რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანქანების შეზღუდვა ლუწი და კენტი ნომრებით, უბნებში ფასიანი შესვლა - კალაძე საცობების ალტერნატივაზე

„კონკრეტულ უბნებში კამერები, ფასიანი შესვლა“ - კახა კალაძე საცობების ალტერნატივაზე
„კონკრეტულ უბნებში კამერები, ფასიანი შესვლა“ - კახა კალაძე საცობების ალტერნატივაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდა „მზარდი პრობლემაა“, რასაც ესტაკადების მშენებლობა მხოლოდ უარეს შედეგს მოუტანს, ალტერნატივად კი ასახელებს დღეგამოშვებით ლუწი ან კენტი სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების დაშვებას.

მან ეს ვარიანტები შესაძლო ალტერნატივად დაასახელა და არ უთქვამს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ თუკი „კონკრეტულ გადაწყვეტილებას“ მიიღებენ, ეს „ყველამ უნდა გაითავისოს“.

„900 000 მანქანა პიკის საათში“

11 ნოემბერს ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პროსახელისუფლებო ტელეარხ „იმედის“ ეთერში სტუმრობისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2026 წელს თბილისში პიკის საათში დააფიქსირეს „900 000 ავტომობილი, რომელიც გადაადგილდებოდა“.

მან უპასუხა კრიტიკას ავტობუსების ზოლების („ბასლეინების“) შემოღებასთან დაკავშირებით:

„ხშირად გვაკრიტიკებენ ამის გამო. მინდა აღმაშენებლის ხეივნის მაგალითი მოვიყვანო. არანაირი ავტობუსის ზოლი არ დახატულა. რა ხდება იქ?! უბრალოდ, გარკვეულ მონაკვეთებში, დღის კონკრეტულ ეპიზოდში, გავლა არის შეუძლებელი“, - თქვა მან.

"საცობი, სამსახური, საცობი და ძილი..." - ომი საცობთან

No media source currently available

„კონკრეტულ უბნებში კამერები, ფასიანი შესვლა“

„ამით რისი თქმა მინდა, ყველაზე დიდი პრობლემა არის ავტომობილებზე დამოკიდებულება და რაოდენობა. და ის, რომ „მერია არაფერს აკეთებს“. არის შესაძლებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მან.

წამყვანის რეპლიკაზე, „კენტ და ლუწ რიცხვებში“, ლუწი და კენტი სანომრე ნიშნების მიხედვით ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვაზე, - კალაძემ განაცხადა:

„თუნდაც მაგალითად ესეც ავიღოთ, მაგრამ როდესაც ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ყველამ ეს უნდა გავითავისოთ“.

მან თქვა: „მაგალითად, თუ გვინდა ამ პრობლემის მოგვარება, შეგვიძლია მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი ან ლუწი ნომრიანი მანქანები იყოს დაშვებული. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა, – როგორც გაკეთდა ეს ბევრ ევროპულ ქალაქში“.

„მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის. ისე არ გამოვა, რომ „მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემაა“. არა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ყველამ გავიჭირვოთ“, – განაცხადა კალაძემ.

მოუგვარებელი და „გაუარესებული“ საცობები

როგორც რადიო თავისუფლება წერდა, საცობი და გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის მოუგვარებელი პრობლემებია.

თბილისში ყველაზე სწრაფად მზარდი საცხოვრებელი უბანი დიდი დიღომია, რომელსაც ნავთლუღი და ვარკეთილი მოსდევენ.

2022-2042 წლებში დიდ დიღომში მოსახლეობა სულ მცირე გაორმაგდება, - წერს დანიური საკონსულტაციო კომპანია „რამბოლი“, რომელმაც თბილისის მერიის დაკვეთით კვლევა ჩაატარა.

„რამბოლი“ დამკვეთს ურჩევს, დიდ დიღომში საცობების პრობლემა სარკინიგზო ლიანდაგების სისტემის შექმნით გადაჭრას.

  • 2026 წლის 7 სექტემბერს თბილისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ თურქული კომპანიების ჯგუფ EYE-სთან გააფორმა თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება.
  • ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi - მან 287 654 321 ლარად უნდა დააპროექტოს და გაიყვანოს ხაზი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ - 2030 წლამდე.

ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიამ დაიწყო ავტობუსის პრიორიტეტული ზოლების გამოყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების წახალისების მიზნით, - რომელზეც მოგვიანებით ტაქსების გარკვეული კატეგორიაც დაუშვა.

​
XS
SM
MD
LG