სამიტის დასრულების შემდეგ კრემლმა გაავრცელა „მშვიდობის შესახებ" ლიდერების დეკლარაციის რუსული ტექსტი, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო სააგენტომ Xinhua - ინგლისური. ვაშინგტონს დეკლარაციის ტექსტი ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა არ უარუყვია ჩინეთის და რუსეთის მიერ გავრცელებული დეკლარაციის შინაარსი.
მსოფლიოს სამი დიდი ბირთვული სახელმწიფოს მეთაურების პირველი სამმხრივი შეხვედრის შემაჯამებელი ეს დეკლარაცია 4-პუნქტიანია.
პირველი პუნქტი ეხება გაეროს რეფორმირებას, რათა ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად რეაგირებდეს გლობალურ გამოწვევებზე და შეესაბამებოდეს თავის ფუნდამენტურ მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში.
მეორე პუნქტის მიხედვით, სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქტების წარმოების და მიწოდების გაზრდას „ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ“ და ადასტურებს ენერგორესურსების მიწოდების სტაბილურობის მნიშვნელობას.
მესამე პუნქტში, რომელიც ეხება სახელმწიფოების ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვის მნიშვნელობას, ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სხვა ანალოგიური სტრუქტურები თავიანთ უფლებამოსილებებს „ბოროტად არ უნდა იყენებდნენ“.
ჩინეთის, რუსეთის და აშშ-ის ლიდერებმა დეკლარაციის მეოთხე პუნქტში დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება, ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს და ექნებათ დიალოგი ბირთვული რისკების შესამცირებლად და ბირთვული იარაღის გავრცელების აღსაკვეთად.
დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ომზე უკრაინაში მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ეს თემა განიხილებოდა.
ასევე ნახეთ
ჩინეთში გაიმართა ტრამპის და პუტინის შეხვედრასი ძინპინის, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის „ისტორიული სამიტის" დეკლარაცია ეხება მხოლოდ გაეროს რეფორმირებას, ნავთობპროდუქტების წარმოების და მიწოდების გაზრდას, სახელმწიფოების ოფიციალური პირების იმუნიტეტის მნიშვნელობას და დიალოგს ბირთვული იარაღის რისკების შესამცირებლად.
- რუსეთს, რომელიც აშშ-სა და ჩინეთთან ერთად გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია, არაერთხელ დაურღვევია გაეროს წესდება, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით.
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, უფლებამოსილებებს „ბოროტად არ უნდა იყენებდეს“, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან კავშირის გამო.
- პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული ამერიკელი სამხედროების სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისა და ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების გამო.
- ჩინეთი რუსული ნავთობპროდუქტების აქტიური მომხმარებელია, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო მოქმედი, დასავლეთის სახელმწიფოთა სანქციების მიუხედავად.
- 2026 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციები დროებით მოუხსნა რუსულ დიზელის საწვავს.
- ტრამპის ადმინისტრაციამ ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთა დაასახელა ირანის წინააღმდეგ 2026 წლის თებერვალში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მიზნად.