სამიტზე, ტრადიციულად, იმყოფებოდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, – ირაკლი კობახიძე, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი.
ამ სტატიაში მოკლედ ვაჯამებთ EPC-ის კულუარებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრებსა და ამ შეხვედრების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ შინაარსს.
ცნობები ეყრდნობა სამი ქვეყნის ლიდერების შესაბამისი ადმინისტრაციების ოფიციალურ ვებსაიტებზე გავრცელებულ ინფორმაციას.
ვის შეხვდა ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 10 ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროპელ ლიდერებთან. ესენი იყვნენ:
- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი – ისაუბრეს ეკონომიკასა და ვაჭრობაზე, კერძო სექტორში თანამშრომლობაზე, ჰუმანიტარულ დახმარებასა და უკრაინის დაინტერესებზე აზერბაიჯანში [ყარაბაღში] კონფლიქტის შემდეგ დაწყებული რეკონსტრუქციით;
- მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ – ისაუბრეს თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე;
- ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი – განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა, ენერგეტიკაში თანამშრომლობა, „ელექტროგადამცემი ხაზების დერეფანი“, რეგიონული კავშირებადობა;
- სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – სამშვიდობო პროცესი, TRIPP-ის პროექტი, ეკონომიკა და ვაჭრობა;
- საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი – აზერბაიჯანიდან გაზის პოტენციური ექსპორტი ევროკავშირში, ტრანს-ადრიატიკული მილსადენი;
- ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში – ეკონომიკა და ვაჭრობა, საინვესტიციო პროექტები, ბიზნესდელეგაციების ვიზიტები, აზერბაიჯანის როლი, როგორც ჩეხეთისთვის ნავთობის მიმწოდებლისა;
- რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი – სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა თავდაცვის, ენერგეტიკისა და კავშირებადობის სექტორებში, მეცნიერება და განათლება;
- ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა – პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკა და ვაჭრობა, ენერგეტიკა, რეგიონული მშვიდობა, აზერბაიჯანი-ევროკავშირის ურთიერთობები;
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა – აზერბაიჯანი-ევროკავშირის ურთიერთობები, ენერგეტიკა, ნახიჭევანის რკინიგზის პროექტი, შუა დერეფანი;
- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი – სწორედ ამ შეხვედრისას გააფორმეს მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია.
ვის შეხვდა ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანმა, – რომელიც დუბლინში თურქეთიდან ჩაფრინდა, – EPC-ის კულუარებში სამი ორმხრივი შეხვედრა გამართა. აქედან ორი – მეზობლებთან. ესენი იყვნენ:
- ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიშალი – ისაუბრეს სომხეთ-ესტონეთის ურთიერთობებსა და მათს გაფართოებაზე, რეგულარული მაღალი რანგის ვიზიტებზე, ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობებზე;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე – სომხეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე, რეგიონულ საკითხებზე;
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
გარდა ამისა, 12 ნოემბერს სამიტის ფარგლებში ცხრა სახელმწიფომ გამოაქვეყნა განცხადება სომხეთის მხარდასაჭერად, რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინააღმდეგ.
- განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნების ნაწილის ლიდერები დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდნენ.
- ეს ქვეყნები კი არიან ესტონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და გაერთიანებული სამეფო.
- ფაშინიანის ადმინისტრაციას მათთან შეხვედრებზე ცალკე ინფორმაცია გამოქვეყნებული არ აქვს.
ინფორმაცია კობახიძის ერთ შეხვედრაზე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას EPC-ის სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძის მხოლოდ ერთი ორმხრივი შეხვედრის შესახებ აქვს ინფორმაცია გამოქვეყნებული – ნიკოლ ფაშინიანთან.
თუმცა, EPC-ს ფარგლებში აქტივობებისა და ფაშინიანთან შეხვედრის გარდა, ირაკლი კობახიძე შეხვდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას.
ინფორმაცია ბელარუსიდან დევნილმა პოლიტიკოსმა გაავრცელა X-ზე და დაწერა, რომ კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრა.
ამას გარდა, როგორც ირაკლი კობახიძემ 11 ნოემბერს, ხოლო ნიკოლ ფაშინიანმა 13 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს ირლანდიური კვლევით ცენტრში, „საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში“ (IIEA) გამართულ დისკუსიებში.
კობახიძის თანახმადვე, EPC-ის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში საშუალება ჰქონდა სხვადასხვა ლიდერს გასაუბრებოდა, თუმცა მათთან საუბრებზე ცალკე ცნობები ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებია.
რა არის EPC?
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების“ შექმნა ემანუელ მაკრონის იდეა იყო.
2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დანარჩენი ევროპის პოლიტიკური დაახლოება – „სტრატეგიული ინტიმური ურთიერთობა“, როგორც ეს მაკრონმა პირველად თქვა.
- ლიდერები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან. ერთხელ მასპინძელი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მეორეჯერ კი – არაწევრი ქვეყანა.
- წინა სამიტი 2026 წლის 4-5 მაისს გაიმართა ერევანში, ევროკავშირის-სომხეთის ორმხრივი სამიტის პარალელურად.
- ერევანში იმყოფებოდა „საზოგადოების“ წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, – რამაც კრემლი გააღიზიანა.
ფორუმი