Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ შეხვედით ტყეში? - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე გახარიას თანაგუნდელები დაკითხეს

ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში ააგეს. ფოტო - 30 აგვისტო, 2019 წელი.
ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში ააგეს. ფოტო - 30 აგვისტო, 2019 წელი.

16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ჩორჩანის საგუშაგოს“ საქმის სხდომაზე, ამ საქმეზე ბრალდებული ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის ორი წარმომადგენელი დაკითხეს. ქეთევან ბაკარაძე და შალვა კერესელიძე სადავო პარლამენტის დეპუტატები არიან.

დაცვის მხარის მოწმეებმა - ბაკარაძემ და კერესელიძემ - ჩორჩანისა და წაღვლის მკვიდრთა ნაამბობზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ადგილზე ადამიანების ყოფა არ გაუარესებულა და პირიქით, ჩორჩანის საპოლიციო საგუშაგო ადგილობრივების უსაფრთხოების ერთადერთ იმედად იქცა.

მოწმეები პასუხობდნენ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის შეკითხვებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ “ირიბი მოწმეების” ჩვენებებს სასამართლო ვერ გაითვალისწინებს, რადგან საქმეში არ დევს იმ ადამიანების გვარები და სახელები, რომელთაგანაც მოწმეებმა მიიღეს ინფორმაცია.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს 2019 წელს აგების საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული “ქართული ოცნების” ექსპრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის აგვისტოში შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

პროკურატურის თანახმად, გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააშენა, რის გამოც დაიძაბა ვითარება და დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი დაიკარგა.

თავად გახარია აცხადებს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად, “დასწრების პრინციპით” დაიგეგმა.

რას ჰყვებიან პოლიტიკოსები

დაცვის მხარის მოწმეები - ქეთევან ბაკარაძე და შალვა კერესელიძე ჰყვებიან, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასა და წაღვლში, 2025 წლის დეკემბერში, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდნენ, ადგილობრივებს გაესაუბრნენ და ჩორჩანაში აგებული საპოლიციო საგუშაგოს მისამართით მხოლოდ მადლიერების სიტყვები მოისმინეს.

ბაკარაძის თქმით, პირველივე შემხვედრმა ადამიანმა მას ასევე უთხრა, რომ გახარია იყო პირველი თანამდებობის პირი, ვინც სოფელს ყურადღება მიაქცია - გზა გაიყვანა და გაზიფიცირება მოახდინა.

ქეთევან ბაკარაძემ სხდომაზე გაიხსენა ჩორჩანელი ქალის სიტყვები, რომ - საგუშაგო ადგილობრივებისთვის „ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია“, რომლის იმედადაც ხალხი სოფელში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთადაც რჩება.

„ვსვამდით შეკითხვას - რა მოხდება, თუკი აიღებენ საგუშაგოს?... ჩვენ დავტოვებთ აქაურობას - იყო მათი პასუხი“, - განაცხადა მოწმემ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ - ადამიანები ტალკის საბადომდეც უპრობლემოდ მიდიან, ტყეშიც შედიან და არც ჯონჯოლის მოპოვებაში ეშლებათ ხელი.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [წულუკიანის კომისია] დასკვნით, 2019 წლიდან, ჩორჩანის საგუშაგოს აგების შემდეგ, ადგილზე ვითარება გაუარესდა და ადგილობრივები ვერ ახერხებენ ინერტული მასალის, ხე-ტყისა და ჯონჯოლის მოპოვებას.

ასეთი ჩვენება კომისიას სხდომაზე დაბარებულმა ელგუჯა ხარაზიშვილმა მისცა, რომელიც 2015 წლის 11 ივნისს გამოჰკითხეს. თეა წულუკიანმა ის წინასწარ არაერთხელ წარადგინა სოფელ ჩორჩანის მკვიდრად, მაგრამ კაცი სოფელ წაღვლიდან აღმოჩნდა.

ქეთევან ბაკარაძე
ქეთევან ბაკარაძე

2019 წელს, როდესაც ჩორჩანის საგუშაგო დაიდგა, ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი იყო. სასამართლო სხდომაზე გაიხსენა, რომ - საგუშაგოს დადგმის გამო, სხვების მსგავსად, სიამაყის გრძნობა მასაც გაუჩნდა და სწორედ მაშინ შეეცვალა დამოკიდებულება პირადად გიორგი გახარიას მიმართაც და დიდწილად ამან განაპირობა, რომ რამდენიმე წელიწადში მის პოლიტიკურ გუნდში მოხვდა.

პროკურორმა მას ჰკითხა - არის თუ არა საამაყო, რომ საგუშაგოს დადგმის შედეგად 100 ჰექტარი დაიკარგა?

ეს შეკითხვა, სხდომაზე, გახარიას ადვოკატმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა - ბერდია სიჭინავამ გააპროტესტა. მან თქვა, რომ ტერიტორიის დაკარგვა დადასტურებული ფაქტი არ არის და მსგავსი შეკითხვის დასმა მანიპულაციურია.

დაცვის მხარის მოწმემ, პოლიტიკოსმა შალვა კერესელიძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სოფელ ჩორჩანასა და წაღვლში, ჯამში - 6 ადამიანს გაესაუბრნენ და მათგან მოისმინეს, რომ ჩორჩანის საგუშაგო ადგილობრივებისთვის - “მშვიდად ძილის გარანტია” და ამ მიზეზით პოლიციელების სადღეგრძელოსაც ხშირად სვამენ ხოლმე.

შალვა კერესელიძე
შალვა კერესელიძე

შალვა კერესელიძე 2019 წელს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო. სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ სოფლების განვითარების პროგრამებზე და მთის განვითარების ეროვნულ საბჭოში მუშაობისას მას კოლეგებისგან ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა რთული ვთარება იყო სოფელ ჩორჩანაში, საგუშაგოს დადმამდე; ხოლო დადგმის შემდეგ - ძირითადად ამ ფაქტით კმაყოფილ ადამიანებს ხვდებოდა.

ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით, მოწმე შალვა კერესელიძემაც სხდომაზე დაადასტურა, რომ, საგუშაგოს დადგმის შემდეგ, სოფელ ჩორჩანასა და წაღვლში ადამიანებს არც ტყეში შესვლაში არ ეშლებათ ხელი და არც ტალკის საბადომდე მისვლაში.

ინკოგნიტო ადამიანების მონათხრობი

მოწმეებმა ბაკარაძემ და კერესელიძემ განაცხადეს, რომ ვერ დაასახელებენ ადგილობრივების გვარებსა და სახელებს, ვისაც 2025 წლის დეკემბერში შეხვდნენ - რადგან ეს ადამიანები მკაცრად არიან გაფრთხილებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რომ - ხმა არ უნდა ამოიღონ ამ თემაზე.

“ადამიანები საჯაროობას ერიდებიან გარკვეული მიზეზების გამო, ყველა ოჯახში ნამყოფია სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი და ნათქვამია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში არ უნდა იყვნენ არც ჟურნალისტებთან და არც დაცვის მხარესთან”, - ბერდია სიჭინავას თქმით, ვერასოდეს გაიმეტებდნენ ისედაც მოწყვლად გარემოში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მათი ვინაობა გაემხილათ და კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოექციათ ისინი.

“უსახელო პიროვნებებს სასამართლო ვერ დაეყრდნობა” - თქვა პროკურორმა თამარ იაკობიძემ სასამართლო სხდომაზე; სხდომის შემდეგ კი განმარტა, რომ “ირიბი მოწმის ჩვენება გასაზიარებელია სასამართლოსთვის იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ასახელებს იმ პირს, ვისგანაც მიიღო აღნიშნული ინფორმაცია".

თამარ იაკობიძის განცხადებით, “ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენენ სოფელ ჩორჩანასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს” და მათ სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს.

“ერთადერთი ჩორჩანელი მოიძებნა მთელი ამ გამოკითხული ადამიანებიდან, რომელსაც ათქმევინეს, რომ არ გაუგია, რომ საგუშაგო შენდებოდა", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ ბრალდების მხარის მოწმეების შესახებ.

საქმეში დევს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში 2025 წელს გასული სიუჟეტი, რომელიც ასევე ასახავს ჩორჩანელების შიშს - არ გამოჩნდნენ საჯარო სივრცეში. რესპონდენტები მხოლოდ კადრს მიღმა ლაპარაკობენ და ჟურნალისტთან ადასტურებენ, რომ საგუშაგოს იმედი აქვთ.

რატომ არ შეხვედით ტყეში?

ბრალდების მხარემ მოწმეებს არაერთხელ დაუსვეს შეკითხვები - რატომ არ ავიდნენ საგუშაგომდე და რატომ არ შევიდნენ სოფლის ტყეში?

მოწმე კერესელიძემ განმარტა, რომ იყვნენ წასულები მსუბუქი ავტომობილით და რადგან წვიმა მოვიდა, გზის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ.

პროკურორებმა მას მიუთითეს, რომ - ჯობდა, ჩორჩანასა და წაღვლში მგზავრობა შესაბამისი ავტომობილით დაეგეგმათ.

“პროკურორები, მოწმეებს ედავებოდნენ თუ რატომ არ იყვნენ შესულები წვიმიან ამინდში ტყეში, ზამთარში, დეკემბერში, როდესაც არც ერთ პროკურორს, რომელიც ამ საქმეზე გამოდის, არც ერთ გამომძიებელს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, ერთხელაც არ მოსვლიათ აზრად, ჩასულიყვნენ სოფელ ჩორჩანაში, დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი და მინიმუმ კოორდინატები დაესვათ იმ ტერიტორიებისთვის, რომელზეც დავობენ, რომ ეფექტური კონტროლი ვერ ხორციელდება”, - უთხრა ჟურნალისტებს ბერდია სიჭინავამ, სხდომის დასრულების შემდეგ.

პროკურორმა თამარ იაკობიძემ მანამდე, სხდომაზე განმარტა, რომ პროკურორებს ზოგადად ბევრი საქმე აქვთ და ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მოინახულონ სისხლის სამართლის საქმეებში მოცემული ყველა ადგილი.

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ თქვა, რომ ეს მართლაც ასეა.

მოწმეები ქეთევან ბაკარაძე და შალვა კერესელიძე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრები არიან. ბაკარაძე მიიჩნევს, რომ “წულუკიანის კომისიის” სხდომებზე გასაჯაროებული დეტალები "საქართველოსთვის დამაზიანებელი იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით“.

„ჩვენ ვაძლევთ გამზადებულ არგუმენტებს [საოკუპაციო რეჟიმს], რომ შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს“ - თქვა ბაკარაძემ.

შალვა კერესელიძის თქმით, „ჩორჩანის საგუშაგოს” დადგმისთვის შს ყოფილი მინისტრისა და ექსპრემიერის გასამართლება “ეს არის წისქვილზე წყლის დასხმა საოკუპაციო რეჟიმისთვის” და თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, “ისინი [ოკუპანტები] წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას, გამოიყენებენ სათავისოდ და ეცდებიან, რომ აიღონ ეს საგუშაგო”.

ჩორჩანის საგუშაგოს აღება უკვე არაერთხელ მოითხოვა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა.

"არის სერიოზული იმედი, რომ ამ ქართულ საგუშაგოს მალე აიღებენ და გაიტანენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან", - ამის შესახებ განაცხადა ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 29 სექტემბერს გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სააგენტო "Рес-ი" იტყობინებოდა, რომ კოჩიევმა ეს მოლოდინი დაუკავშირა თბილისიდან მომდინარე გზავნილებს და მათ შორის - საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომ საგუშაგოს გახსნა "სერიოზული შეცდომა" იყო.

“ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. გახარია ბრალდებულია ასევე "20 ივნისის" საქმეზე - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი] - სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 13 წლამდე ვადით.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG