მოქალაქეებმა შეაგროვეს ხელმოწერები და პატრიარქს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. ისინი ეჭვობენ, რომ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ მიუსაფარ და მიკედლებულ ძაღლებს მასობრივად იჭერს და სასტიკად ანადგურებს. მათი შეშფოთება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ცხოველთა სამარხების აღმოჩენის შესახებ.
ასევე ნახეთ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მასობრივ დახოცვაზე ბრალდებებს უარყოფს„ამასთანავე, მოქალაქეები და ცხოველთა დამცველები მიუთითებენ თავშესაფრების საქმიანობის არასაკმარის გამჭვირვალობაზე, ცხოველების ადგილსამყოფელისა და შემდგომი ბედის შესახებ ინფორმაციის მიღების სირთულეებზე. აგრეთვე თავშესაფრებში მოქალაქეთა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა დაშვების შესაძლო თვითნებურ შეზღუდვებზე“, - წერია პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილში.
თბილისის მერია უარყოფს ბრალეულობას და აცხადებს, რომ თავშესაფრების საქმიანობა სრულიად გამჭვირვალეა. გასულ კვირას 50-მდე მოქალაქემ თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მერიასთან აქციაც გამართა, თუმცა, მერი მათ არ შეხვედრია.
მოქალაქეები საპატრიარქოს მიმართავენ და სთხოვენ თავისი ავტორიტეტი ცხოველების დასაცავადაც გამოიყენოს.
„უმორჩილესად გთხოვთ თქვენთვის მისაღები და მიზანშეწონილი ფორმით აღმოგვიჩინოთ დახმარება, გამოიყენოთ ეკლესიის მაღალი სულიერი და ზნეობრივი ავტორიტეტი და წინ აღუდგეთ ცხოველთა მიმართა ძალადობასა და იმ ადამიანურ ტკივილს, რომელსაც ეს ვითარება იწვევს“, - წერია განცხადებაში.
ცხოველთა უფლებების დამცველები ემხრობიან მიუსაფარი ცხოველების რიცხვის ცივილური მეთოდებით შემცირებას. მათი თქმით, პოპულაციის შესამცირებლად აუცილებელია ამ პოპულაციის ჯერ დათვლა, მერე კი მისი 70 პროცენტის ერთდროულად გასტერილება. ამავე დროს აუცილებელია სახელმწიფო აკონტროლებდეს შინაური ცხოველების გამრავლებას და სჯიდეს იმ მეპატრონეებს, რომლებიც ძაღლებს ქუჩაში ტოვებენ.