ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში უკრაინის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ელეცზე თავდასხმის შედეგები. 25 ოქტომბერი, 2026.

რუსეთში ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცის სამრეწველო ზონა 25 ოქტომბერს თავდასხმის სამიზნე გახდა. სავარაუდოდ, თავდასხმისას რაკეტები და დრონები გამოიყენეს. სავარაუდო სამიზნე იყო თავდაცვითი საწარმო „ენერგია“.

ამის შესახებ ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა განაცხადა. „დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები. მოსახლეობას ვთხოვ, სარაკეტო საფრთხის დროს მკაცრად დაიცვან უსაფრთხოება. ოფიციალურ შეტყობინებამდე თავშესაფრებს ნუ დატოვებთ“, - დაწერა არტამონოვმა.

მოგვიანებით გუბერნატორმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი საწარმოს დაცვის თანამშრომელი. მისი ინფორმაციით, ასევე დაშავდა ფელდშერი ქალი.

უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხები ელეცის თავზე გაჩენილი ხანძრის ფოტოებს აქვეყნებენ. მათი ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო ქარხანა „ენერგია“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარხანას ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. უკრაინის სამხედროებს დარტყმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

  • ელეცში მდებარეობს თავდაცვითი საწარმო, სააქციო საზოგადოება „ენერგია“, რომელიც სამხედრო ტექნიკისთვის კვების წყაროებსა და აკუმულატორებს აწარმოებს.
  • არაერთი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს 23 ოქტომბერს ორიოლში მდებარე ქარხანა „პროტონზე“ დარტყმისთვის. ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კვირას ოთხამდე გაიზარდა, განაცხადა ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა.

ასევე ნახეთ

უკრაინის დრონებმა შეუტიეს ბელგოროდს და პერმის მხარეს