სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

სერგო მეთოფიშვილი

სერგო მეთოფიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას 5 ოქტომბრიდან ასრულებს, თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ინფომაცია გამოქვეყნდა სასამართლოს ვებგვერდზე.

„ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი“, - წერია ვებგვერდზე.

ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მეთოფიშვილი ამ თანამდებობაზე 20 ოქტომბერს აირჩიეს, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე განხილვის დაწყების წინა დღეს.

მოსამართლე მეთოფიშვილის აცილება

საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა, მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.

სერგო მეთოფიშვილის, რომლის შეფასებითაც „ქართული ოცნების“ სარჩელი მწყობრია, აცილების საკითხი კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. საკითხი წამოწია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ.

„ბატონმა სერგომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ჯერ ხომ მწყობრად მიიჩნია ყველა ბრალდება, დღეს ბრძანა, რომ მხარეებს გაძლევთ რჩევას, ასე მოიქეცითო. რჩევების მიცემა, ბატონო მოსამართლეებო, თქვენი უფლებამოსილება კი არ არის, ეს გეკრძალებათ, ეს პირდაპირ მიანიშნებს თქვენს არაობიექტურობასა და მიკერძოებაზე“, - თქვა სიჭინავამ შუამდგომლობის დაყენების დროს.

კოლეგიამ ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

„შუამდგომლობა უსაფუძვლოა... ბატონმა სერგომ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეს არ იცნობს, არ იყო ეთიკური. რჩევა არ უგულისხმია ბატონ სერგოს. მის მიუკერძოებლობაში ეჭვის მიტანის საფუძველი არ არსებობს“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ.

ორი კოლეგია

20 ოქტომბერს ხელახლა ჩამოყალიბდა სასამართლოს ორი კოლეგია:

  • პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი;
  • მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი (თავმჯდომარე), სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს. სწორედ ის იკავებდა მეორე კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობას.

ასევე ნახეთ

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა