რუსეთის სმოლენსკის ოლქში შეტევა იყო მსხვილ ქიმიურ საწარმოზე

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სმოლენსკის ოლქში ადრეც დაარტყეს საწარმოებს და ენერგოობიექტებს

20 ნოემბერს აფეთქებები იყო რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ დოროგობუჟის იმ რაიონში, სადაც ქიმიური მრეწველობის მსხვილი ქარხანა მდებარეობს.

ძლიერი აფეთქებების შესახებ სოციალურ ქსელებში წერდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი. ოლქის ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა. უკრაინული და რუსული საინფორმაციო არხების ცნობით, შეტევა იყო ქიმიურ ქარხანა „დოროგობუჟზე“.

პირველი ცნობა, რომ უკრაინის დამრტყმელმა დრონებმა ქარხანა „დოროგობუჟს“ შეუტიეს, შუაღამის შემდეგ გაავრცელა მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ დარტყმა იყო სწორედ ამ ქარხანაზე.

20 ნოემბერს დილით სმოლენსკის ოლქის გუბერნატორ ვასილი ანოხინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონზე მიიტანეს „მასირებული შეტევა“, რომლის შედეგად „დაზიანებულია სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი, ენერგეტიკის ობიექტი და კერძო სახლი“.

გუბერნატორს არ უთქვამს, რომელ რაიონშია ეს ობიექტები და კონკრეტულად რომელი საწარმო დაზიანდა.

ასევე ნახეთ

ენერგოობიექტები, ხიდები, რკინიგზა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა
  • სმოლენსკის ოლქის დოროგობუჟის რაიონში მდებარე ქარხანა მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიების ჯგუფის, „აკრონის" შემადგენლობაშია.
  • „დოროგობუჟი" მინერალურ სასუქებთან ერთად აწარმოებს ამიაკს, ამიაკის სელიტრას და აზოტის მჟავას. ზოგიერთი ეს ნივთიერება ასაფეთქებელი საშუალებების წარმოებისთვის გამოიყენება.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქარხანას 2026 წლის თებერვალშიც დაარტყეს.

რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე საწარმოებზე უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მისი სამიზნეა რუსული არმიის მომარაგებაში ჩართული ობიექტები, მათზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და პასუხიც უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.