ევროპის ინტერესებშია, რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა - მინისტრი ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული იწყებს მინისტრის სტატუსით პირველ ვიზიტს აზერბაიჯანსა და სომხეთში. 17 ნოემბერს ვადეფული ბაქოში გაემგზავრა. 18 ნოემბერს ერევანს ეწვევა.

გერმანული მაუწყებლის, DW-ს ცნობით, 17 ნოემბერს, გერმანიიდან გამგზავრების წინ ვადეფულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინის განზრახვაა, ხელი შეუწყოს ევროპასთან სომხეთისა და აზერბაიჯანის კავშირების განმტკიცებას იმ ფონზე, როცა რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაზე თავისი გავლენის გაძლიერებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპის ინტერესებშია, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა.

ვადეფულის განცხადებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ევროპასთან მათი დაახლოების საკითხს მოსკოვი არ უნდა წყვეტდეს.

ასევე ნახეთ

ევროპის 9 ქვეყანა: მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტს, ვგმობთ რუსეთის ზეწოლას

გერმანიის მიზანია, ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წელს აშშ-ში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების რეალიზაციასაც. ასევე, სომხეთის სწრაფვას ევროკავშირისკენ და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ბაქოში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ვადეფულმა აზერბაიჯანს უწოდა გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანისგან საიმედოდ იღებენ გაზს და ნავთობს და ეს მიწოდება გაცილებით სტაბილური უნდა გახდეს.

ვადეფული აპირებს, ბაქოში განიხილოს აზერბაიჯანის შიდა სიტუაციაც, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები.

აზერბაიჯანსა და სომხეთში მინისტრ ვადეფულის ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყნები გერმანიის ახლო პარტნიორები არიან და ბერლინი მხარს უჭერს მათ დაახლოებას, რაც პერსპექტივას გაუხსნის რეგიონის მცხოვრებთ და ხელს შეუწყობს სტაბილიზაციას.

  • წლების განმავლობაში გერმანიისთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ახლო პარტნიორი საქართველო იყო.
  • დღეს გერმანიას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები პრაქტიკულად შეწყვეტილი აქვთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, რომელსაც ევროკავშირი მიიჩნევს მის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შეუსაბამოდ და ანტიდასავლურად.

ასევე ნახეთ

ალიევის 10, ფაშინიანის სამი და კობახიძის ერთი შეხვედრა – ვინ ვის შეხვდა EPC-ის სამიტზე