„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა სიტყვა. ის მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე. გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა“, - თქვა რევაზ ნადარაიამ.
ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, „ლოგიკური გადაწყვეტილება“ მიიღო სასამართლომ, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ „ერთ მხარედ“ გამოდიან.
„ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაჭარბებაა. ეს უკვე არაფერში არ ჯდება“, - თქვა მოსამართლე ნადარაიამ.
გაძევებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიბილაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მტკიცებულების (დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის) სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა:
„ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, რომ ხუთი მაგალითის ნიმუშზე ვაჩვენოთ, რომ ეს დასკვნა არის „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში დასაბეჭდად მიტანილი მადლობის წერილი“.
ბიბილაშვილის ნათქვამი „ქართულმა ოცნებამ“ გააპროტესტა.
„ითვისებენ სასამართლოს ფუნქციას!..“ - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა, მოსამართლე ნადარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ „სასამართლოს უმყარდება ეჭვი, რომ საქმე გაჭიანურებისკენ მიდის“.
„ბატონი ზაზა ვერ გამოვიდა იქედან, რომ საზოგადოებას მიმართოს. მაშინ გადაგიწყვიტოთ ეს საქმე საზოგადოებამ“, - თქვა მოსამართლემ.
რევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს სხდომათა დარბაზიდან გაძევებით გუშინ, 19 ნოემბერსაც, რამდენჯერმე დაემუქრა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. სასამართლო კოლეგია კი ამ საქმეს ინტენსიურ სხდომებზე იხილავს.
საქმის არსებითი განხილვის სხდომებიდან გააძევეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი. შუამდგომლობის საფუძველზე ნადარაიამ გვარამია სხდომათა დარბაზში დააბრუნა, კოპალეიშვილს კი უარი უთხრა.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.