ჩინეთში გაიმართა ტრამპის და პუტინის შეხვედრა

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი 19 ნოემბერს ერთმანეთს შეხვდნენ ჩინეთის ქალაქ შენჟენში

19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ისინი შენჟენში იმყოფებიან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობის მიზნით.

ამერიკული და რუსული მედიასაშუალებების კორესპონდენტების ცნობით, ტრამპის და პუტინის შეხვედრა დაახლოებით ორმოც წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, მოკლე განცხადება მხოლოდ ტრამპს ჰქონდა. მან თქვა, რომ პუტინთან მრავალწლიანი კარგი ურთიერთობა აქვს და შეხვედრიდან კარგ შედეგებს ელოდება. პუტინმა მხოლოდ მადლობა თქვა ინგლისურ ენაზე.

დახურულ კარს მიღმა შეხვედრას დაესწრნენ ტრამპის და პუტინის ადმინისტრაციების წარმომადგენლებიც, მათ შორის სახელმწიფო მდივანი რუბიო და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.

  • აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 2025 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა ტრამპმა პუტინს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში უმასპინძლა.

19 ნოემბერს შენჟენში გაიმართება სამმხრივი შეხვედრაც ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით.

ასევე ნახეთ

რას მოელიან ტრამპ-პუტინ-სის სამიტისგან - უფრო სიმბოლური, ვიდრე შინაარსიანი?

18 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შენჟენში შეხვდა ჩინეთის მეთაურ სი ძინპინს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის" უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა განიხილეს უკრაინის საკითხიც და პუტინმა სი ძინპინს უამბო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, უიტკოფსა და კუშნერთან ბოლო კონტაქტების შესახებ.

ასევე ნახეთ

ტრამპის წარმომადგენლები ზელენსკის შეხვდნენ. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს ევროპელები შეუერთდებიან