„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურას პასუხობს და „მტკიცებულებათა გაყალბებაზე“ საუბრობს

ნიკა გვარამია (მარცხნივ) და გიგა ლემონჯავა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, გიგა ლემონჯავას თქმით, 2024 წლის 4 დეკემბერს „დროას“ ოფისიდან ამოღებული ბენზინი იმ გენერატორებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებითაც ხმის აპარატურას ამუშავებდნენ.

ასე უპასუხა მან პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკისას „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები ამოიღეს.

ლემონჯავას თქმით, ოფისიდან საწვავთან ერთად დინამიკები და გენერატორებიც წაიღეს, რაც ჩხრეკისა და ამოღების ოქმშია დაფიქსირებული.

ლემონჯავამ პროკურატურის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს დაუკავშირა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში წარსადგენად ყალბი მტკიცებულება დასჭირდა და მის შექმნაში პროკურატურაც ჩაერთო. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის განცხადება დროში დაემთხვა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას.

ასევე ნახეთ

პარტია „დროა“ რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს

ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურის განცხადებიდან გაუგებარია, რის საფუძველზე დაასკვნა უწყებამ, რომ ამოღებული ბენზინი „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად იყო განკუთვნილი. მისი შეფასებით, ეს სახელმწიფო უწყებების „ორკესტრირებული ქმედებაა“, რომლის მიზანიც პარტიის აკრძალვისთვის საფუძვლის შექმნაა.

მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში

16 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებულ ჩხრეკაზეც იმსჯელეს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ „დროას“ ოფისის ჩხრეკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩხრეკისას ამოიღეს პლედები, პოროლონი, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც.

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მოქალაქეებისთვის პლედებისა და საწვიმრების მიწოდება ძალადობის წახალისებას არ ნიშნავს.

ასევე ნახეთ

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი: „გრიგორიადისიც პოლიტპატიმარი იყო?“

რას ამბობს პროკურატურა?

პროკურატურამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკისას ამოიღეს „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა.

რას ამბობდა შსს?

2024 წლის 4 დეკემბერს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა.

კუპატაძის თქმით, ჯგუფური ძალადობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

კუპატაძემ ისაუბრა:

  • 7 ადამიანის დაკავებაზე;
  • 6 პირის პირად ჩხრეკასა და მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაზე;
  • საგამოძიებო მოქმედებებზე მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.

ასევე ნახეთ

ჩხრეკა, დაკავება, კონფისკაცია - 4 დეკემბრის ქრონიკა

შსს-მ ამოღებული ნივთები ჩამოთვალა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი მათგანი ამოიღეს პარტიულ ოფისებში და რომელი – პირადი ჩხრეკისას ან საცხოვრებელი სახლებიდან.

ჩამონათვალში იყო ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები და „სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“.

ასევე ნახეთ

პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს
  • ოფისებში ჩხრეკა და დემონსტრანტების დაკავება მოჰყვა მრავალათასიან აქციებს, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისსა და სხვა ქალაქებში დაიწყო. პროტესტი გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
  • აქციები დეკემბერშიც გაგრძელდა. თბილისში პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს იყენებდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ფეიერვერკებს ისროდა. ხელისუფლება დემონსტრანტებს სხვა ძალადობრივ ქმედებებშიც ადანაშაულებდა, მათ შორის, ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში.