- იოჰან ვადეფულმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 17 ნოემბერს დაიწყო.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაირამოვმა და ვადეფულმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის განვითარების საკითხები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა პერსპექტივებზე, რომლებსაც გერმანულ კომპანიებს უხსნის სხვადასხვა პროექტი, მათ შორის „შუა დერეფანი“.
შუა დერეფანი, იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა(TITR) სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის გავლით.
ასევე ნახეთ
„უკან, კულისებში ჩანს“ - „შუა დერეფანი“, მისი აქტორები და საქართველოს პოზიციონირებასააგენტო „აპას“ და სხვა აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ცნობით, 18 ნოემბერს, შეხვედრის შემდეგ ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა განაცხადა, რომ მან და ვედეფულმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე, ომებზე აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, მათთან დაკავშირებულ რისკებზე და ერთმანეთს დაეთანხნენ, რომ სირთულეების მიუხედავად საუკეთესო სცენარია პრობლემების მოგვარება დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით.
ბაირამოვის თანახმად, ამჟამად აზერბაიჯანი-გერმანიის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. უახლოეს ხანში იგეგმება ორი ქვეყნის მიერ 2026 წელს შექმნილი საქმიანი საბჭოს სხდომა.
- ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის საქონელბრუნვამ 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის 9 თვეში - ერთი მილიარდი დოლარი.
- აზერბაიჯანში გერმანული ინვესტიციების მოცულობა 950 მილიონი დოლარია, ხოლო გერმანიაში აზერბაიჯანის - 670 მილიონი. ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ნავთობის სექტორზე მოდის. 2026 წლიდან აზერბაიჯანმა დაიწყო გაზის ექსპორტი გერმანიაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ღია დიალოგი ჰქონდათ პრობლემურ საკითხებზეც.
ვადეფულის განცხადებით, გერმანია დაინტერესებულია აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხების რეალიზებით. სამშვიდობო პროცესისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის ახალი სატრანსპორტო დერეფნები. სამხრეთ კავკასია შესაძლებლობების რეგიონია, სადაც აზერბაიჯანი წამყვან როლს ასრულებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში ევროპა ეძებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გაფართოების შესაძლებლობებს და ამ მხრივ, აზერბაიჯანი საიმედო პარტნიორია. ევროპისთვის მნიშვნელოვანია „შუა დერეფანი“.
ასევე ნახეთ
ევროპის ინტერესებშია, რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა - მინისტრი ვადეფული18 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოდან გაემგზავრა ერევანში, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
აზერბაიჯანსა და სომხეთში მინისტრ ვადეფულის ვიზიტის წინ, 17 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყნები გერმანიის ახლო პარტნიორები არიან და ბერლინი მხარს უჭერს მათ დაახლოებას, რაც პერსპექტივას გაუხსნის რეგიონის მცხოვრებთ და ხელს შეუწყობს სტაბილიზაციას.
- წლების განმავლობაში გერმანიისთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ახლო პარტნიორი საქართველო იყო.
- დღეს გერმანიას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები პრაქტიკულად შეწყვეტილი აქვთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, რომელსაც ევროკავშირი მიიჩნევს მის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შეუსაბამოდ და ანტიდასავლურად.