17 ნოემბერს ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა მერიის პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა პრობლემას მხოლოდ გზების გაფართოება და ახალი ესტაკადების მშენებლობა ვერ მოაგვარებს.
„ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ", - თქვა კალაძემ.
მისი განმარტებით, თბილისის ქუჩებში ყოველდღიური საცობები გაორმაგებულ სატრანსპორტო დატვირთვას უკავშირდება და ამის საილუსტრაციოდ 2017 წლისა და წლევანდელი მაჩვენებლები შეადარა.
„საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 ათასს აღწევს. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა", - თქვა კალაძემ.
მან დაამატა, რომ პრობლემას არა მხოლოდ ავტომობილების სიმრავლე, არამედ თბილისის რელიეფი და ეკონომიკური აქტივობაც განაპირობებს.
- თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია.
- დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესსაქმიანობისთვის, მომსახურების მისაღებად.
- ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის.
"არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, - თქვა კახა კალაძემ.
რაში ხედავს გამოსავალს კალაძე
პრობლემის მოგვარების ხედვაზე საუბრისას კალაძემ თქვა, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხოვნის პრინციპით, ავტომობილების დამატებით ნაკადებს იზიდავს.
"ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ უნდა აშენდეს. სადაც კონკრეტული პროექტი აუცილებელ სატრანსპორტო კავშირს ქმნის და მისი ეფექტიანობა შესაბამისი კვლევებით დასტურდება, ასეთი პროექტები უნდა განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ ესტაკადებითა და გზების გაფართოებით თბილისის საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ", - თქვა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.
- 2017 წლიდან დედაქალაქში სრულად განახლდა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი და მგზავრებს 1 059 თანამედროვე ავტობუსი და 1 000 მიკროავტობუსი ემსახურება. დამატებით 200 ავტობუსის შესაძენად მოლაპარაკებები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.
- პარალელურად კი ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელის შეკვრა იგეგმება.
- იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ხოლო ჩინეთიდან ეტაპობრივად უნდა მივიღოთ 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება, - თქვა კალაძემ
ამასთან, მან ახსენა ასევე ტრამვაის პროექტის განხორციელების პროცესი, რომელიც დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
ასევე ნახეთ
მანქანების შეზღუდვა ლუწი და კენტი ნომრებით, უბნებში ფასიანი შესვლა - კალაძე საცობების ალტერნატივაზემოუგვარებელი და „გაუარესებული“ საცობები
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, საცობი და გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის მოუგვარებელი პრობლემებია.
თბილისში ყველაზე სწრაფად მზარდი საცხოვრებელი უბანი დიდი დიღომია, რომელსაც ნავთლუღი და ვარკეთილი მოსდევენ.
2022-2042 წლებში დიდ დიღომში მოსახლეობა, სულ მცირე, გაორმაგდება, - წერს დანიური საკონსულტაციო კომპანია „რამბოლი“, რომელმაც თბილისის მერიის დაკვეთით კვლევა ჩაატარა.
ასევე ნახეთ
2030 წლამდე თბილისს ტრამვაის ხაზი უნდა ჰქონდეს - კონტრაქტი გაფორმდა„რამბოლი“ დამკვეთს ურჩევს, დიდ დიღომში საცობების პრობლემა სარკინიგზო ლიანდაგების სისტემის შექმნით გადაჭრას.
- 2026 წლის 7 სექტემბერს თბილისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ თურქული კომპანიების ჯგუფ EYE-სთან გააფორმა თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება.
- ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi - მან 287 654 321 ლარად უნდა დააპროექტოს და გაიყვანოს ხაზი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ - 2030 წლამდე.
- ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიამ დაიწყო ავტობუსის პრიორიტეტული ზოლების გამოყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების წახალისების მიზნით, - რომლებზეც მოგვიანებით ტაქსების გარკვეული კატეგორიაც დაუშვა.