახმარებისთვის უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და შესაბამის ორგანოებს მიმართონ. მნიშვნელოვანია, ასეთი ისტორიები საჯარო გახდეს, რათა კონკრეტული მტკიცებულებების ბაზა შეიქმნას, მიაჩნია საიხან მუზაევს.
საიხან მუზაევი
ბელგიაში მოქმედი ორგანიზაციის, PeaceWomen Across the Globe-ის წარმომადგენელი, უფლებადამცველი ფატიმა გაზიევა კი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ-კავკასიელები, რომლებიც ევროპასა და სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს, ზოგჯერ ეჭვით სავსე დამოკიდებულებას აწყდებიან საკუთარი წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების ან სამშობლოს დატოვების გარემოებების გამო.
„ამასთან, თავად რუსეთიდან გაქცევის ფაქტი, ადამიანის ეროვნება ან პოლიტიკური შეხედულებები არ ნიშნავს, რომ იგი საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი ეჭვების გასამყარებლად კონკრეტული ფაქტებია საჭირო და არა სტერეოტიპები", - ამბობს რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ.რეალიის“ რესპონდენტი.
„სამწუხაროდ, ეროვნული უსაფრთხოების მოტივით არგუმენტირებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ დევნის რეალური საფრთხეები სათანადოდ არ შეფასდეს. ჩრდილოეთ-კავკასიელებისათვის თავშესაფარზე უარის თქმასა და რუსეთში დეპორტაციას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში იძულებით მონაწილეობის რისკის სახითაც. უფლებადამცველთა ცნობით, დეპორტირებული მამაკაცების ნაწილი მოგვიანებით ფრონტზე დაიღუპა. მათი სახელების გამჟღავნება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, რადგან ამან შესაძლოა მათი ნათესავების უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე. ამ პრობლემაზე უფლებადამცველი როზა დუნაევა ვარშავაში, ეუთოს პლატფორმაზე საუბრობდა, როდესაც ჩეჩნეთსა და რუსეთში მობილიზაციისა და იძულებითი ზომების საკითხი წამოჭრა“, - განმარტავს უფლებადამცველი.
ფატიმა გაზიევა
გაზიევამ დასძინა, რომ ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა ის ადამიანის უფლებების დარღვევის გასამართლებელ საბაბად არ უნდა იქცეს. მისი რწმენით, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს, ხოლო დეპორტაციის ან ქვეყანაში არშეშვების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის საფრთხეები, რომლებიც ადამიანს სამშობლოში შეიძლება ემუქრებოდეს.
2026 წლის ზაფხულში ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს, 24 საათის განმავლობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა. უწყების ცნობით, რეკორდული იყო მსუბუქი ავტომობილებით რუსეთის დატოვების მაჩვენებელიც. 15 და 16 აგვისტოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 19 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
საქართველოში მოხვედრის მსურველთა რაოდენობის ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდა ვარაუდს, რომ სექტემბერში (სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ) რუსეთის მთავრობა მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებდა. ასეთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებას სავარაუდოდ მობილიზაციის ასაკის მამაკაცებისთვის საზღვარგარეთ გასვლას აკრძალავდა.
ასევე ნახეთ
საქართველოში არ შეუშვეს ჩეჩენი ჟურნალისტი- 2023 წლის 6 მაისს ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს ჩეჩენ ჟურნალისტს, ჟალაუდი გერიევს, რომელიც თბილისში ბუდაპეშტიდან ჩაფრინდა. ჟურნალისტის თქმით, მესაზღვრეებმა მას საბუთები შესამოწმებლად ჩამოართვეს, შემდეგ ცალკე ოთახში შეიყვანეს და აცნობეს, რომ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა. მიზეზი არ განუმარტავთ.
- თავად გერიევი ამ გადაწყვეტილებას უკავშირებდა ქართველი მესაზღვრეების მიკერძოებულ დამოკიდებულებას ჩრდილოკავკასიელების, განსაკუთრებით კი ჩეჩნების მიმართ. გარდა ამისა, მისი აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში იმ ჟურნალისტებსაც არ უშვებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ.