უკრაინა პარტნიორებისგან ისევ ითხოვს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დახმარებას

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ნოემბერს ონლაინ მიმართა უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის სხდომას, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.

უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისგან ისევ ითხოვს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დახმარებას. უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად საჭირო საშუალებები.

17 ნოემბერს, გვიან ღამით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა უკრაინის დასახმარებლად შექმნილი, რამშტაინის ფორმატის სახელით ცნობილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.

ზელენსკიმ სხდომის მონაწილეებს ონლაინ მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება კიდევ 40 ამერიკული გამანადგურებელი F-16, მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ შვედური და ფრანგული გამანადგურებლები Gripen და Rafale და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებენ უკრაინას დამატებით მისცენ ფრანგული Mirage-ები.

სხდომის შემდეგ, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „საჰაერო თავდაცვა ძირითადი პრიორიტეტი და დაცვის ალფა და ომეგაა“. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინას მუდმივად უტევს რეაქტიული დრონებით, ფრთოსანი რაკეტებით და რაც ყველაზე სახიფათოა, ბალისტიკური რაკეტებით და ამ ყველაფრისგან დაცვა სჭირდებათ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში საკმარისადაა დრონებისა და რაკეტების გზად დამჭერი საშუალებები, რომლებიც საწყობებში არ უნდა იდოს და ეს საშუალებები უკრაინას უნდა ჰქონდეს რუსეთის დარტყმებისგან ქალაქებისა და სოფლების დასაცავად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ასევე ნახეთ

72 დაღუპული - უკრაინაში, დაბა კომიშუვახაში დასრულდა ორკვირიანი სამძებრო ოპერაცია

პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადება და ევროპელების უკმაყოფილება

17 ნოემბერს ბრიუსელში, საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ ქოლბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ზოგიერთ სამოქალაქო ობიექტზე უკრაინის დარტყმები ხელს არ უწყობს ომის დასრულებას და სავარაუდოდ, დაეხმარა რუსეთის საზოგადოების სიმტკიცის გამყარებას და ესკალაციისთვის კრემლის მზადყოფნას. ქოლბიმ კონკრეტულ მაგალითად მოიყვანა უკრაინის შეტევები ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის ობიექტებზე.

  • უკრაინამ, რომელიც აცხადებს, რომ ეს კომპანია ორმაგი დანიშნულების საქონელსაც ყიდის და რუსეთის არმიას ეხმარება, Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებას მწვავე შეფასება მოჰყვა გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსისგან. მან საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და სამხედრო დანიშნულებით გამოყენებულ ობიექტებზე დარტყმების კრიტიკის ნაცვლად საუბარი უნდა იყოს მუდმივ ტერორისტულ შეტევებზე უკრაინის ენერგოობიექტებსა და წყლითა და გათბობით მომარაგების სისტემებზე.

პისტორიუსმა კრიტიკას „სულელური“ უწოდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ უკრაინას ვერ უკარნახებენ, როგორ აწარმოოს ომი. სტრიტინგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებმა შეამცირა პუტინის სამხედრო მანქანის ეფექტიანობა.

ასევე ნახეთ

იერიში პუტინის მთავარ სიმბოლოზე - ემუქრება თუ არა ყირიმს ბლოკადა?
  • საკონტაქტო ჯგუფი, რომლის საქმიანობაც „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მოქმედებდა.
  • პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯგუფის ხელმძღვანელობას ჩამოშორდა.
  • ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაუწია მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება. ტრამპმა ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი თქვა. მან 2025 წლის ივლისში გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ ნატოს სხვა წევრი, ძირითადად, ევროპული ქვეყნები.