ილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უარყოფს ბრალდებებს ძაღლების მასობრივი და მიზანმიმართული დახოცვის შესახებ.
სააგენტო ეხმაურებარ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალას, რომელშიც ჩანს, როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე მოწყობილ ორმოში.
სააგენტოს განცხადებით, კადრებში ასახულია კანონმდებლობით დაშვებული პროცესი, ხოლო ტერიტორია განკუთვნილია თბილისში სხვადასხვა მიზეზით მომკვდარი ცხოველების ნეშტების დასამარხად.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს განმარტებით, სამარხში მოთავსებულია დაავადებების, ავტოსაგზაო და სხვა უბედური შემთხვევების შედეგად, ასევე ბუნებრივი მიზეზებით მომკვდარი ძაღლების ნეშტები.
უწყების განცხადებით, დედაქალაქში ევთანაზიით ყოველწლიურად კვდება ასობით ცხოველი, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით - ათასობით. სააგენტო ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია მის ოფიციალურ ვებსაიტზე.
„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია“, - აცხადებს სააგენტო.
უწყება ასევე ეხმაურება მოქალაქეების მიერ ცხოველთა სამარხების გათხრისა და ნეშტების ამოღების შემთხვევებს. მათი შეფასებით, მსგავსი ქმედებები უკანონოა და სანიტარიულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
სააგენტოს განცხადებით, სამარხების თვითნებურმა გახსნამ და ნეშტების გადაადგილებამ, შესაძლოა, ბიოლოგიური დაბინძურება გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს.
უწყება სამარხების გათხრაში მონაწილე მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმების გავლას ურჩევს.
ამასთან, სააგენტო აცხადებს, რომ უკვე მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს სამარხების გათხრასთან დაკავშირებული ქმედებების შესწავლისა და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით.
„ცხოველთა სამარხთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
რა უძღოდა წინ სააგენტოს განცხადებას
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა კადრები, რომლებშიც, სიუჟეტის მიხედვით, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ღამით ძაღლების ნეშტებს მარხავენ.
საგამოძიებო მასალის გავრცელების შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია გამოაქვეყნეს და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
პეტიციის ავტორები მიუთითებენ მოქალაქეთა მონათხრობებზეც ქვეყნის მასშტაბით ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შესახებ. მათი თქმით, სატელევიზიო კადრებში ისმის კომენტარი, რომ ერთ-ერთი ძაღლის ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო.
„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, - ნათქვამია პეტიციაში.
ცხოველთა უფლებადამცველები პროკურატურისგან მოითხოვენ სამარხის დათვალიერებას, ნეშტების ამოღებასა და დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები და სავარაუდო დრო.
ისინი ასევე ითხოვენ ნეშტებზე მიკროჩიპებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმებას, დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებებთან მონაცემების შედარებას და თითოეული ცხოველის სიკვდილის ან ევთანაზიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლას.
პეტიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა ევთანაზიისთვის გამოყენებული პრეპარატების აღრიცხვისა და ცხოველთა სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკის შემოწმება.
უფლებადამცველები მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს ცხოველთა მიმართ შესაძლო სასტიკი მოპყრობის, ქურდობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბების ნიშნები.
„ჩვენ მოვითხოვთ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას“, - აცხადებენ პეტიციის ავტორები.
შესაძლო ძაღლების მასობრივი დახოცვის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილშიც გავრცელდა.
მაშინ სახელმწიფო უწყებები გამოეხმაურნენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივად დახოცვისა და გორის თავშესაფარში ცხოველების შესაძლო ცოცხლად დაწვის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს.
1 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარი ძაღლები მასობრივად გადაჰყავდათ დასახოცად და განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამა ცხოველების სტერილიზაციას, ვაქცინაციასა და რეგისტრაციას ითვალისწინებდა.
2 აპრილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა, უარყო გორის თავშესაფარში ცხოველების ცოცხლად დაწვის შესახებ ბრალდებები და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო.
იმავე დღეს შიდა ქართლის მიუსაფარი ცხოველების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმაც უარყო ცხოველების უკანონო განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა.
ფორუმი