რუსეთი პოლონეთში დივერსიას ამზადებდა

პოლონეთის პოლიციელები ქვეყნის აღმოსავლეთში. საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სპეცსამსახურები ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში გეგმავდნენ დივერსიას პოლონეთის ტერიტორიაზე, კალინინგრადის ოლქთან ახლოს, რათა ამ აქტზე პასუხისმგებლობა უკრაინისთვის დაეკისრებინათ.

ამ ცნობას ავრცელებს პოლონეთში გამომავალი გაზეთი Rzeczpospolita, ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, გეგმა ითვალისწინებდა საზღვრის შესაძლო გადაკვეთას და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტზე თავდასხმის იმიტაციას. პროვოკაციის აღკვეთა შესაძლებელი გახდა პოლონეთის სპეცსამსახურებისა და არმიის მოქმედებების შედეგად.

მზადებაში მყოფი დივერსიის შესახებ გაფრთხილება პოლონეთმა მიიღო პარტნიორი სახელმწიფოების სპეცსამსახურებისგან. პროვოკაციის შესაძლებლობაზე მიუთითებდნენ პოლონეთის სადაზვერვო უწყებების ანალიტიკოსებიც. ანალოგიური გაფრთხილებები მიიღეს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის სპეცსამსახურებმა.

"გვქონდა ინფორმაცია კონკრეტულ ობიექტებზე, რომლებსაც უნდა დასხმოდნენ თავს. რუსებს დიდძალ მსხვერპლზე ჰქონდათ გათვლა", - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

სხვა პირმა, რომელსაც გაზეთი ელაპარაკა, სავარაუდო დივერსიის აქტი შეადარა გლივიცაში მომხდარ პროვოკაციას - 1939 წლის 31 აგვისტოს ნაცისტების მიერ ინსცენირებულ თავდასხმას რადიოსადგურზე, რაც გერმანიამ პოლონეთში შეჭრისთვის გამოიყენა.

წყარო ამბობს, რომ ოპერაციის მონაწილეები შეიძლებოდა მოეკლათ ან მათთვის შეეთითხნათ უკრაინასთან კავშირის მტკიცებულებები. პროვოკაციის სავარაუდო მიზანი იყო პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარების შეწყვეტა.

ოქტომბრის ბოლოს პოლონეთმა გააძლიერა კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დაცვა.

პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორმა ტომაშ სემონიაკმა Rzeczpospolita-ს დაუდასტურა, რომ ხელისუფლება საფრთხეს რეალურად აღიქვამდა, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

3 ნოემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა საეჭვო აქტიურობაზე კალინინგრადის ოლქთან მდებარე საზღვრის არეალში. მისი თქმით, შუაღამის შემდეგ მესაზღვრეებმა იქ შენიშნეს ფარნებით ხელში მოძრავი ადამიანები.

ასევე ნახეთ

მოლდოვის პრეზიდენტმა მონაცემთა მასშტაბური გაჟონვის შემდეგ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია