ჩორჩანის საგუშაგომ მიტაცებას 1680 ჰექტარი გადაარჩინა - რა უთხრა სასამართლოს გახარიას საქმის საკვანძო მოწმემ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ["წულუკიანის კომისია"] 2025 წელს ორჯერ დაიბარა.

“ჩორჩანის საგუშაგოს საქმის” განხილვა დასასრულს უახლოვდება. 4 ნოემბერს დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა საკვანძო მოწმის მოსმენით დასრულდა. ბრალდებულ გიორგი გახარიას თანაგუნდელის, კახაბერ ქემოკლიძის ჩვენება სრულად ეწინააღმდეგება პროკურატურის პოზიციას.

სასამართლო სხდომაზე მოწმემ თქვა, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსება ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა და საჭირო ინფორმაცია მან, როგორც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, პირადად მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] წარმომადგენლებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ბრალდების მხარის თანახმად, 2019 წელს მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც მალევე პრემიერ-მინისტრი გახდა, საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააშენა, რის გამოც დაიძაბა ვითარება და საქართველომ დაახლოებით ასი ჰექტარი [მილიონი კვადრატული მეტრი] დაკარგა.

გახარია, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული, აცხადებს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად, დასწრების პრინციპით დაიგეგმა.

დაცვისა და ბრალდების მხარეების შეკითხვებს კახაბერ ქემოკლიძე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პასუხობდა, სადაც ის ამჟამად მუშაობს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომ სხდომა 3 დეკემბრამდე გადადებულიყო, რათა საკვანძო მოწმე პირადად გამოცხადებულიყო სასამართლოში.

ამის შემდეგ, ტექნიკური საშუალებების გამართვას თითქმის ერთი საათი და დარბაზის გამოცვლა დასჭირდა.

5-საათიანი პროცესის მიწურულს, ღამის 9 საათისთვის, მოსამართლე დიმიტრი ჯინჯოლიამ ბრალდების მხარეს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა სთხოვა. პროკურორების მოთხოვნით, სხდომის ეს ბოლო ნაწილი დაიხურა.

რა თქვა ქემოკლიძემ?

მოწმის თანახმად, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აგებას წინ უსწრებდა საგანგაშო მოვლენები, რომელთა ერთობლიობაც დამატებითი ტერიტორიის მიტაცების განზრახვას ადასტურებდა და ამ ინფორმაციას სრულად ფლობდა - შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის რანგში.

ქემოკლიძის თქმით, სასწორზე იდო 1800 ჰექტრის დაკარგვის საფრთხე და ასევე, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი, 1922 წლის გაურკვეველი რუკით, ახალ პრეტენზიას აცხადებდა 28 ტერიტორიულ ერთეულზე, რომლებიც “2008 წლამდეც და 2008 წლის შემდეგაც ყოველთვის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებად ითვლებოდა” და სადაც “თვით რუსეთის საოკუპაციო ძალებიც კი არ პატრულირებდნენ და არ აცხადებდნენ პრეტენზიას”.

ეს ტერიტორიული პრეტენზიები მოიცავდა საჩხერის, ხაშურის, გორის, კასპის, დუშეთის რაიონების ტერიტორიებს, ასევე თრუსოსა და ბორჯომის ხეობებს.

“ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით, ჩვენ არ დავუშვით ე.წ. 1922 წლის რუკის გამოყენების პრეცედენტი”, “თუკი ჩორჩანას გადაყლაპავდნენ, გადაყლაპავდნენ სხვა ტერიტორიებსაც” , - ამბობს ქემოკლიძე.

კახაბერ ქემოკლიძე

ქემოკლიძეს საჯარო სამსახურში და უპირატესად ძალოვან უწყებებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სუსში და შს სამინისტროში. აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში. ასრულებდა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მეკავშირე ოფიცრის ფუნქციასაც და კურირებდა IPRM-ის ცხელ ხაზსაც. 2021 წლიდან გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის ["გახარია საქართველოსთვის"] პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრია.

ასევე, ქემოკლიძის ჩვენებით, ჩორჩანის საგუშაგოს დადგმამ მისატაცებლად გამიზნული 1800 ჰექტრიდან დაახლოებით 1680 ჰექტარი გადაარჩინა.

ხოლო შსს გეგმა ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, რომელიც ითვალისწინებდა დამატებითი დროებითი საგუშაგოების განლაგებას მიმდებარე ფერდობებზე, მოწმის თანახმად, ცხინვალის რეჟიმი "ცხვირის შემოყოფასაც" კი ვერ გაბედავდა და მათ არ მიეცემოდათ იმ საგუშაგოების მოწყობის საშუალება, რომლებიც მოგვიანებით ჩადგეს.

პროკურორმა მას ჰკითხა, ვინ გააჩერა ეს პროცესი? "არ ვიცი", - უპასუხა ქემოკლიძემ.

2025 წლის 2 ივლისს, როდესაც სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე გიორგი გახარია მეორედ [დისტანციურად] გამოჰკითხეს, მან პირველად თქვა, რომ, „ჩორჩანის საგუშაგოს“ ჩათვლით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სულ შვიდი საგუშაგოს აგება ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ამ გეგმამ გაჟონა - სავარაუდო საბოტაჟის გზით და ეს იყო პირველი "სერიოზული კონფლიქტის" მიზეზი სუსის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან.

ასევე ნახეთ

მოწმე ვახტანგ გომელაური სასამართლოში - როდის გაიგო სუსის მაშინდელმა უფროსმა "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების ამბავი

ასევე ნახეთ

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - რა თქვეს პროკურატურის მოწმეებმა დახურულ დარბაზში

რა ხდებოდა საგუშაგოს აგებამდე?

სასამართლო სხდომაზე კახაბერ ქემოკლიძემ გაიხსენა რამდენიმე ფაქტი:

  • 2016 წლის ნოემბერში სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე [საოკუპაციო ხაზის სიღრმეში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე], ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა ჯონჯოლის საკრეფად წასული ადამიანები - ხაშურის მუნიციპალიტეტის 5 მკვიდრი - დააკავა, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით;
  • 2019 წლის ივნისში საქართველოს მოქალაქე ბესიკ მჭედლიძეს [სოფელ კოდის მკვიდრს) ჩორჩანისა და წაღვლის ტყის ზონაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა წაართვეს სანადირო თოფი, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის „გადასახადის“ სახით, შემდეგ გაუშვეს და დააბარეს, ეთქვა ყველასთვის, რომ ეს იყო “ოსეთის ისტორიული მიწა” და დააკავებდნენ ყველას, ვინც ამ ტერიტორიაზე შესვლას გაბედავდა. ადამიანები, რომლებიც მჭედლიძეს შეხვდნენ, ე.წ. საზღვრის მარკირებით იყვნენ დაკავებული.
  • შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა (გდდ) სოფელ ჩორჩანაში პირველი რეიდი 2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩაატარა, რა დროსაც აღმოაჩინეს ბორდერიზაციის ნიშნები - ხეებზე დატანილი მარკირების სახით. ეს ინფორმაცია გადაეცა სუსსაც.


„წითელი ალარმი აინთო ჩვენს გონებაში“, - ასე იხსენებს ქემოკლიძე კიდევ ერთ შემთხვევას.

კერძოდ, 2019 წლის ივლისში „ბორდერიზაცია“ მოულოდნელად განახლდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ პროცესს არა რუსეთის საოკუპაციო ძალები, არამედ დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, რაც შს სამინისტროსთვის 1922 წლის რუკის გამოყენების თვალსაჩინო დასტური იყო.

2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში, უკვე მეორე რეიდისას - შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა (გდდ) სოფელ ჩორჩანისა და სოფელ წაღვლის ტყის მასივში (თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) აღმოაჩინა “დე ფაქტოების” მიერ მოწყობილი ჩასაფრებები, ე.წ. სამხედრო რასწიაჟკები (ქვეითი სახმელეთო პატრულის აღმოსაჩენი სასიგნალო მაშხალები) და საკვების ნარჩენები; ხოლო უშუალოდ საოკუპაციო ხაზიდან 350 მეტრის დაშორებით [თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) მიაგნეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის“ აღმნიშვნელ მწვანე ბანერსაც; ასევე ხეებზე დახვდათ ძველი და ახალი მონიშვნები.

ქემოკლიძის თქმით, გდდ, რომელსაც 2008 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან ოპერირებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მანდატი მიენიჭა, მოვლენათა მთელ ამ ჯაჭვში „კოლოსალურ რისკს“ ხედავდა და ივლისში კიდევ ერთხელ გააქტიურდა საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმის საკითხი.

როდის გადაწყდა საგუშაგოს აგება და ვინ [არ] იცოდა?

გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის განახლების შემდეგ, სოფელ ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო არასრულ ერთ თვეში აღიმართა. გადაწყვეტილება კი, ქემოკლიძის თანახმად, 2026 წლის მარტში უკვე მიღებული იყო.

მოწმის ჩვენებით, ტყეში გზის გაწმენდისა და გაყვანის სამუშაოები აპრილში დაიწყო - “ნათხოვარი ტექნიკით” - თუმცა ძლიერი წვიმების გამო, თიხნარ ნიადაგში მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა და აპრილში იძულებით შეწყდა; ხოლო ივლისში ისევ განახლდა.

ასევე ნახეთ

გახარიამ მითხრა, ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი დაკითხეს

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, საგუშაგოს აღმართვის გეგმა მან პირადად გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორ წარმომადგენელს და პირადი შეხვედრის დროს მათ რუკაზე საგუშაგოების განლაგების კოორდინატებიც გადასცა. მოწმე ასახელებს შვედი და ფინელი დიპლომატების სახელებსა და გვარებსაც და ამბობს, რომ ზუსტად იცის, რომ მიწოდებული ინფორმაცია EUMM-ის მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს, ერიკ ჰოეგს, გადაეცა.

მოწმის თანახმად, შსს-ს მსგავსი გეგმების შესახებ EUMM-ის ინფორმირება ევალებოდა და ამ პროცედურას ვერავინ აარიდებდა თავს.

ასევე, კახაბერ ქემოკლიძის თანახმად, საგუშაგოს აგების გეგმის შესახებ ინფორმაცია, “შიდა ტელეფონზე” საუბრის დროს, პირადად მიაწოდა სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს, მანანა ბაღაშვილს და ახსოვს, რომ ილაპარაკეს კმაყოფილებმა, რომ, აი, როგორც იქნა, გადაწყდა საგუშაგოს დადგმა.

მანანა ბაღაშვილის ჩვენება არ არის საქმეში.

ქემოკლიძე ამბობს, რომ შსს-სა და სუსს შორის, დაცული არხებით, ინფორმაციის ზეპირი გაცვლა მიღებული პრაქტიკა იყო, სუსი ფლობდა სრულ ინფორმაციას და რამდენადაც ახსოვს, გიორგი გახარიასაც ჰქონდა კომუნიკაცია სუსის მაშინდელ უფროსთან - ვახტანგ გომელაურთან.

ვახტანგ გომელაური, რომელიც სასამართლომ სექტემბრის მიწურულს დაკითხა, უარყოფს, რომ წინასწარ იცოდა საგუშაგოს აგების გეგმის შესახებ. ინფორმაციის ფლობა ასევე უარყვეს ბრალდების მხარის სხვა მოწმეებმაც - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილმა თუ მოქმედმა თანამდებობის პირებმა.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი, ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აგებამდე ჰქონდა კომუნიკაცია შს ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიასთან, რომელმაც, ტერიტორიების დაკარგვის აღსაკვეთად, მას ტყეში გზის გაყვანის თხოვნით მიმართა.

ბრალდების მხარემ ჰკითხა მოწმეს - თუკი სუსში საგუშაგოს დადგმას ამართლებდნენ, მაშინ რას გულისხმობდა გიორგი გახარია, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ სუსი საგუშაგოს აგების წინააღმდეგი იყო?

ამ დროს დაცვის მხარემ დააკონკრეტა, რომ გახარია, კომისიის სხდომაზე გამოკითხვისას, არა წინააღმდეგობაზე, არამედ “აზრთა სხვადასხვაობაზე” ლაპარაკობდა. ქემოკლიძემ კი ივარაუდა, რომ განსხვავებული აზრი შესაძლოა ყოფილიყო გდდ-ს წარმომადგენლების პატრულირება, საგუშაგოს აღმართვის ნაცვლად, რაც ასევე განიხილებოდა ერთ-ერთ ვერსიად, მაგრამ საბოლოოდ შეუძლებელი აღმოჩნდა; რადგან საგუშაგოდან მხარდაჭერის გარეშე გდდ პატრულირებისას უსაფრთხოების ძლიერ რისკებს ხედავდა.

როდესაც ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო აღიმართა, 2019 წლის 24 აგვისტოს, კახაბერ ქემოკლიძე უკვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის პოზიციას იკავებდა.

ბრალდების მხარე დაინტერესდა, რატომ არ იმსჯელეს ამ საკითხზე უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში?

ქემოკლიძის პასუხია, რომ ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს აგება შსს-ს პრეროგატივაა და არცერთი საკანონმდებლო აქტი არ ავალდებულებს მას ამ საკითხის აუცილებლად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში განხილვას, გარდა იმ შემთხვევისა, “თუ რომელიმე უწყება ოფიციალურად არ მიმართავს“.

პროკურორმა იაკობიძემ სხდომაზე ქემოკლიძეს ასევე ჰკითხა, რანაირად შეაჩერა ერთი საგუშაგოს აღმართვამ 1800 ჰექტარის მიტაცების პრეტენზია?

კახაბერ ქემოკლიძემ მას უპასუხა, რომ სტაციონარულმა საგუშაგომ განსაზღვრა გდდ-ს ეკიპაჟების პატრულირების უსაფრთხოება სარისკო ზონაში და ამ ფონზე პატრულირების შესაძლებლობა მიეცათ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებსაც, რაც ეფექტიან პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.


ასევე ნახეთ

“ჩორჩანის საგუშაგოს” საქმე სასამართლოში - სხდომების დახურვა, აჩქარება

რაც შეეხება საგუშაგოს წარმოშობის შემდეგ დაძაბულ ვითარებას, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის ლიდერები თითქოსდა სამხედრო ძალით იმუქრებოდნენ, ქემოკლიძე ამას „ხელოვნურ ესკალაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ რისკები წინასწარ იყო გათვლილი.

სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოკითხვისას, გიორგი გახარიას უთხრეს, რომ მან საგუშაგოს დადგმით ქვეყანა სამხედრო კონფლიქტის საფრთხის წინაშე დააყენა.


4 ნოემბერს, კახაბერ ქემოკლიძის დაკითხვის შემდეგ, სასამართლო სხდომა დაიხურა. პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, რომ ტექსტი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია, რასაც არ ეთანხმება გახარიას დაცვის მხარე. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა - დასკვნითი სიტყვის გადადების თაობაზე.

განაჩენის გამოცხადებამდე დარჩენილია მხოლოდ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. ბოლო სხდომა 16 ნოემბერს გაიმართება.

“ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. გახარია ბრალდებულია ასევე "20 ივნისის" საქმეზე - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი] - სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 13 წლამდე ვადით.


ასევე ნახეთ

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - ივანიშვილის მუქარა გახარიას დაცვის მხარის მტკიცებულებებში

ასევე ნახეთ

რატომ არ შეხვედით ტყეში? - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე გახარიას თანაგუნდელები დაკითხეს