მასკი უკრაინას მოიერიშე დრონებით ადამიანების დასახოცად Starlink-ის გამოყენებაში ადანაშაულებს

ილონ მასკი

"უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს Starlink-ის მომსახურების პირობები და სისტემა ადამიანების დასახოცად დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა," - წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი X-ში.

Starlink-ის გამოყენების პირობების დარღვევის ბრალდებაში მასკი ამბობს, რომ ის სამოქალაქო კომერციული სერვისია და სამხედრო მიზნებისთვის, მათ შორის დრონების იერიშებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია.

Starlink არის სამოქალაქო კომერციული სერვისი და სამხედრო იერიშების მიზნით მისი გამოყენება დაუშვებელია.

"Starlink-ის ადამიანების დასახოცად გამოყენება არასოდეს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს.

Starshield-ს კი, რომელიც სრულიად განსხვავებული სისტემაა, აშშ-ს მთავრობა აკონტროლებს. რას გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა.

უკრაინის სამხედრო ძალებმა Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვიეს და ის დრონებით შესრულებული შეტევითი დარტყმებისთვის ადამიანების დასახოცად გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა" - წერს მასკი 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ასევე საუბარია Starlink-ის კრიტიკულ მნიშვნელობაზე უკრაინის ფრონტის ხაზისთვის. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი სისტემა, რომლის ჩახშობაც რუსეთს არ შეუძლია და თუკი ის გაითიშება, "უკრაინის ფრონტის ხაზიც მყისიერად ჩამოიშლება."

ასევე ნახეთ

უკრაინამ გადაწყვიტა, თანამგზავრული კავშირის სუვერენული სისტემა ჰქონდეს

"ეს არ არის მუქარა, მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა.

Starlink გადამწყვეტი აღმოჩნდა ომის პირველ დღეებში რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის აღსაკვეთადაც, რადგან ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო.

უკრაინის დასაცავად SpaceX-მა დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ კერძო კომპანიაზე ბევრად მეტი გააკეთა" - წერს მასკი.

მისი ამ პოსტის ფონია უკრაინის თავდაცვის მინისტრის იმავე დღეს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ Starlink-ზე მანამდე მოქმედი სიჩქარის შეზღუდვა მოიხსნა და ტერმინალები საათში 400 კილომეტრზე სწრაფად გადაადგილების შემთხვევაშიც სტაბილურ კავშირს ინარჩუნებდნენ.

ასევე ნახეთ

"ვაფიქსირებთ 400 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს" - უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა Starshield-ის მუშაობის სიჩქარის აღდგენა


თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება გაგრძელებაა იმ ცნობების, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ჯერ Starlink-ის უკრაინული მხარისთვის გათიშვის, შემდეგ კი სიჩქარეების შეზღუდვის შესახებ, რაც უკრაინას ურთულებდა როგორც მოიერიშე დრონების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, ისე რუსული დრონების ჩამოგდებას.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: Starlink-ის შეზღუდვები ძალაშია, მიუხედავად ტრამპის სიტყვებისა

ასევე ნახეთ

მასკმა უკრაინას Starlink-ის შეზღუდვა მოუხსნა - ტრამპი

მასკის ვრცელ სტატუსს x-ზე, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩეველმა სერჰი(„ფლეშ“) ბესკრესტნოვმა. ის გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, რომ ილონ მასკმა არ იცის უკრაინაში "სტარლინკის" მუშაობის შეზღუდვის შესახებ. ის ამას უცნაურს უწოდებს და განმარტავს, რომ მოქმედი შეზღუდვების გამო, უკრაინას ფიზიკურად არ შეუძლია კომერციული Starlink-ის გამოყენება "შორი ან საშუალო რადიუსის დარტყმების განსახორციელებლად".

",2026 წლის ზამთრიდან (თებერვლიდან) უკრაინის ტერიტორიაზე (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მოქმედ ,,სტარლინკის” ყველა ტერმინალს აქვს გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვა – საათში 70–90 კმ. ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე ,,სტარლინკი” არ მუშაობს. ამგვარად, ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, კომერციული ,,სტარლინკი” გამოვიყენოთ შორი ან საშუალო რადიუსის დარტყმების განსახორციელებლად”, – წერს ის.

ასევე ნახეთ

რუსული Starlink-ი სწრაფად ხდება რეალობა, თუმცა კრემლს ერთი პრობლემა აქვს