კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი და კოსოვოს გათავისუფლების არმიის სამი სხვა ყოფილი მეთაური ომის დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ, ხოლო პროკურორები ასევე დეტალურად შეისწავლიან სრულ განაჩენს, მათ შორის ოთხივე პირის გამართლებას კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რამდენიმე მუხლში.
58 წლის ტაჩი და კოსოვოს გათავისუფლების არმიის სამი სხვა ყოფილი მეთაური, რომლებიც 1998-1999 წლების ომში სერბულ ძალებს ებრძოდნენ, ომის დანაშაულის ოთხი მუხლით ცნეს დამნაშავედ: უკანონო და თვითნებური დაკავებასა და დაპატიმრებაში, სასტიკი მოპყრობაში, წამებასა და მკვლელობაში.
ტაჩიმ, რომელიც მდუმარედ იდგა, როცა მოსამართლე 25 წლით პატიმრობის განაჩენს კითხულობდა, ყველა ბრალდება უარყო, ისევე როგორც დანარჩენმა მსჯავრდადებულებმა. რეჯეფ სელიმის 13 წლით პატიმრობა მიესაჯა, კადრი ვესელის -18 წლით, ხოლო იაკუპ კრასნიჩის - 25 წლით.
ისინი სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი არიან ომის დანაშაულებზე: 385 პირის თვითნებურ დაკავებაზე, 49 პირის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე, 303 პირის წამებასა და 96 პირის მკვლელობაზე.
განაჩენის თანახმად, მსხვერპლთა შორის იყვნენ კოსოვოელი ალბანელები, რომლებიც კოსოვოს გათავისუფლების არმიის მოწინააღმდეგეებად აღიქმებოდნენ, პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყვნენ იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ან სერბეთის ხელისუფლებასთან, და ეთნიკური უმცირესობების გარკვეული წარმომადგენლები, მათ შორის ბოშები და სერბები.
ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო
თუმცა 16 სექტემბრის განაჩენი ამ საქმის დასასრული არ არის.
მთელ ბალკანეთში ყველას ყურადღება იმაზეა მიპყრობილი, თუ რა მოჰყვება განაჩენს, რომლის ირგვლივ დაძაბულობა იზრდება რეგიონში, სადაც კოსოვოს გათავისუფლების არმია და კოსოვოს ომი კვლავ პოლიტიკურად და ემოციურად დატვირთულ საკითხებად რჩება.
კოსოვოში უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. ალბანელთა საკმაოდ მოზრდილი თემები ცხოვრობენ ბალკანეთის სხვა ნაწილებშიც, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებში, მათ შორის მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.
განაჩენზე რეაქცია ასევე ემთხვევა ზოგიერთის ხანგრძლივ მოწოდებებს კოსოვოს მეზობელ ალბანეთთან გაერთიანების შესახებ - ამ იდეას სიმბოლური მიმზიდველობა აქვს ეთნიკურ ალბანელთა ნაწილში, თუმცა დიდ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ დაბრკოლებებს აწყდება.
ამავდროულად, სერბეთმა და კოსოვოში მცხოვრებმა ბევრმა ეთნიკურმა სერბმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ სასამართლომ ტაჩი და კოსოვოს გათავისუფლების არმიის სამი მეთაური ომის დროს სერბთა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში დამნაშავედ არ ცნო.
კოსოვოს გარეთ, ეს განაჩენი, სავარაუდოდ, განამტკიცებს და არ გადაჭრის ომის შესახებ არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივებს.
გრაცის უნივერსიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და პოლიტიკის პროფესორმა, ფლორიან ბიბერმა, განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოების განაჩენებზე რეაქციები დიდი ხანია ასახავს რეგიონის უახლესი ისტორიის შესახებ არსებულ, ერთმანეთისგან ღრმად განსხვავებულ, შეხედულებებს.
მან რადიო თავისუფლებას უთხრა: „ბოლო 25 წლის განმავლობაში განაჩენები ხშირად მხოლოდ მაშინ გამოაქვთ, თუ ისინი ეროვნულ ნარატივს ერგება, ხოლო თუ არ ერგება, უარყოფენ.“
ბიბერმა განაცხადა, რომ მოელის, რომ სერბი ნაციონალისტები ამ განაჩენებში საკუთარი შეხედულებების გამართლებას დაინახავენ, ხოლო კოსოვოში განაჩენს უკვე უარყოფენ იმ არგუმენტით, რომ იგი საფრთხეს უქმნის დამკვიდრებულ ისტორიულ მეხსიერებას.
ამასობაში, სამართლებრივი პროცესი, სავარაუდოდ, გაჭიანურდება.
იმავე დღეს, სასჯელის გამოცხადების შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ. ამ პროცესს, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.
ვიდეო: პრიშტინაში EULEX-ის მისიას ქვები დაუშინეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა
ტაჩის ადვოკატმა, პიერ-რიშარ პროსპერმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს იმას, რომ სასამართლომ, მისი შეფასებით, სათანადოდ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, თუ როგორ მოქმედებდა კოსოვოს გათავისუფლების არმია.
პროსპერმა მიუთითა ნატოს ყოფილი მეთაურის, უესლი კლარკის, აშშ-ის ყოფილი დიპლომატის, კრისტოფერ ჰილისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრესმდივნის, ჯეიმს რუბინის ჩვენებებზე და განაცხადა, რომ მათ კოსოვოს გათავისუფლების არმია აღწერეს, როგორც დეცენტრალიზებული ორგანიზაცია, რომელშიც რეგიონული მეთაურებმ მნიშვნელოვან უფლებამოსილებას ფლობდნენ.
„სასამართლომ ისტორია გადაწერა, როდესაც თქვა, რომ ეს იყო ორგანიზებული სტრუქტურა, და მთელი პასუხისმგებლობა ჰაშიმ ტაჩის დააკისრა. ახლა ეს ბრძოლა გაგრძელდება“, — განაცხადა პროსპერმა.
პროსპერმა თქვა, რომ განაჩენმა კოსოვოს გათავისუფლების არმია წარმოაჩინა როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფება, და რომ ნატომ და შეერთებულმა შტატებმა უნდა შეისწავლონ ასეთი წარმოჩენის შედეგები.
თუმცა ივა ვუკუშიჩმა, უტრეხტის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ომის დანაშაულების სასამართლო პროცესებს სწავლობს, განაცხადა, რომ განაჩენი ბევრად უფრო ვიწრო კონტექსტში უნდა იქნეს აღქმული.
„ამ სახის სისხლის სამართლებრივი პროცესი ყოველთვის ცალკეულ პირებს ეხება, — განაცხადა მან. — კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ მსხვერპლთ, კონკრეტულ დღეებს. კონკრეტულ დანაშაულებს.“
სასამართლო კოლეგიამ თავადაც გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს საქმე არ წარმოადგენდა მსჯავრს კოსოვოს გათავისუფლების არმიის ლეგიტიმურობაზე ან კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე.
მან დაადგინა, რომ ტაჩი, როგორც კოსოვოს გათავისუფლების არმიის გენერალური შტაბის წევრი და მისი პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი, საკვანძო ფიგურა იყო იმ საერთო მიზნის შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც მოიცავდა საპატიმრო ადგილების შექმნას; იმ პირთა ვინაობის დადგენას, რომლებიც კოსოვოს გათავისუფლების არმიის მოწინააღმდეგეებად აღიქმებოდნენ; მათ დაპატიმრებასა და დაკავებას; ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მათ მკვლელობას.
რა შეიძლება გასაჩივრდეს?
ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილმა მკვლევარმა, ნევენკა ტრომპმა განაცხადა, რომ სააპელაციო ეტაპზე ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, სავარაუდოდ, სწორედ ერთობლივი დანაშაულებრივი მიზნის არსებობა იქნება, იმასთან ერთად, თუ როგორ გამიჯნა განაჩენმა ოთხი ბრალდებულის ინდივიდუალური წვლილი.
დემონსტრანტები პრიშტინაში 17 თებერვალს შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ ყოფილი პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩისა და სხვა კოსოვოელებისთვის, რომლებიც ჰააგაში ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ბრალდებით წარდგნენ სასამართლოს წინაშე.
„დადგინდა, რომ ტაჩი და კრასნიჩი აქტიურად იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს ერთობლივი მიზნის დანაშაულებრივი ასპექტების აღსასრულებლად. სელიმის მსჯავრი არსებითად განსხვავებულ დახასიათებას ემყარება. აქ საქმე ეხება იმ დანაშაულების აღკვეთისა და დასჯის შეუსრულებლობას, რომელთა წინააღმდეგ სამოქმედოდაც მას გააჩნდა უფლებამოსილებაც და ცოდნაც“ - განუცხადა ტრომპმა რადიო თავისუფლებას.
მან დასძინა, რომ მეორე შესაძლო საფუძველი ეხება უშუალოდ მტკიცებულებებს, კერძოდ, იმ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობას, რომლებიც განსახილველი მოვლენებიდან მრავალი წლის შემდეგ არის ჩამორთმეული, რაც დაცვის მხარემ ადრეულ პროცესებზე გაასაჩივრა.
ტრომპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სისტემაში არსებული სააპელაციო განხილვა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის (ICTY) სამართალწარმოების პრაქტიკიდან არის მემკვიდრეობით მიღებული, მტკიცებულებებს ხელახლა კი არ აფასებს, არამედ იყენებს სამართლებრივ ნორმებს არსებულ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით.
„მოლოდინი უკავშირდება ისეთ სააპელაციო განხილვას, რომელიც კონკრეტულად ორიენტირებულია იმაზე, თუ რომელ ინდივიდს რომელი კონკრეტული დანაშაული ეხება, სწორად მიაკუთვნეს თუ არა კონკრეტული მსხვერპლი ჯგუფურად ჩადენილ საერთო დანაშაულს“.
„სპეციალისტთა პალატის“ წესების თანახმად, მხარეებს წერილობითი განაჩენის გამოტანიდან 30 დღე აქვთ სააპელაციო საჩივრის შეტანის შესახებ შეტყობინების წარსადგენად. ძირითადი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, როგორც წესი, ამის შემდეგ 60 დღის ვადაშია უნდა მოხდეს.
პროკურორებსაც შეუძლიათ განაჩენის გასაჩივრება
დამოუკიდებელმა პროკურორმა, კიმბერლი უესტმა განაცხადა, რომ მისი ოფისი შეისწავლის სრულ განაჩენს, მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის იმ ექვს მუხლს, რომლებიც განაჩენის გამოტანისას არ გაუთვალისწინებიათ.
სასამართლო კოლეგიამ ოთხივე ბრალდებული გაამართლა აღნიშნულ მუხლებში მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ პროკურორებმა გონივრული ეჭვის გარეშე ვერ დაამტკიცეს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი ან სისტემური თავდასხმის არსებობა.
ეს ნიშნავს, რომ სააპელაციო პროცესი შეიძლება ორი მიმართულებით განვითარდეს. სანამ დაცვის მხარე მსჯავრის გაუქმებას ან სასჯელის შემცირებას შეეცდება, პროკურორებს შეუძლიათ გაასაჩივრონ გამართლებები და მოითხოვონ სასამართლო კოლეგიის მიერ უარყოფილი ბრალდებების აღდგენა.
ტრომპმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ განაჩენის გასაჩივრებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს საქმის შედეგზე.
„ექვსი მუხლიდან ნაწილის ან ყველას აღდგენას არ მოჰყვება მცირე ცვლილება. ეს უშუალოდ სასჯელის გადახედვას და, სავარაუდოდ, მის დამძიმებას გამოიწვევს“, — განაცხადა მან.
ტაჩისთვის ომის დანაშაულების საქმეზე სააპელაციო პროცესი არ იქნება მისი ერთადერთი სასამართლო პროცესი ჰააგაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
იგი ასევე ელოდება განაჩენს სხვა საქმეზე, რომელშიც მას და ოთხ სხვა პირს ბრალი ედებათ მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
ტაჩი ბრალს არ აღიარებს.