ტრამპმა პუტინთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "მეგობარი"

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. შენჭენი, 19 ნოემბერი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა ფოტოების სერია, რომელიც ჩინეთის ქალაქ შენჭენში ახლახან გამართულ სამიტს ეძღვნება.

ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელის ჩამორთმევა. ფოტოს აქვს წარწერა: „ჩემი მეგობარი“.

სხვა ფოტოებთან ერთად ასევე გამოქვეყნებულია ტრამპის ფოტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან წარწერით „მეგობრები“ და რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის ფოტო. ამ ფოტოსთან ერთად გამოქვეყნებულია 1943 წელს სსრკ-ის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელმძღვანელების თეირანის კონფერენციის ფოტო. წარწერაზე ვკითხულობთ: „დიდი სახელმწიფოები - 1945, 2026“.

1945 წელს იმავე შემადგენლობის მონაწილეებით (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი) გაიმართა იალტის კონფერენცია- სწორედ მას ადარებდა ზოგიერთი კომენტატორი შენჭენის სამიტს, ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში (გავრცელებული მოსაზრებით, გამარჯვებული სახელმწიფოები იალტაში შეთანხმდნენ გავლენის სფეროებზე). თუმცა ტრამპის კოლაჟში სწორედ თეირანის ფოტოა გამოყენებული.

მარცხნიდან: ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

პუტინზე, როგორც თავის „მეგობარზე“, ტრამპმა შენჭენში განაცხადა რუსეთის ლიდერთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე. კითხვაზე, შეიძლება თუ არა პუტინი ამერიკის მეგობრად ჩაითვალოს, ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის სახელით ვერ ისაუბრებს, მაგრამ პირადად მას რუსეთის პრეზიდენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ამ განცხადებებმა, თუმცა არა პირდაპირ, კრიტიკა გამოიწვია არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაწერა: „უფალმა გვიხსნას ასეთი მეგობრებისგან“, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპს შეუძლია პუტინი რადაც უნდა, იმად მიიჩნიოს, მაგრამ უკრაინაში პუტინს მაინც „მკვლელად“ მიიჩნევენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები ისტორიაში პირველად შეხვდნენ სამმხრივ ფორმატში, შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ოთხპუნქტიანი დეკლარაცია, რომელიც მოიცავს განცხადებას ბირთვული ომის გაუჩაღებლობის შესახებ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კრიტიკას. უკრაინა დოკუმენტში არ არის ნახსენები. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი ამტკიცებდა, რომ უკრაინის შესახებ პუნქტი იყო პროექტში, მაგრამ ის აშშ-ის დაჟინებით ამოიღეს, რაც, მისი თქმით, სწორი იყო.

შეხვედრის იალტის კონფერენციასთან შედარების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას პუტინმა თქვა, რომ იალტაში ცუდი არაფერი ყოფილა, რადგან იქ ნაციზმზე გამარჯვება დააფიქსირეს. ტრამპმა თქვა, რომ „იალტის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, თუმცა პირადად ის ამჟამინდელი სამიტის იალტასთან შედარებაზე არ ფიქრობდა: „ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ წავედი და ვუთხარი ჩემს თავს, რომ შესანიშნავად ვეწყობი ამ ორ ადამიანს“ (პუტინსა და სი ძინპინს).

ასევე ნახეთ

„სი ძინპინმა პუტინს თავისი ადგილი მიუჩინა“ - ოლეგ ჟდანოვი შენჭენის სამიტზე