რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი: „გრიგორიადისიც პოლიტპატიმარი იყო?“

სერგო მეთოფიშვილი და ლაზარე გრიგორიადისი (ფოტოკოლაჟი)
სერგო მეთოფიშვილი და ლაზარე გრიგორიადისი (ფოტოკოლაჟი)

როგორ უნდა გაიმიჯნოს მშვიდობიანი პროტესტი ძალადობისგან და რა შემთხვევაში ეკისრება აქციაზე მომხდარზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიას - ამ საკითხებზე დაუსვეს კითხვები „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავენ.

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა ნიკა გვარამიას ჰკითხა, რა მომენტიდან სცდება პროტესტი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაცულ ფარგლებს და როგორ უნდა შეფასდეს აქციაზე პიროტექნიკის, ქვებისა თუ „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება.

გვარამიამ უპასუხა, რომ აუცილებელია ცალკეული ძალადობრივი შემთხვევებისა და წინასწარ დაგეგმილი ძალადობის გამიჯვნა. მისი თქმით, შესაფასებელია პოლიციის მოქმედებებიც, ხოლო აქციაზე კანონდარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მთელი აქცია ძალადობრივია.

„მოლოტოვის კოქტეილი“ და პიროტექნიკა

გვარამიამ „მოლოტოვის კოქტეილსა“ და პიროტექნიკას შორის განსხვავებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პირველი წინასწარ მომზადებას საჭიროებს და მისი გამოყენება თავისთავად შეიცავს ზიანის მიყენების საფრთხეს. პიროტექნიკის შემთხვევაში კი, მისი თქმით, უნდა შეფასდეს, მას ადამიანისთვის ზიანის მისაყენებლად ესვრიან თუ ჰაერში უშვებენ.

მეთოფიშვილმა ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა კოალიცია განხილულ აქციებს ძალადობრივად და რა პოზიცია ჰქონდა მომხდარზე.

გვარამიამ თქვა, რომ ძალადობის ნორმალიზება დაუშვებელია, თუმცა აქციაზე ცალკეული ძალადობრივი ქმედებები და ძალადობრივი მიზნით ორგანიზებული აქცია ერთი და იგივე არ არის. მისი შეფასებით, პროტესტის დაშლა ხშირად უკანონო იყო, რასაც მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი პასუხებიც მოჰყვებოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ცალკეული ეპიზოდების შეფასების გარეშე ვერ იტყოდა, რომელი ქმედება ჯდებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

პარტიის პასუხისმგებლობა და აქციის მონაწილეთა დახმარება

მოსამართლე ევა გოცირიძემ სარჩელში მოყვანილ ინფორმაციასა და ელენე ხოშტარიას განცხადებაზე მიუთითა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის პარალონების, ფეიერვერკებისა და სხვა ნივთების მომარაგებას ეხებოდა. მან იკითხა, იყო თუ არა ეს კოალიციის ერთობლივი გადაწყვეტილება.

გვარამიამ უპასუხა, რომ პიროტექნიკის შეძენაზე პარტიული გადაწყვეტილება არ ყოფილა. მისი თქმით, ცალკეული ადამიანის სამართალდარღვევა ავტომატურად ვერც აქციას აქცევს ძალადობრივად და ვერც პარტიის აკრძალვის საფუძველი ხდება.

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში, 2026 წლის 16 ნოემბერი
ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში, 2026 წლის 16 ნოემბერი

გოცირიძემ კითხვა ასე განავრცო: თუ პარტია თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ეხმარებოდა, შემდეგ კი აქციაზე ძალადობა მოხდა, უჩნდებოდა თუ არა მას გამიჯვნის ვალდებულება?

გვარამიას პასუხით, მოქალაქეებისთვის პლედებისა და საწვიმრების მიწოდება ძალადობის წახალისებას არ ნიშნავს. სხვა ვითარება იქნებოდა, თუ დამხმარეს ეცოდინებოდა ძალადობრივი მიზნის შესახებ და განზრახ შეუწყობდა ხელს მის განხორციელებას.

„პარტია არის კონკრეტული იურიდიული პირი და მისი დაშლა შეიძლება კონკრეტული მიზნის გამო და არა პლედების მიტანის გამო“, - თქვა მან.

გიორგი ლემონჯავამ „დროას“ ოფისის ჩხრეკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამოიღეს პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც.

ლემონჯავას განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“, არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ. ფეიერვერკებზე კი თქვა, რომ არ ახსოვდა, ამოიღეს თუ არა ისინი რომელიმე ოფისიდან.

„გრიგორიადისი პოლიტპატიმარი იყო?“

პოლიტპატიმრების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც თენგიზ თევზაძემ კოალიციის 2024 წლის 5 დეკემბრის განცხადება გაიხსენა. მისი თქმით, კოალიციას ორი მოთხოვნა ჰქონდა: აქციების დროს დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ იკითხა, ვის მიიჩნევდნენ პოლიტპატიმრებად. პასუხებში საბა სხვიტარიძეც დასახელდა.

შემდეგ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა ჰკითხა:

„გრიგორიადისსაც გულისხმობდით? გრიგორიადისი პოლიტპატიმარი იყო?“

მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ იმ დროისთვის გრიგორიადისი უკვე თავისუფალი იყო. მოსამართლეებმა კითხვა გაიმეორეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის მარტში ე.წ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების შემდეგ დააკავეს. პროკურატურა მას პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასა და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებოდა. 2024 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევდა. გრიგორიადისმა საპატიმრო 2024 წლის 24 აპრილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ დატოვა.

4 ოქტომბერი და „მშვიდობიანი დამხობა“

გოცირიძემ გვარამიას ჰკითხა, თუ კონსტიტუციური წყობის დამხობა ძალადობრივ მოქმედებას გულისხმობს, როგორ შეიძლება არსებობდეს „მშვიდობიანი დამხობა“.

გვარამიამ უპასუხა, რომ ეს ფორმულირება მას არ გამოუყენებია და ამ განმარტებაზე პასუხს მას ვერ მოსთხოვდნენ. პარტიის აკრძალვაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ მოსარჩელემ პარტიის დღევანდელი ან სამომავლო ანტიკონსტიტუციური მიზანი უნდა დაადასტუროს.

მოგვიანებით მსჯელობა უშუალოდ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციას შეეხო. გვარამიას თქმით, კოალიციას მისი ორგანიზების იდეა პოლიტიკურად არასწორად მიაჩნდა და ეს პოზიცია საჯაროდ ჰქონდა გამოხატული. თუმცა პარტიის წევრებისთვის აქციაზე მისვლა არ აუკრძალავთ.

მისი განმარტებით, აქცია ძალადობრივ ღონისძიებად არ ყოფილა გამოცხადებული, ამიტომ მასზე მისვლა ძალადობაში მონაწილეობის განზრახვას არ ნიშნავდა. ცალკე შესაფასებელი იყო, ჩაერთო თუ არა კონკრეტული ადამიანი მოგვიანებით ძალადობრივ მოქმედებებში.

კითხვაზე, იყვნენ თუ არა აქციაზე კოალიციის ლიდერები, გვარამიამ უპასუხა, რომ ოთხივე ციხეში იყო.

„ოთხნი ხართ პარტიაში?“ - ჰკითხა სხდომის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.

„ოთხი ლიდერი ვართ“, - უპასუხა გვარამიამ.

„ბიბლიური თავისუფლება“ და პოლიტიკური გამოხატვის ფარგლები

ევა გოცირიძის კიდევ ერთი კითხვა „გირჩის“ მიერ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ დაფუძნებას შეეხებოდა. მოსამართლემ იკითხა, იყო თუ არა ახალგაზრდებისთვის სასულიერო პირის სტატუსით სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შესაძლებლობის შექმნა პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობა თუ მისი ბოროტად გამოყენება.

გვარამიამ უპასუხა, რომ თავად ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, თუმცა ამ საქმიანობას პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებში განიხილავდა. მან მიუთითა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფომ დაარეგისტრირა და წლების განმავლობაში მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდა.

ვეტინგი და სუვერენიტეტი

გოცირიძემ მოსამართლეთა შემოწმების მექანიზმზე - ვეტინგზეც - დასვა კითხვა. მისი თქმით, მოდელების ნაწილი უცხოელი ექსპერტების არსებით ან გადამწყვეტ მონაწილეობას ითვალისწინებს. მოსამართლემ იკითხა, იყო თუ არა სასამართლოს მოწყობა ის სფერო, რომელშიც ქვეყანამ სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დათმოს და როგორ შეეთავსებოდა ეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და უფლებამოსილების გარანტირებულ ვადას.

„მე არ მიმაჩნია სუვერენიტეტის დათმობად ვეტინგი. ეს არის შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, - უპასუხა გვარამიამ.

მან საკუთარი ხედვაც აღწერა: საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად, ეუთოს, შეეძლებოდათ შემოწმების განმახორციელებელ ჯგუფში მიუკერძოებელი ქართველი წევრების შერჩევა. მისი თქმით, ასეთ მოდელს კონსტიტუციური ცვლილებები, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა დასჭირდებოდა.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG