რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელიან ტრამპ-პუტინ-სის სამიტისგან - უფრო სიმბოლური, ვიდრე შინაარსიანი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში ჩინეთის ქალაქ შენჟენში სამმხრივ სამიტს გამართავენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში ჩინეთის ქალაქ შენჟენში სამმხრივ სამიტს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტს, ჩინეთის მეთაურსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის პირველმა სამმხრივმა შეხვედრამ, რომელიც შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) კონფერენციის ფარგლებში ეწყობა, შესაძლოა მოლოდინი ვერ გაამართლოს, თუმცა შთამბეჭდავია თავისი აშკარად სიმბოლური ხასიათის გამო.

სამმხრივმა სამიტმა, რომლის იდეა პუტინმა ოქტომბერში პირველად შესთავაზა კოლეგებს და ის თეთრმა სახლმა 13 ნოემბერს დაადასტურა, გააჩინა შედარებები მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წელს გამართულ იალტის კონფერენციასთან. ყირიმის საკურორტო ქალაქში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების მეთაურებმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, უინსტონ ჩერჩილმა და საბჭოთა კავშირის მმართველმა, იოსებ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ახალი ტერიტორიულ საზღვრები დაადგინეს. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებისას აზიის და ევროპის სხვა მცირე ქვეყნების ინტერესებისთვის თითქმის არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ფრთხილად უყურებს პუტინის მცდელობებს, ჩამოაშოროს იგი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგების განსაზღვრის პროცესს, CNN-ს განუცხადა: „ჩვენ არ გვსურს მეორე “იალტა.”

არავითარი ახალი იალტა

თუმცა რადიო თავისუფლებას არაერთმა ექსპერტმა განუცხადა, რომ 19 ნოემბერს დაგეგმილი აშშ-ჩინეთ-რუსეთის შეხვედრა მკვეთრად განსხვავდება 81 წლის წინ გამართული ეპოქალური კონფერენციისგან.

„არ მგონია, რომ ეს შედარება სწორი იყოს“, ამბობს ელიზაბეტ ვიშნიკი, ჩინურ-რუსული ურთიერთობების ექსპერტი, რომელიც აშშ-ის შტატ ვირჯინიაში - CNA Corporation-ში საქმიანობს.

„მათ რომც სურდეთ გადაწყვეტილებების მიღება, ვერ შეძლებდნენ მათ განხორციელებას, რადგან მსოფლიო იმ დროის შემდეგ შეიცვალა. ბევრ დამოუკიდებელ აქტორს შესწევს უნარი, ჩაშალოს დიდი სახელმწიფოების გეგმები. შეხედეთ თუნდაც სპარსეთის ყურეს, მაგალითად“.

ბობო ლო, ავსტრალიის ლოუის ინსტიტუტის შტატგარეშე მეცნიერ-თანამშრომელი, აღნიშნავს, რომ ჩინეთი ცდილობს თავი წარმოაჩინოს გლობალური სამხრეთის ლიდერად და მოჩვენებითად ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციაზე.

„იდეა, რომ მსოფლიოს სამი ლიდერი იღებს დიდ გადაწყვეტილებებს გლობალური მმართველობის შესახებ, ეწინააღმდეგება პეკინის მუდმივ ნარატივს და ჩინელები უკიდურესად ფრთხილად უყურებენ ამ იდეას“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

სამ ლიდერს შორის ყველაზე მეტად პუტინი იხეირებს მაშინაც კი, თუ სამიტი არსებითად მცირედს მიაღწევს, განაცხადა ინტერვიუში ციპორა ფრიდმა, ვაშინგტონში მდებარე ჰადსონის ინსტიტუტის მოწვეულმა უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.

„ეს დაეხმარება მას საერთაშორისო პოზიციების აღდგენასა და იმ იზოლაციის გარღვევაში, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა. მას შეუძლია წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინის მომავალზე, ისე, რომ არ მოუწიოს ბრძოლის ველზე დამარცხებაზე ფიქრი“, - თქვა მან.

სისთვის უმთავრესია შეხვედრის სცენარი და მისი რეჟისურა

სი ძინპინისთვის, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრაფოდა, სცენის ეფექტური რეჟისურა უმთავრესია.

სის პრიორიტეტია „წარმატებული შეკრება და დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის ჩვენება. ჩინეთი ყურადღებას გაამახვილებს სიმბოლურობაზე და არა კონკრეტულ მიღწეულ შეთანხმებებზე“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას იუნ სუნმა, ვაშინგტონში მოქმედი სტიმსონის ცენტრის ჩინეთის პროგრამის დირექტორმა.

თავიდან, არც პეკინს და არც ვაშინგტონს პუტინის იდეის მიმართ, გამართულიყო სამიტი, თანხმობა არ უთქვამთ. რუსეთის პრეზიდენტმა ის 9 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას წამოაყენა. ათ დღეში, 19 ოქტომბერს - ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად იყო შეხვედრის გასამართად, თუ სი დათანხმდებოდა.

ჩინეთს სამმხრივი შეხვედრის შესახებ დისკუსიები 4 ნოემბრამდე არ დაუდასტურებია.

მოგვიანებით Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეკინი და ვაშინგტონი ვერ თანხმდებოდნენ შეხვედრის ფორმატზე. ჩინეთს სურდა, შემთხვევითობისგან თავი დაეცვა და ითხოვდა მკაცრად ჩამოწერილ სცენარს წინასწარ განსაზღვრული შედეგით, მაშინ როდესაც ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს უფრო მოქნილ ფორმატს ღია დისკუსიით. ამ შემთხვევაში, პეკინი განსაკუთრებით ისწრაფვის შეხვედრის სცენარის მართვისკენ, რადგან არ სურს, რომ მან დაჩრდილოს APEC-ის მთავარი ღონისძიება, განაცხადა CNA Corporation-ის წარმომადგენელმა ვიშნიკმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა გაუწია წინააღმდეგობა პუტინის მოწოდებას უკრაინაში ომის დასრულების განხილვის თაობაზე.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს სის შეხვდა, გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმ მას უთხრა, კონფლიქტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს ევროპის მონაწილეობას, რადგან ომი პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზეო.

ევროპაში „ჩინეთს განიხილავენ, როგორც უკრაინასთან რუსეთის ომის ხელშემწყობს“ და ამიტომ იგი ფრთხილად უნდა მოიქცეს, ამბობს ვიშნიკი. სამმხრივი სამიტის მასპინძლობა, სადაც ვაშინგტონი, მოსკოვი და პეკინი განიხილავენ ომის დასრულებას უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე, „უბრალოდ გაართულებდა ჩინეთის დიპლომატიას ევროპის მიმართ,“- თვლის ჩინურ-რუსული ურთიერთობების ექსპერტი და დასძენს, რომ ჩინელებს „სურთ უფრო ფართო ფორმატი, რომელიც უკრაინელებისა და ევროპელების ჩართულობას გაითვალისწინებს.“

ტრამპისთვის მთავარი თემა: ბირთვული იარაღის კონტროლია

სი ძინპინისა და პუტინის მიზნებთან შედარებით, ტრამპის მიზნები ამ შეხვედრისთვის ყველაზე მოკრძალებულია. აშშ-ის პრეზიდენტს არ მოუწევს მასპინძლის როლის თამაში სი ძინპინის მსგავსად და არც იმისკენ სწრაფვა, თავი მსოფლიოს წამყვან ძალებთან თანასწორად წარმოაჩინოს, როგორც ეს პუტინის შემთხვევაშია.

ამის ნაცვლად, ტრამპი ბირთვული განიარაღების განხილვას ისახავს მიზნად. ეს ის თემაა, რომლის მიმართაც ის 1980-იანი წლებიდან დიდ ინტერესს გამოხატავს. 1984 წელს, ტრამპმა, მაშინ უძრავი ქონების 39 წლის დეველოპერმა, Washington Post-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას შეერთებული შტატების სახელით საბჭოთა კავშირთან ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება სურდა, და ისიც დაამატა, რომ ამას სწრაფად შეძლებდა.

2019 წელს ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ აშშ-ის ბირთვული სტრატეგია რუსეთთან ტრადიციული ორმხრივი შეიარაღების კონტროლიდან გადაიტანა სამმხრივ ჩარჩოში, რომელშიც მოსკოვი და პეკინიც ჩაერთვებოდნენ.

15 ოქტომბერს, Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: „რა დასანანია ეს ყველაფერი, რადგან, სიამოვნებით შევუდგებოდი ბირთვულ განიარაღებას, ეს რომ შესაძლებელი იყოს. თუმცა, ჩვენ ამ საკითხზე რუსეთსაც ვესაუბრებით და ჩინეთსაც - სწორედ ამ ბირთვული განიარაღების თაობაზე“.

13 ნოემბერს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ოლივია უელსმა განაცხადა, რომ ტრამპი „განიხილავს მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირებას, რომლის გავრცელებაც პრეზიდენტს ძალიან საშიშად მიაჩნია“.

თუმცა ჩინეთი კვლავ ფრთხილობს აშშ-სა და რუსეთთან ბირთვული იარაღის კონტროლის განხილვას.

„ჩინეთის პოზიცია ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ნათელია: რუსეთმა და აშშ-მა, ჯერ თავიანთი, გაცილებით დიდი არსენალები უნდა შეამცირონ", ვიდრე რაიმე სახის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყება, განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ფრიდმა.

ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, „ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის“ (Federation of American Scientists) მონაცემებით, მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის 90 პროცენტზე მეტი სწორედ აშშ-სა და რუსეთზე მოდის. რუსეთს 5420 ბირთვული იარაღი აქვს, ხოლო აშშ-ს - 5042. მათზე ბევრად ნაკლები ბომბი აქვს პეკინს, მხოლოდ 620.

ამასთანავე, პეკინი ზრდის თავის ბირთვულ არსენალს. პენტაგონის შეფასებით, 2035 წლისთვის ჩინეთს 1500 ბირთვული ქობინი ექნება.
პეკინის განცხადებით, ბირთვული პოტენციალის გაზრდა თავდაცვითი ზომაა, რომელიც საპასუხო დარტყმის (მეორე დარტყმის) საიმედო შესაძლებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ჩინეთი იცავს პოლიტიკას, რომელიც ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებას გამორიცხავს (No First Use — NFU) და პირობას დებს, რომ არ გამოიყენებს ატომურ იარაღს და არც მისი გამოყენებით დაემუქრება იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ასეთი იარაღი არ გააჩნიათ, ან იმ ზონებს, რომლებიც ბირთვული იარაღისგან თავისუფალია.

„იარაღის კონტროლის ნებისმიერი სამმხრივი შეთანხმების გზაზე სერიოზული დაბრკოლებები არსებობს, განსაკუთრებით იმ ასიმეტრიის გათვალისწინებით, რომელიც სამ ბირთვულ სახელმწიფოს შორის არის მათი განსხვავებული სტრატეგიული პრიორიტეტების ფონზე. მიუხედავად ამისა, მათ შორის დიალოგი სასარგებლო იქნებოდა“, ამბობს ფრიდი.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევაა, ეს დიალოგი გადაიზარდოს კონკრეტულ მოლაპარაკებებში, რომლებსაც ექნება მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, ორმხრივი ვალდებულებები და შეთანხმებული ჩარჩო. ეს უკანასკნელი კი შესაძლებელს გახდის სამივე ქვეყნის ბირთვულ არსენალებზე მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესებას, რომელთა გადამოწმებაც შესაძლებელი იქნება.

სხვათა შორის, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ორშაბათს განაცხადა, რომ თუ სამი ლიდერი „ნამდვილად აიღებს ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი შემცირების ვალდებულებას, ეს მსოფლიოსთვის დიდი მიღწევა იქნება“.

...და ირანი

სახელმწიფო, რომელსაც არც ბირთვული იარაღი აქვს, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დასუსტებულია, არის ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც კვლავაც არის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა. დასავლეთს აღელვებს თეირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე დაუდგენელია, რა მდგომარეობაშია, განსაკუთრებით შარშანდელი 12-დღიანი ომის მერე, როცა დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, რაც წესით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პროგრამა შეჩერებულია.

ტრამპმა განაცხადა, რომ სამი ლიდერი, სავარაუდოდ, ირანის ომსაც განიხილავს.

ტრამპმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი გაანადგურა, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა ერთი ან ორი სამიზნე, რომლებსაც „უნდა მიხედოს“.

„ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის ბირთვულ განიარაღებაზე, მაგრამ ბევრ სხვა რამესაც განვიხილავთ. ვცდილობთ, ირანში ომი დავასრულოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს კვირას.

ჩინეთი, რომელიც ირანის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია, დიდი ხანია ცდილობს შუამავლობას კონფლიქტში, რომელიც თეირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებმა გამოიწვია.

თვეების განმავლობაში მიმდინარე კრიზისმა, რომელიც დროდადრო მეზობელ ქვეყნებზეც ვრცელდებოდა, შეაფერხა გლობალური საზღვაო გადაზიდვები სპარსეთის ყურეში და მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ამასობაში ჩინეთი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების თავიდან აცილება „უმაღლესი პრიორიტეტია“ და ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და დიპლომატებს უმასპინძლა, რათა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე დაეყოლიებინა.

​
XS
SM
MD
LG