ჰააგის სასამართლომ ჰაშიმ ტაჩის დამატებით 17 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ჰაშიმ ტაჩი სასამართლო პროცესზე. ჰააგა. აპრილი, 2023 წელი (არქივი)

სამშაბათს, სპეციალურმა სამხედრო ტრიბუნალმა კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩის, მოწმეებზე გავლენის მოხდენის ბრალდებით 17 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მიიღეს სასამართლო პროცესის დროს, რომელიც მის სამხედრო დანაშაულებს განიხილავდა და რომლის შედეგადაც, ტაჩის ადრე უკვე მისჯილი ჰქონდა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.


სექტემბერში, ჰააგის სასამართლომ ტაჩი და „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ კიდევ სამი ყოფილი მეთაური დამნაშავედ ცნო უკანონო დაპატიმრებებში, წამებაში, მკვლელობასა და ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობაში 1998–1999 წლებში სერბეთისგან დამოუკიდებლობისთვის ომის დროს.

ამ განაჩენითა და ხანგრძლივი სასჯელებით შოკირებულია კოსოვოელი ალბანელების დიდი ნაწილი, რომელთათვისაც ტაჩი და მისი თანამებრძოლები დამოუკიდებლობის მოძრაობის გმირებად რჩებიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.


სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო, დანაშაული არცერთმა ბრალდებულმა არ აღიარა. სექტემბრის განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე, კოსოვოში ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია ბრალდებულების მხარდასაჭერად. ტაჩისთან ერთად გაასამართლეს ასევე კოსოვოს პარლამენტის ყოფილი სპიკერები, კადრი ვესელი და იაკუპ კრასნიჩი, რომლებსაც, შესაბამისად, 18 და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ასევე ყოფილი დეპუტატი რეზეპ სემილი, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


17 ნოემბერს, განაჩენი ცალკე საქმეზე იქნა გამოტანილი, მაგრამ ის დაკავშირებულია ძირითად საქმესთან: პროკურორებმა ტაჩი ომის დანაშაულების სასამართლო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულეს. მას ჯამში 11 ბრალდება წაუყენეს, რომელთაგანაც საბოლოოდ, ცხრაში დამნაშავედ ცნეს.

თავმჯდომარე მოსამართლე კრისტოფერ გოსნელმა განაცხადა, რომ ჰაშიმ ტაჩი შეუთანხმდა ბრალდების მხარის მთავარ მოწმეებს გავლენის მოხდენის მიზნით, და ასევე გაამჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია.

ასევე ნახეთ

რა მოჰყვება კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდადებას?